კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ზედმეტად გადახდილია 527 000 ლარი – აუდიტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესყიდვებზე

04.01.2024 • 10379
ზედმეტად გადახდილია 527 000 ლარი – აუდიტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესყიდვებზე

„შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები ხელოვნურადაა გაზრდილი და შესაბამისად, სამუშაოთა შემსრულებლებისათვის ზედმეტად არის ანაზღაურებული ჯამურად 527 ათასი ლარი“ – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტი.

აუდიტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 – 2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, ანგარიში კი ახლახანს გამოაქვეყნა.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018-2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, განხორციელების, ასევე ხელშეკრულების პირობების შესრულების ეტაპებზე არსებული ნაკლოვანებები“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით:

  • „სააგენტო არ აწარმოებს ბაზრის სათანადო კვლევას, რამაც განაპირობა შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულებების არასწორად განსაზღვრა. შედეგად, უკონკურენტო პირობებში გაიზარდა საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკი.
  • საინჟინრო, არქიტექტურული და არქეოლოგიური მომსახურებების შესყიდვებთან დაკავშირებით (როგორც ტენდერების და კონკურსების, ასევე შესყიდვის გამარტივებული საშუალების გამოყენების შემთხვევებში), ვერ იქნა წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დოკუმენტები. შესაბამისად უცნობია, რას ეფუძნებოდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები.
  • არქეოლოგიური მომსახურებების შესყიდვების სავარაუდო ღირებულებები განსაზღვრულია სააგენტოს არქეოლოგიის სამსახურის მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, რომლებსაც არ ახლავს ბაზრის კვლევის შედეგები და ღირებულებების რესურსული გაანგარიშებები.
  • ტენდერების უმრავლესობაში მონაწილეობა მიღებული აქვს ერთ პრეტენდენტს და გამარჯვებული გამოვლენილია სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებებით“.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ჯამურად 527 ათასი ლარი ზედმეტად არის გადახდილი შემდეგ სამუშაოებზე:

  • ნოქალაქევის კომპლექსის რეაბილიტაცია – 277.8 ათასი ლარი;
  • ოპერის თეატრის რეაბილიტაცია – 228.4 ათასი ლარი;
  • გრაკლიანი გორის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო სივრცის მოწყობა – 20.8 ათასი ლარი;
  • გარდა ამისა, ოპერის თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოებზე დამატებით გამოვლენილ იქნა ზედმეტად გადახდილი 5.1 ათასი ლარი, რომელიც აუდიტის მიმდინარეობისას დაბრუნებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.

„ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები სრული სახით გამოვლინდა ნოქალაქევის კომპლექსის საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების პროცესში. აღნიშნული გარემოება მიუთითებს შესყიდვების პროცესში მონაწილე პირთა შორის შეთახმებული ქმედების რისკზე.“ – აცხადებს აუდიტი.

 

 

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018-2020 წლებში ეროვნულმა სააგენტომ სულ 395 ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც 274 ტენდერში [70%] მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა.

„უკონკურენტო ტენდერების ხვედრითი წილი კიდევ უფრო მაღალია იმ ტენდერების საერთო რიცხოვნობაში, რომელთა მიხედვით შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 100 ათას ლარს, ხოლო იქ სადაც კონკურენცია შედგა, მაღალია დისკვალიფიკაციის შემთხვევათა რაოდენობა“ – აცხადებს აუდიტი.

ანგარიშის მიხედვით სააგენტოს შესყიდვების უმრავლესობის საგანს წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საპროექტო, სარესტავრაციო და ასევე მათთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოები. მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებამდე, შესრულებული სამუშაოების (მცირე მოცულობის გარდა) ექსპერტიზის დასკვნები კი მომზადებულია კერძო საექსპერტო კომპანიების მიერ.

„არცერთ დასკვნაში არ არის განხილული სამუშაოთა ერთეულების ფასების საბაზრო ფასებთან შესაბამისობა – განხილულია მხოლოდ ერთეულების ფასების შესაბამისობა სახელშეკრულებო მონაცემებთან.

რაც შეეხება სამუშაოთა მოცულობების რეალობას, შეუსაბამობები უმნიშვნელო ოდენობებითაა გამოვლენილი და განხორციელებული შესყიდვების დიდი ნაწილის მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ჯამური ღირებულებები უცვლელად არის დადასტურებული სახელშეკრულებო (სატენდერო) ღირებულებებთან მიმართებით.

პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, ფაქტობრივი ჯამური ღირებულება ზუსტად დაემთხვეს საპროექტო ხარჯთაღრიცხვის მონაცემს“ – ასკვნის აუდიტი.

აუდიტი ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ „ცალკეულ შემთხვევებში კონკურენციის შემზღუდველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასევე ზოგადად, ამ სფეროში ბაზარზე არსებულ პოტენციურ მიმწოდებელთა სიმცირე, საშუალებას იძლევა უკონკურენტო პირობებში კონტრაქტი მიიღონ ისეთმა კომპანიებმა, რომელთა მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასი შესყიდვის ობიექტის დაუსაბუთებელი სავარაუდო ღირებულების იდენტურია. ზემოაღნიშნული წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკებს.“

დღეს, 2024 წლის 4 იანვარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, ნიკორწმინდასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია: „გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძეგლს საფრთხე ემუქრება და არის განადგურების რისკის ქვეშ არ შეესაბამება სიმართლეს.“

ამავე განცხადებაში სააგენტო მიუთითებს, რომ „სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია სააგენტოს დაკვეთით 2018 წელს განახორციელა შპს „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“ და ხსენებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 946 175 ლარი.“

აუდიტი თავის შესაბამისობის ანგარიშში [რომელიც 2023 წლის 29 დეკემბერს გამოაქვეყნა] ნიკორწმინდასაც ეხება და აცხადებს, რომ სააგენტოს მხრიდან „პრეტენდენტისადმი მოთხოვნების განსაზღვრისას, კრიტერიუმთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღებით, დაიკარგა 171 ათას 100 ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.“ 

 

მთავარი ფოტო: ნოქალაქევი/კულტურული მემკვიდრეობის პორტალი

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/511025/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: