მთავარი,სიახლეები

ფაროსანას წინააღმდეგ 3,6 მილიონი ლარის პესტიციდს ვიყიდით – სურსათის სააგენტო

08.01.2024 • 1164
ფაროსანას წინააღმდეგ 3,6 მილიონი ლარის პესტიციდს ვიყიდით – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც შეიძენს „პესტიციდს – საქართველოში რეგისტრირებული ფერომონიანი მისატყუარი აზიური ფაროსანას [ყავისფერი მარმარა სუნიანი ბაღლინჯო Halyomorpha halys] მოსაზიდად.“

სააგენტო 200 ათასი ცალი ფერომონიანი მისატყუარის [აზიური ფაროსანას მოსაზიდად დამჭერის გარეშე] შესყიდვას გეგმავს; შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ 600 ათასი ლარია.

პირობის მიხედვით, „ფერომონი უნდა იყოს ორკომპონენტიანი, არ უნდა იყოს თხევად მდგომარეობაში და მოქმედების ხანგრძლივობა უნდა იყოს გახსნიდან არანაკლებ 12 კვირა.“

ფერომონი დამზადებული უნდა იყოს 2024 წელს. ვარგისიანობის ვადა კი უნდა იყოს არანაკლებ 3 წელი.

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 75 კალენდარული დღის მანძილზე.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 24 იანვარს დაიწყება და 29 იანვარს დასრულდება.

სააგენტოს ინფორმაციით, „აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო, ლათ.: Halyomorpha halys) საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და თხილის მოსავალი დააზიანა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას,  კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს“.

აზიური ფაროსანა ზამთარში იძინებს და აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას, შესაბამისად ზარალის მიყენებას სოფლის მეურნეობისთვის.

აზიური ფაროსანასთან საბრძოლველად ბოლო წლებში მილიონობით ლარი დაიხარჯა, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგი არ აქვს. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები თავის დროზე არაეფექტურად შეაფასა სახელმწიფო აუდიტმაც.

თურქული მედიის ცნობით კი, თურქეთში ფაროსანა საქართველოდან 7 წლის წინ შევიდა, მავნებლის რაოდენობა სტაბილურად იზრდება და შავი ზღვის რეგიონში საფრთხეს უქმნის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტს, განსაკუთრებით კი – თხილს.

ამ თემაზე:

საქართველოდან შემოსული ფაროსანა თხილს ემუქრება – თურქული მედია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: