მთავარი,სიახლეები

ბსუ კორპუსის სახურავის აღსადგენად ნახევარ მილიონამდე ლარს დახარჯავს

03.01.2024 • 1135
ბსუ კორპუსის სახურავის აღსადგენად ნახევარ მილიონამდე ლარს დახარჯავს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] მე-2 კორპუსის სახურავის აღსადგენად 445 ათას 8 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ხელშეკრულება შპს „აჭარასთან“ უკვე გაფორმებულია.

სახურავის აღდგენა, ხელშეკრულების მიხედვით, 2024 წლის 28 თებერვლამდე უნდა დასრულდეს.

უნივერსიტეტმა კომპანიასთან ხელშეკრულება ტენდერის გარეშე „გადაუდებელი აუცილებლობით“ გააფორმა 2023 წლის 29 დეკემბერს და შეთანხმებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. სააგენტო საკითხს 5 იანვარს განიხილავს.

„სტიქიის შედეგად მთლიანად დაზიანდა ბსუ-ს მე-2 კორპუსის სახურავი, რომლის გადაუდებელი აღდგენის საჭიროება განპირობებულია იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის უმოკლეს ვადაში აღდგენის, ასევე, შენობაში განთავსებული ლაბორატორიული აღჭურვილობისა და წიგნადი ფონდის ნალექებისაგან დაცვისა და სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის აუცილებლობიდან გამომდინარე.“ – აღნიშნულია ბსუ-ს განაცხადში.

ამავე განაცხადის მიხედვით, „დაზიანებული სახურავის დარჩენილი ნაწილის მდგრადობის შეფასების მიზნით მოწვეული იქნა ინჟინერ – კონსტრუქტორი [ექსპერტი] შოთა კუჭავა, რომლის მიერაც წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ სახურავზე დარჩენილი კონსტრუქციაც არ შეესაბამება ექსპლუატაციის ნორმებს და სრულად საჭიროებს შეცვლას“.

ბსუ-ს ინფორმაციით, „შესყიდული იქნა დაზიანებული სახურავის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 525 519.57 ლარი. ამ დოკუმენტაციის საფუძველზე ჩატარდა ბაზრის მოკვლევა და შეტყობინებები ელ. ფოსტის საშუალებით დაეგზავნა 26 პრეტენდენტს, საიდანაც წინადადებები მოგვაწოდა სამმა პრეტენდენტმა:

შპს „მშენებელთა ჯგუფიმ“-მ – ღირებულებით 511604,98 ლარი, მოწოდების ვადა – 50 დღე;
შპს „აჭარა“-მ – ღირებულებით 445008,81 ლარი, მოწოდების ვადა 60 დღე;
შპს „იორ ბუილდინგ კომპანი-LTD YOUR BUILDING COMPANY“-იმ – ღირებულებით 299376,37 ლარი, მოწოდების ვადა 25 დღე.“

ბსუ-ს მე-2 კორპუსზე აღსადგენი სახურავი / ფოტო პროექტიდან

„დაბალ ფასიან პრეტენდენტს – შპს „იორ ბუილდინგ კომპანი-LTD YOUR BUILDING COMPANY“-ის წერილობით ეცნობა ხელშეკრულების გაფორმებისა და სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების თაობაზე, რაზეც კომპანიამ განაცხადა წერილობითი უარი. გამომდინარე აღნიშნულიდან განხილული იქნა ბაზრის კვლევაში მონაწილე მომდევნო დაბალფასიანი პრეტენდენტის შემოთავაზება, რომელმაც გამოთქვა სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მზადყოფნა, რის საფუძველზეც გაფორმდა ხელშეკრულება“ – აღნიშნულია ბსუ-ს განაცხადში.

ბსუ-ს მეორე კორპუსს სახურავი ქარმა 2023 წლის 24 დეკემბერს გადახადა.

ამ თემაზე:

ქარმა ბსუ-ს სასწავლო კორპუსს სახურავი გადახადა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: