მთავარი,სიახლეები

შავ ზღვაში რუსეთის ადგილი არ არის – ზელენსკის საახალწლო მიმართვა

01.01.2024 • 1024
შავ ზღვაში რუსეთის ადგილი არ არის – ზელენსკის საახალწლო მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტრადიციულ, საახალწლო მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ 2024 წელს რუსეთი იგრძნობს უკრაინის მიერ წარმოებული იარაღის ძალას.

„მომავალ წელს მტერი იგრძნობს შიდა წარმოების რისხვას. ჩვენი იარაღი, ჩვენი აღჭურვილობა, არტილერია, ჩვენი ჭურვები, ჩვენი დრონები, საზღვაო “მოკითხვები” და მინიმუმ მილიონი უკრაინული FPV. ყველაფერი, რითაც გულუხვად გავუმასპინძლდებით ხმელეთზე, ჰაერში და, რა თქმა უნდა, ზღვაზე. ჩვენს შავ ზღვაზე. ამ წელს მტერმა ისე იგრძნო, როგორც არასდროს: მისი ადგილი იქ არ არის. და ჩვენი ქმედებები შავ ზღვაში გახდა რუსული ფლოტის ისტორიის შავი ფურცელი.

ამის „დადასტურება“ ოფიციალურად შეუძლია მათ დიდ სადესანტო ხომალდებს, სარაკეტო და საპატრულო კორვეტებს ზღვის ფსკერზე“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მან საახალწლო მიმართვაში აღნიშნა, რომ 2023 წელს უკრაინაში 6 ათასჯერ გაისმა განგაშის ხმა.

„თითქმის ყოველ ღამე ვიღვიძებდი სირენებისგან, ჩავდიოდით თავშესაფარში, ვიცავდი ჩემს შვილებს მტრის რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან. და ყოველ ღამე და ყოველ დღე ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობდნენ, გმირულად იცავდნენ უკრაინის ცას, რომ გაგვეგო განგაშის შეწყვეტის შესახებ 6 ათასჯერ და შეგვძლებოდა 6 ათასჯერ ამოსვლა თავშესაფრიდან. ზევით ამოსვლა, ცისთვის შეხედვა და ამით კიდევ ერთხელ დამტკიცება – უკრაინელები ტერორზე ძლიერები არიან.

და რამდენი რაკეტაც არ უნდა გაისროლოს მტერმა, რამდენი მასიური და დაუნდობელი დაბომბვა და თავდასხმაც არ უნდა იყოს, ჩვენი, უკრაინელების გატეხის, დაშინების, უკრაინის წაქცევის, მიწისქვეშ ჩარეკვის მიზნით, ჩვენ მაინც ავდგებით, რადგან ის, ვისაც ჩვენს მიწაზე ჯოჯოხეთი მოაქვს, ერთ დღესაც დაინახავს მას საკუთარი ფანჯრიდან“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინის თავდაცვის ძალებს, მოქალაქეებს და ყველას, ვინც უკრაინის გამარჯვებისთვის იბრძვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: