განათლება,მთავარი,სიახლეები

პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო – „რეალურად, ეს ფასადური კონკურსებია“

29.12.2023 • 14949
პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო – „რეალურად, ეს ფასადური კონკურსებია“

მასწავლებელმა თამარ ფაჩულიამ ფოთის პირველ საჯარო სკოლას სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო. ის გასულ წელს მონაწილეობდა კონკურსში, რომელიც სკოლამ ქართული ენისა და ლიტერატურის საათების დასაკავებლად გამოაცხადა.

თამარ ფაჩულია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სასამართლომ კონკურსის მეორე ეტაპის – გასაუბრების ხელმეორედ ჩატარებაზე მიიღო გადაწყვეტილება.

„წელიწადზე მეტია ეს დავა გრძელდება, რადგან სკოლას საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ჰქონდა ჩამოწერილი, რომ კონკურსანტს უნდა ჰქონოდა დოქტორის ხარისხი. გარდა იმისა, რომ ეს ხარისხი მაქვს, ასევე მაქვს მენტორის სტატუსიც.

თუმცა გასაუბრების შემდეგ მიიღეს ის კადრი, რომელსაც არც დოქტორის ხარისხი აქვს და არც ჩემზე მეტი გამოცდილება“, – ამბობს თამარ ფაჩულია.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ კონკურსი იყო არაობიექტური, სასამართლოზე გამოიკვეთა ბევრი პროცესუალური დარღვევა.

„გამოვითხოვე დოკუმენტაცია, სადაც გამოჩნდა, რომ საკონკურსო კომისია შეიქმნა 26 აგვისტოს, კონკურსანტების განცხადებები კი გადაარჩიეს 24 აგვისტოს. ვინ გადაარჩია ეს განცხადებები, თუ კომისია არ იყო?

შეფასება იყო 100-ქულიანი და მე დამიწერეს 95 ქულა. სასამართლოზე ვერ დამისაბუთეს, თუ რაში დამაკლეს ის 5 ქულა.

გარდა ამისა, ბრძანების მიხედვით, კენჭისყრა იყო ფარული, ამათ კი ზეპირად მიიღეს გადაწყვეტილება. ეს და სხვა უამრავი დარღვევა ჰქონდათ, თუმცა ფოთის საქალაქო სასამართლომ მაინც არ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი და ამიტომ მივმართე ქუთაისის სააპელაციოს, რომელმაც დაინახა ეს დარღვევები, დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი და სკოლას გასაუბრების მეორე ეტაპის თავიდან ჩატარება დაავალა.

იმედი მაქვს სკოლა აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და გასაუბრება ხელმეორედ ჩატარდება“, – ამბობს თამარ ფაჩულია.

მისი თქმით, ეს საქმე რეალურად პრეცედენტულია, რადგან, როგორც წესი, მასწავლებლები არასდროს ასაჩივრებენ ხოლმე მსგავსი კონკურსების შედეგებს, რადგან არ აქვთ იმედი, რომ ბრძოლას შედეგი ექნება.

„21 წელია კერძო სკოლის დირექტორად ვმუშაობდი და კარგად ვიცი დოკუმენტებთან მუშაობა. ვიცი საკანონმდებლო აქტებიც და ამიტომ გამოვითხოვე ყველა საჭირო დოკუმენტი სასამართლოსთვის.

რეალურად, ეს არის ფასადური კონკურსები. ვის ვატყუებთ, რატომ ვატყუებთ? ჩვენ მოსწავლეებს რა უნდა ვასწავლოთ, როცა ჩვენ უფროსები ვატყუებთ ერთმანეთს.

მასწავლებელმა უნდა გააკეთოს ეს? და ასე, სიცრუეში გვინდა ცხოვრება? ვიცხოვროთ მაშინ ფასადურ გარემოში და რას მოგვიტანს ეს? განვითარებას და წინსვლას არა, სტაგნაციას მოგვიტანს და ვართ კიდეც ამ სტაგნაციაში.

არის თითქოს რეფორმები და მაინც არ არის არაფერი კარგად გაკეთებული, ვერ განვითარდა განათლების სფერო, რატომ?  იმიტომ, რომ სულ დავა და ომია სკოლის დირექციასა და მასწავლებლებს შორის. ბევრს უჭირს სიახლის მიღება, რადგან არ ჰყოფნის კვალიფიკაცია და ჩვენ მაინც არაკვალიფიციურ ხალხს ვიღებთ ამ სკოლებში.

ისეთ ხალხს აქვს სკოლები ჩაბარებული, საერთოდ არ იციან სკოლის სისტემა და ახლა აკვირდებიან ყველაფერს. რა ქნას იმ სასკოლო საზოგადოებამ, რომელსაც ასეთი ხელმძღვანელი ჰყავს?“ – ამბობს თამარი.

მისი აზრით, განათლების სფეროში რეალური ცვლილებაა საჭირო და არა ფასადური.

„თუ ასე გავაგრძელებთ, წარმატება არ მოვა ამ სისტემაში. როგორი თაობა გვინდა ჩვენ, როგორი მოქალაქე გვინდა მივიღოთ სკოლის დასრულების შემდეგ – თავისუფალი, მოაზროვნე, დამოუკიდებელი, პრობლემის დამოუკიდებლად გადამწყვეტი ადამიანი, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული თუ პირიქით.

როგორ მივიღებთ ასეთ მოქალაქეს, როდესაც ჩვენ თვითონ, მძიმე შეცდომებს ვუშვებთ?“ – ამბობს თამარ ფაჩულია.

რატომ იყო მისი კანდიდატურა დირექტორისთვის მიუღებელი, – ვკითხეთ მას.

თამარ ფაჩულია ვარაუდობს, რომ შესაძლოა ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. ერთი ის, რომ არ არის მმართველი პარტიის მხარდამჭერი. „მე სხვა ღირებულებები მაქვს“, – ამბობს ის და მეორე, ხშირად სკოლაში არ უყვართ მომთხოვნი და პროგრესზე ორიენტირებული ადამიანები.

„მთელი კლანია ჩართული ჩემ წინააღმდეგ. მე დირექტორობის კონკურსშიც ვიღებდი მონაწილეობას და იქაც გასაუბრების მეორე ეტაპზე დამბლოკეს. ეს შედეგებიც მაქვს გასაჩივრებული.

ის ადამიანი კი, ვინც აირჩიეს, გარდა იმისა, რომ სამ სკოლაში მუშაობს, არის მასწავლებელთა სახლის ტრენერი და კიდევ ერთ საბიუჯეტო დაწესებულებაშიც მუშაობს, მორჩილია და რასაც ეტყვიან, იმას შეასრულებს. ცალკე საკითხია ის, რომ ამდენი სამსახური არ ჰყოფნის და ამ სკოლაშიც მოინდომა მუშაობა.

თავის დროზე, როცა სისტემაში შემოდიოდა, მე დავუთმე ამ ადამიანს ჩემი საათები და დავასაქმე. არც ეს ფაქტორი გაითვალისწინეს“, – გვეუბნება თამარი.

თამარ ფაჩულიას უფლებებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნები“ იცავდა.

მისი აზრით, ადამიანმა, მით უმეტეს მასწავლებელმა არ უნდა მოითმინოს უსამართლობა, ჩაგვრა და ყოველთვის უნდა იბრძოლოს ამის წინააღმდეგ.

ფოთის პირველ საჯარო სკოლას ახლა უკვე ახალი დირექტორი ჰყავს. თამარ ფაჩულია იმედოვნებს, რომ ახალი დირექტორი არ წავა სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ და ახალ გასაუბრებას სამართლიანად ჩაატარებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: