ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ყინულის არენისა და აუზის ასაშენებლად ახალ ტენდერს გამოაცხადებენ

03.01.2024 • 12357
ბათუმში ყინულის არენისა და აუზის ასაშენებლად ახალ ტენდერს გამოაცხადებენ

აჭარის მთავრობა ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ყინულის არენის დასრულებასა და იქვე ახალი საცურაო აუზის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. თუ ეს ტენდერი შედგება, მშენებლობის დასრულებას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვე [2,5 წელი] დასჭირდება.

ტენდერის გამოცხადებამდე კი, აჭარის სამთავრობო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ბაზარს იკვლევს.

ბაზრის კვლევის მიზანი გამოსაცხადებელ ტენდერში პრეტენდენტის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებზე [გამოცდილება, კვალიფიკაცია, ფინანსური შესაძლებლობები] დაინტერესებულ პირთა მოსაზრებების გაცნობაა.

ეს მოთხოვნები „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ გასაჯაროებული აქვს და დაინტერესებულ პირებს თავიანთი მოსაზრებების წარდგენა 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში, ლადო ასათიანის 27-ში, აჭარის მთავრობის თავდაპირველი გათვლებით, 2019 წლიდან ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზიც აშენებული უნდა ყოფილიყო; პროექტისთვის ბიუჯეტიდან 29 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, შენობაში კი, დღეს არც ყინულის არენაა და არც აუზი.

მთავარი მოთხოვნა პრეტენდენტის მიმართ იქნება ის, რომ მას „[შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს] 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული ჰქონდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 130 მილიონი ლარის ღირებულების
სამშენებლო სამუშაოები, გარდა სამრეწველო შენობა-ნაგებობებისა და ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობისა“.

სხვა არაერთ მოთხოვნასთან ერთად „შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, არაუმეტეს 1 დასრულებული პროექტის/ხელშეკრულების ფარგლებში უნდა გააჩნდეს დღგ-ს ჩათვლით არანაკლებ 30 მილიონი ლარის ღირებულების სპორტული, სამაყურებლო, კულტურულ-სანახაობრივი ან საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობის მშენებლობის გამოცდილება, რომელიც მიღებულია ექსპლუატაციაში.“

მომავალი პრეტენდენტების მიმართ გაზრდილი მოთხოვნები დაკავშირებულია იმასთან, რომ სამთავრობო კომპანია გამოაცხადებს ერთიან ტენდერს, რომელიც ყინულის არენისა და აუზის პარალელურად სხვა სამუშაოების შესრულებასაც მოიცავს.

ამ ერთიანი ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულს ევალება:

[checklist]

  • ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულება და ახალი საცურაო აუზის მშენებლობა;
  • ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მშენებლობა;
  • ბათუმში, ტბეთის ქუჩა N16-ში საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია;
  • ქობულეთის სოფელ ხუცუბანში მდებარე ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედნის მშენებლობა.

[/checklist]

უცნობია კონკრეტულად როდის და რა თანხით გამოაცხადებენ ტენდერს.

გამოსაცხადებელი ტენდერის პირობების მიხედვით კი:

  • „მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში სრულად შეისწავლოს ყველა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და მასში არსებითი ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ზედამხედველს ან/და შემსყიდველს
    ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღის ვადაში განსახილველად წარუდგინოს გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე არგუმენტირებული ანგარიში;
  • მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში შეიმუშაოს სამუშაოთა წარმოების პროექტი, წარუდგინოს ის ზედამხედველს ან/და შემსყიდველს და უზრუნველყოს მისი შესრულება;
  • მიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს და ზედამხედველს ან/და შემსყიდველს წარუდგინოს სამშენებლო სამუშაოების წარმოების გრაფიკთან მისადაგებული ყოველკვირეული გრაფიკი. ყოველკვირეული გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოში შეფერხების შემთხვევაში, ზედამხედველს უნდა წარედგინოს არგუმენტირებული დასაბუთება;
  • მასალებზე, ნაკეთობებზე ან სამუშაოებზე აუცილებელი ლაბორატორიული კვლევების თაობაზე დოკუმენტაციის უცხო ენაზე შედგენის შემთხვევაში, სავალდებულოა წარმოდგენილი იქნას მისი ნოტარიულად დამოწმებული ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი.“

ამასთან, ტენდერში გამარჯვებული, ძირითადი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ვალდებული იქნება გააფორმოს შესაბამისი დამატებითი ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან „ბათუმში, ტბეთის ქუჩა №16-ში არსებული ორსართულიანი სასტუმროს შენობისა და 1-სართულიანი დამხმარე შენობის (ტრიბუნით) სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების (სახურავის) სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემის თაობაზე“.

ამ დამატებითი ხელშეკრულების პირობა იქნება „არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის დასრულება და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალების და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა“.

ამასთან „სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულება არ იქნება გათვალისწინებული ტენდერით შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში და ის არ ანაზღაურდება. სადემონტაჟო სამუშაოები უნდა დასრულდეს სამშენებლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში.“

მიმწოდებელი ასევე ვალდებული იქნება:

  • „დახურული ყინულის არენის საინჟინრო კომუნიკაციების/სისტემების მოწყობის და სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს, უზრუნველყოს აღნიშნული სისტემების და სამუშაოების, სამშენებლო ობიექტზე უკვე შესრულებულ სამუშაოებთან, დამონტაჟებულ საინჟინრო კომუნიკაციებსა და სისტემებთან თავსებადობა და მთლიანი სისტემის (ობიექტზე უკვე შესრულებული და პრეტენდენტის მიერ შესასრულებელი საინჟინრო კომუნიკაციების/სისტემების) შემსყიდვლისთვის გამართულ მდგომარეობაში ჩაბარება.
  • მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საცურაო აუზის ნაწილზე, უკვე მოწყობილია ხიმინჯების ველი, რომელზეც უნდა განხორციელდეს შენობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა. აღნიშნული გარემოება მიმწოდებლის მიერ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას საგარანტიო ვალდებულებაზე თავის არიდების საფუძვლად.“

გამოსაცხადებელი ტენდერის დღეს არსებული პირობების მიხედვით, მშენებლობის/სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადები ასეა განსაზღვრული:

  • ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში ყინულის არენის დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის მშენებლობისთვის განსაზღვრულია 30 თვე ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან;
  • ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მშენებლობის დასრულებისთვის განსაზღვრულია 24 თვე, ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან;
  • ბათუმში, ტბეთის ქუჩა N16-ში საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციისთვის – 9 თვე;
  • ქობულეთის, სოფელ ხუცუბანში ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედნის მშენებლობისთვის კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვე.

ამასთან, მეტეოროლოგიური მოვლენები ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველი ვერ იქნება.

მიმდინარე 2024 წლიდან აჭარის მთავრობამ საქართველოს მთავრობიდან მიღებული სესხის დაფარვაც უნდა დაიწყოს. 20 მილიონი ლარი აჭარას სწორედ ყინულის არენის პროექტთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად ასესხეს.

„ყინულის არენის“ ვერშემდგარ პროექტს გასულ წელს სახელმწიფო აუდიტიც შეეხო:

ვრცლად ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/474481/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: