მთავარი,სიახლეები

მომხმარებელი „აგროჰაბის“ წინააღმდეგ – „კვერცხში სისხლისფერი სითხე აღმოჩნდა“

29.12.2023 • 9661
მომხმარებელი „აგროჰაბის“ წინააღმდეგ – „კვერცხში სისხლისფერი სითხე აღმოჩნდა“

ბათუმში, 24 დეკემბერს, „აგროჰაბში“ ნაყიდ კვერცხში მომხმარებელმა, ანა ბერძენიშვილმა სისხლისფერი სითხე აღმოაჩინა.

ანა ბერძენიშვილი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა „აგროჰაბს“ ბათუმში და მოითხოვა გაერკვიათ, რასთან ჰქონდა საქმე. მან პროდუქტი სპეციალურ კონტეინერში მოათავსა და შესაბამისი კვლევისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც მიმართა.

ანა დაუკავშირდა სურსათის უვნებლობის სამსახურსაც, ცხელი ხაზის დახმარებით დატოვა შეტყობინება.

„საკითხი ეხება ერთ-ერთ ცნობილ და საზოგადოებისთვის სანდო ჰიპერმარკეტს, სადაც რამდენიმე დღის წინ შევიძინე კვერცხი. შეფუთვაზე მითითებულია, რომ პროდუქტი არის „აგროჰაბის“. როგორც ჩანს, მათი ფერმა აქვთ.

კვერცხის გატეხის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კვერცხში იყო სისხლი. თავიდან იმდენად გაოცებული და შოკირებული ვიყავი, მეგონა ხელი გავიჭერი, მაგრამ ხელში არც ბასრი საგანი მეჭირა და ბუნებრივია, შეუძლებელი იყო კვერცხის ნაჭუჭს გაეჭრა ხელი.

იმ წამსვე მოვახდინე რეაგირება, გადავუღე ფოტო, კვერცხი მოვათავსე სპეციალურ კონტეინერში და ფეისბუქის საშუალებით მივმართე „აგროჰაბს“. გამომეხმაურნენ, დამირეკეს და მკითხეს, იყო თუ არა პროდუქტი ნამდვილად მათთან შეძენილი, მქონდა თუ არა სალაროს ქვითარი. რა თქმა უნდა, ორივე გადავუგზავნე და ბათუმის ფილიალიდან დამირეკა წარმომადგენელმა. სანამ მივიდოდი ჰიპემარკეტში, მივმართე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რომ ჩაეტარებინა კვლევა, თუ რისგან შედგებოდა კვერცხის შიგთავსი, იყო თუ არა დარღვეული შენახვის პირობები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ანა ბერძენიშვილი, რომელიც პროფესიით იურისტია.

ანა ბერძენიშვილი დიდი ხანია „აგროჰაბის“ მომხმარებელია. ამბობს, რომ მისთვის, როგორც მომხმარებლისთვის, მნიშვნელოვანი იყო ქსელის პოლიტიკა, რომ „აგროჰაბი“ მომხმარებელს ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს. აქ ის და მისი ოჯახის წევრები ხშირად ყიდულობდნენ როგორც მზა, ასევე მალფუჭებად რძის პროდუქტებსაც და მისთვის ამ დრომდე არასდროს დამდგარა დღის წესრიგში „აგროჰაბის“ სანდოობის საკითხი.

ანა „ბათუმელებთან“ ხაზგასმით ამბობს, რომ მისი მიზანი არ არის რომელიმე ქსელის რეპუტაციული დაზიანება, მას სჭირდება პასუხი, რა იყო პროდუქტში.

პროდუქტი, რომელიც ანამ „აგროჰაბში“ შეიძინა, ამავე ქსელს ეკუთვნის და არ არის სხვა ბრენდის, ე.წ. შეტანილი პროდუქტი. შეფუთვაზევე მითითებულია, რომ ეს არის „აგროჰაბის“ ფერმის კვერცხი.

დაუყოვნებლივ ზომების მიღების მიუხედავად, ანამ ბათუმში ვერ იპოვა უწყება, რომელიც მომხდარზე ეფექტურ რეაგირებას მოახდენდა, დაინტერესდებოდა და ნიმუშს შეისწავლიდა. 

ბათუმში სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ კვერცხის შიგთავსის ექსპერტიზაზე ანას უარი უთხრა:

„აღმოჩნდა, რომ ბათუმში ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი მომსახურება არ ჰქონდა. ამიხსნეს, რომ ასეთი კვლევა ტარდებოდა მხოლოდ თბილისში და ბათუმის ბიურო ვერ გამიწევდა მომსახურებას“.

ამის შემდეგ ანა ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც მას ასევე უთხრეს, რომ მსგავსი მომსახურება არ აქვთ და სურსათის უვნებლობის ეროვნულ სამსახურში გადაამისამართეს.

„სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს მომსახურება ბათუმში, მაგრამ მითხრეს, რომ იქ კვერცხის ნიმუშს ვერ მივიტანდი, მხოლოდ ცხელი ხაზით შემეძლო შეტყობინების დატოვება. მანამდე, როგორც გითხარით, „აგროჰაბს“ მივმართე. შემხვდა „აგროჰაბის“ წარმოების უფროსი და ვესაუბრე მას, შემხვდა ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი“.

ანას თქმით, „აგროჰაბის“ წარმომადგენელს მისთვის არ გამოურთმევია არც კვერცხის ნიმუში და არც შეფუთვა, სადაც კვერცხი იყო მოთავსებული. მას მხოლოდ ის ჰკითხეს, როდის შეიძინა პროდუქტი, ჰქონდა თუ არა სალაროს ქვითარი და სხვა კვერცხების შიგთავსში იყო თუ არა იგივე მდგომარეობა. ამ გარემოების გათვალისწინებით ანას უჩნდება კითხვა – რეალურად გეგმავს თუ არა „აგროჰაბი“ ან მაკონტროლებელი ამ წარმოებაზე ექსპერტიზის ჩატარებას.

„შესაძლოა ფერმა შემოწმდეს, მაგრამ კონკრეტულად ამ სერიაზე, ამ წარმოებაზე თუ არ ჩატარდა ექსპერტიზა, კვლევა, ან ნიმუშის აღება, შეუძლებელია დადგინდეს თუ რამ გამოიწვია ეს.

თვითონ პროცესის მიმართ მაქვს კითხვის ნიშნები, მათ გადაუღეს და დაიტოვეს მხოლოდ ფოტოები. ეს პროცესი იმთავითვე აჩენს კითხვის ნიშანს, თუ კვლევა არ ჩატარდება კონკრეტულად ამ ნიმუშზე, როგორ შეიძლება რეალური დასკვნის დადება, მაშინ როცა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სხვა სერიას პრობლემა არა აქვს და ეს რაღაც ჩვეულებრივი კვერცხია. მათი მხრიდან ველოდები ოფიციალურ პასუხს“.

სურსათის უვნებლობის სამსახურში მომხმარებელს უთხრეს, რომ რეაგირებასთან დაკავშირებით პასუხს ათ სამუშაო დღეში გასცემენ. იგივე უთხრეს ამ სამსახურში „ბათუმელებსაც“.

„ჩაინიშნეს ჩემი ნომერი, ელექტრონული ფოსტა გამომართვეს და მითხრეს, რომ ათი დღის განმავლობაში დამიკავშირდებოდნენ. თუმცა გავიმეორებ, რომ მათ სხვა კითხვა, გარდა იმისა, თუ სად შევიძინე, რომელ ჰიპერმარკეტში ეს კვერცხი, არ დაუსვამთ. ვსაუბრობ ნიმუშის დატოვებაზე, ნიმუშთან დაკავშირებით კვლევის ჩატარებაზე. არ უკითხავთ ან რა წარმოების კვერცხი იყო, ან ფერმა სად არის, ან როდის შევიძინე.

შეუძლებელია მთელი პროცესი შემოწმდეს იმ ქარხანაში, სადაც ეს კვერცხია წარმოებული. ამ პროცესში, პროცედურების გარკვევაში, დამჭირდა დაახლოებით მთელი დღე სტრუქტურიდან სტრუქტურაში სიარული. ვისთვის უნდა მიმემართა, რა ფორმით უნდა მიმემართა. მთელი დღე ამ კვერცხით დავდიოდი“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

„აგროჰაბი“ ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში. ანას თქმით, როგორც გაირკვა, საქართველოში მძიმე და პრობლემატური საკითხია იმის გარკვევა, საწარმოო პროცესი იყო თუ არა დარღვეული.

ანას, როგორც მომხმარებელს, ამ ამბის შემდეგ, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, დაუცველობის განცდა აქვს.

„მე არა ვარ ექსპერტი ან სპეციალისტი. არ შემიძლია ვთქვა, ეს რა იყო, იყო ძალიან უსიამოვნო და გამიჩინა დაუცველობის განცდა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ამ პროდუქციას მოვიხმარ.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ პროდუქტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, შესაძლებელია სხვადასხვაგვარადაც იყოს გამოყენებული. როგორც თერმულად დამუშავებული, ასევე შემწვარი სახით.

რომ წარმოვიდგინოთ საკითხის სიმწვავე, მე რომ ეს კვერცხი მომეხარშა და მიმეცა ბავშვისთვის, ჩემთვის ის თვალხილული ეფექტი, რომ კვერცხი მთლიანად სისხლისფერი შეფერილობის სითხით იყო დაფარული, არ იქნებოდა ცნობილი. შეიძლებოდა პირდაპირ ასე გადამეცა და მომეხმარა მცირეწლოვანი ბავშვისთვის.

არ ვიცით ეს რას გამოიწვევდა, თუმცა, ვიცით ისეთი დაავადებების შესახებ, რომლებიც პირდაპირი წესით, თუ ეს დაუდასტურდა ქათამს, ან იმ ფერმაში დადასტურდა ეს დიაგნოზები, პირდაპირ გადადის ადამიანზე“.

„ბათუმელების“ კომენტარისთვის „აგროჰაბს“ დაუკავშირდა, თუმცა აქ კომენტარი ვერ მივიღეთ, პირად საუბარში კი გვითხრეს, რომ ფერმა და ფერმაში წარმოებული პროდუქტი ლაბორატორიულად ყოველდღე მოწმდება. აქ ასევე გვითხრეს, რომ შესაბამის განმარტებას მომხმარებელს მიაწვდიან.

მოგვიანებით „აგროჰაბმა“ შემთხვევასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდა კომენტარი:

„კომპანია აგროჰაბი მუდმივად იცავს მომხმარებლის ინტერესებს, მკაცრი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს ყველა პროცესი, პროდუქტის წარმოებიდან დაწყებული რეალიზაციამდე, თუმცა არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც და ასეთ დროსაც სწრაფ რეაგირებას ვახდენთ, რომ ჩვენი მუდმივი მომხმარებელი იყოს ინფორმირებული და კმაყოფილიც.

რაც შეეხება კონკრეტულად კვერცხის ქეისს, აგროჰაბის ქათმის ფერმაში, დარგის სპეციალისტები ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებენ, როგორც ფრინველის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე მათ საკვებ რაციონს.

მსგავსი შემთხვევა კვერცხთან დაკავშირებით არ გვქონია, პირველი შემთხვევაა, როდესაც მომხმარებელმა გატეხის დროს შეამჩნია ცილაში სისხლჩაქცევა, ვიზუალურად ამის დანახვა  შეუძლებელია, სპეციალისტებმა პირველ ეტაპზე გაგვიკეთეს ზეპირი განმარტება, რომ კვერცხში აღმოჩენილი სისხლჩაქცევა შესაძლოა უკავშირდებოდეს ფრინველის საშვილოსნოს მექანიკურ დაზიანებას, რაც არანაირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ამის შესახებ პირველ რიგში მივაწოდეთ ინფორმაცია მომხმარებელს, რასაც ასევე დავუდასტურებთ ლაბორატორიაში გავლილი კვლევის შედეგებით, რომელსაც, რა თქმა უნდა გავუზიარებთ“, – განმარტეს „აგროჰაბში“.

ანა ამბობს, რომ „აგროჰააბმა“ განმარტება მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდა, როცა გაიგო, რომ ამ თემით მედია დაინტერესდა.

„სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ასეთ შემთხვევებს იგნორირებას უკეთებს და არანაირ ქმედებას არ მიმართავს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ მომხმარებელი ბოლომდე მიჰყვა ამ შემთხვევას და მედიასთანაც ითანამშრომლა“, – ამბობს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე.

მისივე განმარტებით, პროცედურულად უმჯობესი იქნებოდა ანას თავიდანვე მიემართა სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის. „ამით ის თავიდან აირიდებდა ზედმეტი დროის კარგვას“.

რაც შეეხება რეაგირებას, ვახტანგ კობალაძის განმარტებით, სააგენტომ უკვე თავისი რესურსით უნდა გადაამოწმოს ეს შემთხვევა.

„10 სამუშაო დღე მგონი არ არის ჯერ გასული. მომხმარებლისგან სააგენტო ამ შემთხვევაში ნიმუშებს არ იღებს, მიდის ობიექტში, რომელსაც უჩივიან – შესაბამისი კონტროლი უნდა განახორციელოს, როგორც ამას საჭიროდ ჩათვლის. ზოგ შემთხვევაში ნიმუშს აიღებს, ზოგ შემთხვევაში საწარმოო პროცესის ინსპექტირებას ჩაატარებს.

ის, რომ სააგენტომ მომხმარებელს არ გამოართვა ნიმუში, არ არის დარღვევა. მთავარია, ინფორმაცია მიიღო იმ კონკრეტული პროდუქტის შესახებ – გაარკვია, სად იყიდა ეს. შემდეგ თვითონ უნდა აიღოს ნიმუში. ექსპერტიზის ჩატარება კი მოთხოვნაზეა დამოკიდებული – ნებისმიერი ლაბორატორიის მომსახურებას, სახელმწიფო ლაბორატორია იქნება ეს თუ კერძო. ეს ყველაფერი თანხასთან არის დაკავშირებული, ამიტომ თუკი იქნება მოთხოვნა და ვინმე ამაში ფულს გადაიხდის, მაშინ ლაბორატორიებსაც ექნებათ იმის მოტივაცია, რომ დანერგონ შესაბამისი კვლევები. სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას აქვს მსგავსი კვლევები – ის, რომ ყველა ტიპის კვლევა იყოს ხელმისაწვდომი ნამდვილად საჭიროა, მაგრამ ჩვენ სხვა რეალობა გვაქვს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: