ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“

28.12.2023 • 21313
ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებისთვის როდის დაიწყებენ ბინების გადაცემას, ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კვლავ არ აკონკრეტებენ. სამინისტროდან „ბათუმელებმა“ ვერც ის ინფორმაცია მიიღო, თუ როდის ჩაიბარებს აშენებულ კორპუსებს.

ამ კორპუსებში 582 ბინაა, რომლებიც პირველ ეტაპზე უნდა გადაეცეთ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთ.

აჭარის ხელისუფლებისგან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები იმ ოჯახების სიასაც ითხოვენ, რომლებსაც პირველ ეტაპზე გადასცემენ ბინებს, ასევე ითხოვენ საგარანტიო ხელშეკრულებების გაფორმებასაც, თუმცა მთავრობა ასეთ სიას არ ადგენს და არც ხელშეკრულებებს აფორმებს. მოსახლეობა პერიოდულად აქციებსაც მართავს ამ მოთხოვნებით.

„დაგვპირდნენ, რომ პასუხს მივიღებდით ჩვენს მოთხოვნებზე. დამიბარეს და მინისტრის ხელმოწერილი წერილი გადმომცეს, სადაც მხოლოდ კრიტერიუმებია და მეტი არაფერი. ასეთი წერილი ამ ეტაპზე 50-მდე ოჯახს დაურიგეს, როგორც სამინისტროში მითხრეს. დანარჩენებიც მიიღებენო… ჩვენ სიას და საგარანტიოს ვითხოვდით“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს ბინები უნდა გადასცენ, აჭარის მთავრობას 2022 წლის მაისიდან აქვს შემუშავებული. ამ დრომდე მთავრობაში აცხადებდნენ, რომ, პირველ რიგში, ბინები, პრიორიტეტების შესაბამისად, შშმ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ. გადაეცემოდათ.

თუმცა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის მიერ ხელმოწერილი წერილით, ირკვევა, რომ „ოცნების ქალაქში“, პირველ რიგში, ბინებს ოჯახები „ტერიტორიული პრინციპით“ მიიღებენ. ანუ ის ოჯახები, რომლებიც იმ ადგილებში ცხოვრობენ, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობებისთვის [გზის, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისა და ა.შ. მოსაწყობად] უნდა გამოთავისუფლდეს.

ამავე წერილშია ის კრიტერიუმებიც, რომელთა არსებობის შემთხვევაში „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახი ბინას ვერც პირველ და ვერც მეორე ეტაპზე ვერ მიიღებს.

ამ წერილის მიხედვით, „სამუშაო ჯგუფის მიერ ე.წ „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ პროგრამის (შემდგომში პროგრამა) მოსარგებლედ განისაზღვრა ოჯახი, რომლის შემადგენლობა აღწერილია და რეგისტრირებულია სამუშაო ჯგუფის მიერ და მათ მიერ დაკავებულ საცხოვრისს მინიჭებული აქვს ნომერი (2019 წლის მდგომარეობით).

ასევე, განისაზღვრა პროგრამაში მონაწილეობის გამომრიცხავი კრიტერიუმები (გარემოებები), რომელთა არსებობის შემთხვევაში ოჯახი ვერ ისარგებლებს პროგრამით.“

კერძოდ, მინისტრის წერილის მიხედვით, „ოცნების ქალაქში“ ბინას ვერ მიიღებს:

  • „ოჯახი, რომელსაც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საკუთრებაში გააჩნია თვითმმართველ ქალაქში [თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი] მდებარე უძრავი ქონება;
  • ოჯახი, რომელმაც 2019 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ გაასხვისა თვითმმართველ ქალაქში [თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი] მდებარე უძრავი ქონება;
  • ოჯახი, რომელსაც 2017-2021 წლებში უწყვეტად მიღებული აქვს 40 000 [ორმოცი ათასი] ლარი და მეტი შემოსავალი;
  • ოჯახი, რომელმაც ისარგებლა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით;
  • ოჯახი, რომელსაც სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის მიერ გადაეცა საცხოვრებელი ბინის, სახლის, მიწის, განსახლების კომპენსაცია არანაკლებ 25 000 [ოცდახუთი ათასი] ლარისა ან/და საცხოვრებელი ფართობი.“

მინისტრის წერილში ასევე განმარტებულია, რომ „დადგენილი კრიტერიუმების მიზნებისათვის ოჯახი შედგება სამუშაო ჯგუფის მიერ რეგისტრაციის შედეგად ანკეტურ მონაცემებში აღწერილი პირებისაგან, აგრეთვე აღწერის შემდეგ დაბადებული ბავშვისა და ქორწინების საფუძველზე შემატებული წევრისაგან.“

პროგრამით მოსარგებლე ოჯახებისათვის კი, პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, დადგენილია შემდეგი რიგითობა.

კერძოდ:

  1. „საცხოვრებელი კომპლექსის მეორე ეტაპის მშენებლობისათვის და მიმდინარე მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი სივრცის (გზა, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა და ა.შ.) მოწყობისათვის გამოსათავისუფლებელ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები (ტერიტორიული პრინციპით);
  2. ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი;
  3. ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  4. ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია სპეციალური სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე პირი (პირი, რომელსაც არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. თუმცა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს ხანგრძლივ ან და მუდმივ სამედიცინო მომსახურებას);
  5. მარტოხელა მშობელი;
  6. მარჩენალდაკარგული;
  7. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირი;
  8. მრავალშვილიანი ოჯახი (3 და მეტი არასრულწლოვანი შვილი);
  9. ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არაუმეტეს 120 000 სარეიტინგო ქულით;
  10. მრავალსულიანი ოჯახი (7 და მეტი წევრი);
  11. ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია ომის ვეტერანი ან მასთან გათანაბრებული პირი;
  12. ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია საპენსიო ასაკის პირი;
  13. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი;
  14. ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი;
  15. იპოთეკით დაზარალებული ოჯახი (ოჯახი, რომელმაც იპოთეკის გამო დაკარგა საცხოვრებელი სახლი).“

მინისტრის წერილში აღნიშნულია, რომ თუ ოჯახი აკმაყოფილებს „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ პროგრამის კრიტერიუმებს, პროგრამის განხორციელების პირველ ან მეორე ეტაპზე დააკმაყოფილებენ საცხოვრებელი ბინით, ზემოთ აღნიშნული პრიორიტეტული რიგითობის გათვალისწინებით.“

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მეორე ეტაპის სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის, თუმცა განაშენიანების კონცეფცია ქალაქის საკრებულოს დამტკიცებული აქვს.

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე „განაშენიანების დეტალური გეგმისა და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში“ კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „ნიუ სითი დეველოფმენთისთვის“ 991 ათას 200 ლარი აქვს გადახდილი.

ეს დოკუმენტაცია თავის დროზე ბათუმის მერიას გადაეცა, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოში შესაბამის პროცედურებს გადიოდა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად.

„რაც შეეხება ბინების გადაცემას, ყველა, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მიიღებს ბინას. იცით, რომ კრიტერიუმებით პრიორიტეტი ენიჭება ოჯახს, სადაც არის მაგალითად შშმ პირი, მრავალშვილიან ოჯახს და სხვა. ეს კრიტერიუმები არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამა თუ იმ ოჯახის მდგომარეობა ამ კრიტერიუმებთან მიმართებაში, ამიტომ, დღეს რომ სია შევადგინოთ, ხვალ შეიძლება ის შესაცვლელი გახდეს… შესაბამისად, ვიდრე არ დასრულდება მშენებლობა და არ გაფორმდება მიღება-ჩაბარება, სიაც არ იქნება“, – განაცხადა მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტის წარდგენისას.

ამ თემაზე ვრცლად:

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: