მთავარი,სიახლეები

შვილები, რომლებიც მშობლების კონტროლს ცდილობენ

27.12.2023 • 4055
შვილები, რომლებიც მშობლების კონტროლს ცდილობენ

ბევრჯერ მომისმენია – „ჩემი შვილი რას იტყვის“, „ამის ჩაცმის ასაკი აღარ მაქვს, ჩემს შვილებსაც არ მოეწონებათ“, „მე კი მინდა ვიყიდო, მაგრამ არ ვიცი ბავშვებს თუ მოეწონებათ“, „არ გამიშვა ბიჭმა, რა დროს ესააო“… სულ ვიცოდი, რომ ასეთი ფრაზების უკან კარგი არაფერი იდგა, მაგრამ ბოლო დრომდე მგონი, მაინც ვერ ვხვდებოდი, რამდენად ცუდი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს.

დაჰკვირვებიხართ, ჩვენს გარშემო, არც ისე იშვიათად, როგორი ნორმალიზებულია მშობლების, განსაკუთრებით ასაკოვანი მშობლების „კონტროლის“ მცდელობა შვილებისგან? 

თუ გინახავთ შეწუხებული, წარბშეჭმუხნილი, იმაზე დაფიქრებული მშობლები – ნეტა, ჩემი შვილი ამაზე თუ იმაზე, რას იტყვისო?

დაახლოებით ერთი წლის წინ, მახსოვს, წვიმიანი დღე იყო. იჯდა გარემოვაჭრე ხანდაზმული ქალი ბათუმის ქუჩაში, სიცივეში, სახეაჭარხლებული, ცელოფნით გადახურულ დახლთან. ცელოფანი შემოეხვია ფეხებზე, ზურგსა და ხელებზე, წვიმისგან რომ დაეცვა თავი. ნაირ-ნაირ ყვავილებსა და სანთლებს ჰყიდდა.

ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და თქვენზე თუ მომიყვებით-მეთქი, ვკითხე. ბევრი არ უფიქრია, მალევე დამთანხმდა. ისე სწრაფად მიყვებოდა ამბებს საკუთარ თავზე, ოჯახზე და ოჯახის წევრების საერთო გასაჭირზე, თითქოს ერთი საუკუნე ელოდა, რომ ეს ყველაფერი ვინმესთვის ეამბო. უნდოდა ყველასთვის ეთქვა, რატომ იდგა მრგვალ, ერთ მხარეს ჩატეხილ მაგიდაზე დალაგებული ყვავილებისა და სანთლების უკან ქუჩაში, წვიმაში, ქარში, დარსა თუ ავდარში.

იმ დღეს სხვა გარემოვაჭრეების ჩაწერაც მინდოდა, მაგრამ ძალიან წვიმდა, დავსველდი, შემცივდა და წამოვედი. გარემოვაჭრე ქალიც სველი იყო და ჩემზე მეტადაც სციოდა, თუმცა მითხრა – სახლში ჯერ ვერ წავალ, იქნებ ერთი ქოთანი ყვავილი მაინც გავყიდოო.

მის შესახებ მომზადებული ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე დამირეკა მისმა შვილმა. გაგიჟებული იყო. „დედაჩემს რომ გადაუღეთ, ვის ჰკითხეთ?!“ თავიდან მეგონა სწორად ვერ გავიგე რას მეკითხებოდა ეს კაცი და გამეორება ვთხოვე. მას სჯეროდა, რომ 75 წელს მიტანებული ქალის ჩასაწერად მხოლოდ ქალის ნებართვა არ იყო საკმარისი და შვილისთვისაც, ანუ მისთვისაც უნდა მეკითხა. ვიდეოს ჩახსნას გვთხოვდა. მირეკავდა და მირეკავდა. არაფრის ახსნა არ ჭრიდა. ბოლოს რედაქტორსაც ესაუბრა და ისევ გააფთრებული იმეორებდა – „მე რატომ არ მკითხეთ?!“

დარწმუნებული ვარ, რომ იმ ქალის ნავაჭრი ყველა თეთრი შვილს ხმარდებოდა.

ცხადია, ვიდეო არ წაგვიშლია.

ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. გასული შემოდგომის მიწურულს ხულოში, ღორჯომის ყიშლაზე მემთეურების გადასაღებად ავედი. იალაღზე გატარებული თვეების შემდეგ ახლა უკვე ყიშლაზე ითვლიდნენ ქალები სოფელში დაბრუნებამდე დარჩენილ დღეებს.

ბევრ ქალს შევხვდი და ბევრი ამბავი მოვისმინე. მიუხედავად იმისა, რომ ხულოში გავიზარდე, ყიშლაზე ბევრი არაფერი ვიცოდი და ჩემთვისაც ახალი იყო ყველაფერი, რაც იქ ვნახე და მოვისმინე.

ვიტყოდი, რომ ჩემმა ასვლამ ძალიან გაახარა ქალები, რადგან ბევრი არც არავინ მიდიოდა იქ, მიუხედავად იმის, რომ სოფლამდე რამდენიმე კილომეტრი აშორებდათ.

იქვე გადავწყვიტე, რომ რასაც გადავიღებდი, შემდეგ პატარა ფილმის სახე მიეცემოდა და ცხადია, ქალებს შევუთანხმე კიდეც. ყველა დამთანხმდა, მიმიღეს და გულწრფელადაც მესაუბრნენ.

ხულოდან ბათუმში დაბრუნებულს მონტაჟისთვის საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა და დაახლოებით 10 დღის შემდეგ გამოვაქვეყნეთ ვიდეო. გამოქვეყნებიდან მალევე დამირეკა ერთ-ერთი, საკმაოდ ასაკოვანი მემთეური ქალის შვილმა – „შენ ვინ ხარ გოგო, დედაჩემს რომ სწერ და არ მეკითხები?!“ – მიყვიროდა კაცი ტელეფონში. ავუხსენი, რომ მისი ნებართვა არაფერში მჭირდებოდა და გავუთიშე.

ისევ დამირეკა. მემუქრებოდა, ხულოში საერთოდ ვეღარ ამოდგამ ფეხსო. ითხოვდა მასალა ჩაგვეხსნა, სანამ „ჭკუას სხვა ფორმით“ გვასწავლიდა. ზუსტად არ ვიცი რას გულისხმობდა.

ცხადია, მასალა არ წაგვიშლია და ხულოშიც ხშირად დავდივარ.

რამდენიმე თვის წინ კი ერთი ქალი ჩავწერე. მარტოხელა დედა სამი შვილით, რომელსაც მძიმე წარსულის ფონზე წარმოუდგენლად ეჩვენებოდა გეგმების განხორციელება.

სტატიის ბმული რომ გავუგზავნე, მადლობაო – მომწერა და კეთილი სურვილების გაცვლით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მაგრამ რამდენიმე საათში მასალის წაშლის თხოვნით მომიბრუნდა. შეტყობინებას შეტყობინებაზე მიგზავნიდა. „შვილები თუ გყავს გაიგებ“ – მწერდა.

პარალელურად მომწერა მისმა შვილმა და ჰო, მეც გავიგე. ქალი სტატიის წაშლას ითხოვდა იმიტომ, რომ შვილებმა წარსულზე ღიად საუბარი არ მოუწონეს. არ მოუწონეს მოყოლა, როგორ წვალობდა, ათენებდა ღამეებს შრომაში, წლობით ათრევდა სიმძიმეებს და ასე ცდილობდა არაფერი მოეკლო შვილებისთვის.

ცხადია, სტატია არ წაგვიშლია.

რამდენიმე კვირის წინ, ისევ ვიფიქრე გარემოვაჭრეები ჩაგვეწერა. წინასწარ გავიგე ერთი გარემოვაჭრის შესახებ და პირდაპირ მასთან გავედი. ჩაგეწერები, მაგრამ არ გადამიღო ფოტო ან ვიდეო და არც ჩემი სახელი დაწეროო. ვკითხე, რატომ არ გინდათ-მეთქი?

„ჩემი ბაღანა გადაირევა“, – მიპასუხა ქალმა.

და კიდევ ერთი ამბავი.

ჩემ ნაცნობ, ასაკოვან ხულოელ ქალს სიყვარულის საოცარი ისტორია აქვს. სულ მინდოდა ამის შესახებ დამეწერა. დავურეკე, შევუთანხმდი და მასთან წავედი. სანამ ამბის მოყოლაზე გადავიდოდა ქალი, სახლში მისი შვილიც მოვიდა. როცა გაიგო რას ვაპირებდი, ამ თემაზე კითხვების დასმა ამიკრძალა. კატეგორიულად მითხრა, არ მინდა ასაკოვანმა დედაჩემმა მის სიყვარულზე ილაპარაკოს ახლაო. უხეშად მიმართა მოხუც დედასაც – „რისთვის გცალია?“

ეს იმ ამბების არასრული ჩამონათვალია, რომელში მონაწილე ყველა შვილი ფიქრობს, რომ მათი მშობლები ვის რას ეტყვიან, რას ჩაიცვამენ, სად წავლენ, ვახშმად რას მოამზადებენ, მათ უნდა შეუთანხმონ.

ამის ყურება ძალიან მტანჯველია ჩემთვის, მით უფრო მაშინ, როცა ვხვდები, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი მშობლების რიცხვი შესაძლოა ძალიან დიდი იყოს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: