მთავარი,სიახლეები

10 დღეა ქმარი დავასაფლავე და ქუჩა-ქუჩა ვარ ახეტებული, წასასვლელი არსად მაქვს – 65 წლის ქალი

26.12.2023 • 10734
10 დღეა ქმარი დავასაფლავე და ქუჩა-ქუჩა ვარ ახეტებული, წასასვლელი არსად მაქვს – 65 წლის ქალი

65 წლის შუშანა დეკანაძეს წასასვლელი არსად აქვს. ათი დღეა, რაც მეუღლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაეცვალა და სრულიად მარტოდ დარჩა.

შუშანა და მისი მეუღლე ოცი წელია ნაქირავებში ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ქირის გადახდა უჭირდათ. „ხან სად ვიყავით და ხან სად“, – ამბობს შუშანა.

მარტოხელა და უსახლკარო ქალს არც სამუშაო აქვს, არც სოციალური შემწეობა და არც თავშესაფარი. ამბობს, რომ სასოწარკვეთილია და არ იცის, ვის კარებს მიადგეს.

„არავინ მყავს, არც დედა, არც ძმა, არც შვილი და არც ძმისშვილი, ვის მივადგე. არ მაქვს არსად წასასვლელი. თავი როგორ მოვიკლა…“ – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

„თავშესაფარი არსად მაქვს, რომ ერთი ღამე თავისუფლად დავიძინო. ათი დღეა, რაც ქმარი დავასაფლავე და ასე ვარ ქუჩა-ქუჩა ახეტებული. ორი დღეა მულთან ვარ, მაგრამ რამდენი ხანი უნდა ვიყო აქ? მულს თავისი ოჯახი აქვს.

არც მაზლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ შემიფარონ. მათი პრობლემები აქვთ, სამ-სამი ოჯახი ცხოვრობს ბინაში.

მეუღლე მძიმე ავადმყოფი იყო. რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა ბოლო წლებში და ძალიან გამიჭირდა, რადგან წამლის ფულიც არ გვქონდა.

საავადმყოფოდან რომ წერდნენ, წასასვლელი არსად გვქონდა და ექიმს ვთხოვე, ერთი-ორი დღე ზედმეტად გაეჩერებინა. ბოლოს ბიძაშვილთან გამოვიყვანე და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა კიდეც. ის წავიდა თავის გზაზე და მე დამტოვა ასე ღია ცის ქვეშ. სად წავიდე ვის მივმართო, ჩემთვის არაფერია. გული გახეთქაზე მაქვს“, – ამბობს შუშანა დეკანაძე.

კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია მისი უსახლკარობა, შუშანა ამბობს, რომ მუშაობის მიუხედავად ვერ შეძლო ბინის შეძენა.

ამბობს, რომ ახალგაზრდა ასაკში წამოვიდნენ ხულოდან. ქმრის ოჯახში ცხრა ადამიანი ცხოვრობდა და არ იყო შესაფერისი გარემო ცხოვრებისთვის, მეწყერსაშიში ზონა იყო.

„ბათუმში ჩემი მეუღლე წყალმომარაგების სამსახურში მუშაობდა მძღოლად, ხელფასი დაბალი ჰქონდა და ძლივს გვყოფნიდა. მეც, ხან ფაბრიკაში ვმუშაობდი, ხან სად და ასე გაგვქონდა თავი. გვყავდა შვილიც, თუმცა ცხრა თვის იყო, როცა გარდაიცვალა.

ქირის გადახდა ძალიან გვიჭირდა. ერთი ძმა მყავდა, რომელსაც ბინა ჰქონდა. შვილი არც მას ჰყავდა და შემომთავაზა, გადმოდი ჩემ ბინაში საცხოვრებლადო. 1999 წელს ძმა გარდამეცვალა და ერთი წლის შემდეგ, რძალმა გარეთ გამომაგდო.

სასამართლომ მემკვიდრედ რძალი ჩათვალა და ასე დავრჩით ქუჩაში მე და ჩემი მეუღლე ისევ“, – გვეუბნება შუშანა.

მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, როცა შუშანას მეუღლე მძიმედ გახდა ავად და მედიკამენტების შესაძენად და ოპერაციებისთვის ფული დასჭირდათ.

„ხან ერთ ნაქირავებში ვიყავი, ხან მეორეში, ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ. აღარ ვიცოდი ავადმყოფი ქმარი სად წამეყვანა.

ათი დღეა რაც ქმარი დავკრძალე და ასე ვარ ქუჩა-ქუჩა. ორი დღეა მულმა შემიფარა, მაგრამ სულ აქ ხომ არ ვიქნები? სად წავიდე, ღამის გასათევი არ მაქვს. ქუჩაში ხომ არ გავგორდები?

პენსია მაქვს 280 ლარი და ეგ არის. ერთი პერიოდი სოციალური დახმარება მქონდა და ისიც მომიხსნეს“, – ამბობს შუშანა.

შუშანა დეკანაძე

წელიწად-ნახევარია ბათუმში მყოფი უმაღლეს საბჭოს და ბათუმის მერიის შენობებთან საპროტესტო აქციას მართავენ და ხელისუფლებას მათი პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.

აქციებში შუშანაც მონაწილეობდა, თუმცა მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ დაინტერესებულა ქუჩაში მყოფი უსახლკარო ხალხით  და არც კი გამოსულა მათთან დიალოგზე.

„ხომ აცხადებს ღარიბაშვილი, არცერთი უსახლკარო არ უნდა იყოს საქართველოშიო, ჩემნაირები უნდა იყვნენ ქუჩაში?

ჟურნალისტები დაინტერესდნენ  მხოლოდ ჩვენი მდგომარეობით, ხელისუფლებიდან არავინ. რა ვქნა, წყალში ჩავვარდე და თავი მოვიკლა? ქმარი კი წავიდა თავის გზაზე, მაგრამ მე დავრჩი შარაზე. ხან ვისთან ვარ, ხან ვისთან.

ავადმყოფი ქალი ვარ, დიაბეტიანი. ნუთუ ისე გაუჭირდა ამხელა აჭარას, რომ ერთი ოთახი არ შეუძლიათ მომცენ, რომ დავლაგდე და მშვიდად დავიძინო?

[ღამის] თავშესაფარში მე ამ ხნის ქალი ვერ წავალ. საღამოს შევიდე და დილით გამოვიდე, ქუჩაში ვიდგე ავადმყოფი ქალი?“ – გვეუბნება შუშანა დეკანაძე.

მისი თქმით, წლების განმავლობაში მისი და მისი მეუღლის შემოსავალი იმდენად მწირი იყო, რომ ვერ შეძლეს საკუთარი საცხოვრებლის შეძენა, ახლა კი სიბერის წლებიც ქუჩაში, მარტოობაში უნდა გაატაროს.

„ცხოვრება ჰქვია ამას?… ეს არის ცხოვრება. უბრალოდ, ცოცხლობ და სუნთქავ“, – ამბობს შუშანა.

___

მკითხველის თხოვნით ვაქვეყნებთ შუშანა დეკანაძის ანგარიშის ნომერს

ლიბერთი ბანკი: GE44LB0211138656590000

მიმღები: შუშანა დეკანაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: