მთავარი,სიახლეები

რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძსა და ახლო მდებარე სოფლებში

26.12.2023 • 2381
რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძსა და ახლო მდებარე სოფლებში

აჭარაში, კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნა.

რა ღირს დასვენება წელს კურორტზე?

გოდერძიზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმრო „ამბასადორი გოდერძია“. ნომრების ღირებულების გასარკვევად სასტუმროს მიღება-განთავსების მენეჯერს, ირაკლი იაკობაშვილს ვესაუბრეთ.

„საახალწლო პერიოდში, რა თქმა უნდა, ფასები გაზრდილია. ორადგილიანი ნომრის ღირებულება იწყება 250 დოლარიდან. ერთადგილიანი ნომრის ღირებულება საახალწლო პერიოდში 230 დოლარია, შარშან 170 დოლარი იყო. საახალწლო პერიოდი როცა მთავრდება, ფასები მცირდება და ორადგილიანი ნომრის ღირებულება იქნება 190 დოლარი, ერთადგილიანის – 170 დოლარი“, – გვითხრა ირაკლი იაკობაშვილმა.

მენეჯერის თქმით, შარშან, დეკემბერში, კურორტზე თოვლი არ იყო, ამიტომ ამ პერიოდში სასტუმროს დიდი დატვირთვა არ ჰქონია: „წელს თოვლი ადრე მოვიდა, უკვე დეკემბრის შუა რიცხვებში იყო თოვლი კურორტზე. რა თქმა უნდა, სტუმრების რაოდენობამ იმატა და დეკემბრის თვეში სასტუმრო 30-40 პროცენტით იყო დატვირთული.

საახალწლო ჯავშნებს რაც შეეხება, სასტუმრო თითქმის სრულად დაჯავშნილია, სულ რამდენიმე ნომერია დარჩენილი“ – ამბობს მენეჯერი.

„ბათუმელები“ კურორტ გოდერძის დირექტორს, მალხაზ მახარაძესაც ესაუბრა.

„გზა არის და მანქანები მოძრაობენ ჩვეულებრივად, ამ საკითხში შეფერხება არ გვაქვს. ასფალტი არ არის, მაგრამ გზა, წყალი და შუქი არის კურორტზე“, – გვითხრა კურორტის დირექტორმა

სათხილამურო ტრასები და საბაგირო კურორტზე მთის კურორტების მართვის კომპანიის დაქვემდებარებაშია.

„ყველა საბაგირო და ყველა სასრიალო ტრასა ფუნქციონირებს სრულყოფილად“, – გვითხრეს მთის კურორტების მართვის კომპანიის პრესსამსახურში.

საბაგიროს ფასი გოდერძიზე იგივე რჩება წელს, რაც გასულ წელს იყო. საბაგიროს ერთხელ გამოყენების ფასი 5 ლარია, მთელი დღით ულიმიტო პაკეტი 30 ლარი ღირს, ერთკვირიანი – 160 ლარი, ზამთრის სეზონის ულიმიტო პაკეტი კი – 325 ლარი.

კურორტ გოდერძისთან ახლო მდებარე სოფლებში ბევრი საოჯახო სასტუმროა, რომლებიც მზად არიან მომხმარებლების მისაღებად.

კურორტი გოდერძისკენ მიმავალ გზაზე დანისპარაული ბოლო სოფელია. ინდირა პაქსაძე ამ სოფლის მკვიდრია, იგი საოჯახო სასტუმროს 2018 წლიდან მართავს. ინდირა ფიქრობს, რომ გასულ წელთან შედარებით წელს უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლებათ.

როგორც ინდირა პაქსაძემ გვითხრა, ერთი ადამიანის განთავსების ღირებულება კვების გარეშე 40 ლარია, სამჯერადი კვებით კი – 60 ლარი.

„ჯავშნები გვაქვს და კარგი სეზონი გვექნება, იმედია. გასულ წელს ბევრი დამსვენებელი იყო, მაგრამ ბოლოს ბევრი ნალექი მოვიდა, გზების პრობლემები შეიქმნა და ვეღარ მოდიოდნენ ტურისტები.

კვების გარეშე გასულ წელს 30 ლარი იყო ჩვენთან გაჩერება და ახლა 40 ლარამდე გავზარდეთ. სამჯერადი კვებით ფასი იგივე დარჩა, 60 ლარი“, – გვეუბნება ინდირა.

ამ საოჯახო სასტუმროს აქვს ავტომანქანით მომსახურების სერვისიც მომხმარებლებისთვის, რომელთაც მაღალი გამავლობის ავტომობილები არ აქვთ.

„მანქანით მომსახურება ჩვენთან კურორტამდე და უკან 25 ლარი ღირს“, – ამბობს ინდირა პაქსაძე.

ბევრ საოჯახო სასტუმროს შეხვდებით სოფელ რიყეთშიც, რომელიც დანისპაულის შემდეგ ყველაზე ახლოს მდებარეობს კურორტთან.

„საოჯახო სასტუმრო მაქვს უკვე მეორე წელია. ახლა არ მყავს ტურისტები, მაგრამ გვაქვს ჯავშნები ახალი წლისთვის, იანვრის დასაწყისში და კიდევ ველოდები ჯავშნებს.

ფასებს რაც შეეხება, კვების გარეშე ერთ პერსონაზე გვაქვს 30-ლარიანი მომსახურება, ხოლო ჩვენი კვებით – 60-ლარიანი. კვებაში შედის ადგილობრივი კერძები, ბორანო, სინორი და რაც ენდომება დამსვენებელს.

ვინც ნომერს არ იღებს კვებასთან ერთად, გვაქვს კეთილმოწყობილი სამზარეულო, რომ მოამზადონ საკვები.

შარშან ძალიან ცუდი გზები იყო და ტურისტებიც ნაკლებად იყვნენ. წელს კიდევ არა უშავს გზებს და მეტ ტურისტს ველოდებით. გზასთან დაკავშირებული პრობლემები ჯერჯერობით მოგვარებული და მოწესრიგებულია და ვნახოთ შემდეგში როგორ იქნება“, – გვითხრა საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ რიყეთში, მაგული ართმელაძემ.

ავტომანქანის მომსახურება აქ 50 ლარი ღირს – „ეს ფასი არ არის გათვლილი თითო პერსონაზე. შეიძლება 4-მა ადამიანმა ისარგებლოს მანქანით და 50 ლარის ფარგლებში ავიდნენ და ჩამოვიდნენ“.

მაგული ართმელაძეს მომსახურების იგივე ფასები აქვს წელს, რაც გასულ წელს ჰქონდა.

___________________________

მთავარი ფოტო: ირაკლი მამფორია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: