მთავარი,სიახლეები

თევზჭერის ელექტროშოკური აპარატის დამზადება და შენახვა დასჯადი ხდება – პროექტი

26.12.2023 • 788
თევზჭერის ელექტროშოკური აპარატის დამზადება და შენახვა დასჯადი ხდება – პროექტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს თევზჭერის იარაღების რეგულირებას და დადგენილი წესების დარღვევისთვის შესაბამის პასუხისმგებლობებს განსაზღვრას.

ცვლილებების პროექტი მთავრობამ 25 დეკემბერს გამართულ სხდომაზე  მოიწონა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ მართალია, წელს ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერა გახდა სისხლის სამართლებრივად დასჯადი, თუმცა მაკონტროლებელ ორგანოს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აქვს გარკვეული გამოწვევები აღსრულების კუთხით, ვინაიდან, დღევანდელი რეგულაციით, საჭიროა ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ადგილზე დადასტურება, რაც გარკვეული გამოწვევაა.

„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბრაკონიერების მიერ თევზჭერის უკანონო იარაღის – ელექტროშოკური აპარატის ბრუნვა ხდება დასჯადი და ამ მიმართულებით შემოდის საჯარიმო სანქცია იარაღის კონფისკაციასთან ერთად“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღეს მოქმედი ნორმების მიხედვით, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება, თუ მას უშუალოდ უკანონო თევზჭერის დროს დააფიქსირებენ შესაბამისი სამსახურები, ხოლო თვითნაკეთი ელექტროშოკის აპარატის დამზადება, შენახვა, გადატანა არ ითვლება სამართალდარღვევად, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის მაკონტროლებელ ორგანოს ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლაში.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა-გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

ცვლილებები კონტროლის გამკაცრებისა და უკანონო თევზჭერის პრევენციის შესაძლებლობას მისცემს როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ასევე საპატრულო პოლიციის – აცხადებს სამინისტრო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: