მთავარი,სიახლეები

რას წერს შშმ უფლებადამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს

26.12.2023 • 750
რას წერს შშმ უფლებადამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს

„თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარჩენალდაკარგული პირი ერთდროულად ორივე სოციალური პაკეტით არ სარგებლობს, მას პრაქტიკულად ერთმევა სრულფასოვანი და თანასწორი განვითარების შესაძლებლობა,“ – წერს ესმა გუმბერიძე ამიკუსში [სასამართლოს მეგობრის მოსაზრება] საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

ესმა გუმბერიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებადამცველია, მან ამიკუსი მოსამართლეებს სახალხო დამცველის სარჩელზე მისწერა, რომლითაც გასაჩივრებულია „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ჩანაწერი. ამ ჩანაწერის მიხედვით, „დაუშვებელია ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღება.“

ამ წესიდან გამომდინარე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც, ასევე, ექცევა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირთა წრეში, ერთდროულად ვერ სარგებლობს სოციალური პაკეტითა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით. ასევე: „როდესაც პირს წარმოეშობა უფლება, მიიღოს რამდენიმე სარგებელი, მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი სარგებლის მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად.“

ესმა გუმბერიძე, ამიკუსში, პირველ რიგში, ყურადღებას არასრულწლოვან შშმ პირებზე ამახვილებს:

„როდესაც არასრულწლოვანი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, იღებს შესაბამის ფულად გასაცემელს და მას წარმოექმნება დამატებითი სოციალური პაკეტის მიღების საფუძველი, კერძოდ, გახდება მარჩენალდაკარგული [ან პირიქით, მარჩენალდაკარგული ბავშვი გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი], მან უნდა აირჩიოს რომელიმე ერთი სოციალური პაკეტი,“ – წერს ამიკუსში ესმა გუმბერიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

ესმა გუმბერიძე მოსამართლეებს ასევე სწერს, რომ პარლამენტს ამ პრობლემის შესახებ უკვე მიმართა:

„განცხადების საპასუხოდ განმემარტა, რომ სოციალური გასაცემლების ადმინისტრირებისას, დადგენილია ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც გულისხმობს პენსიის და სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღების შეზღუდვას. ლეგიტიმურ მიზნად დასახელდა საბიუჯეტო სახსრების ამოწურვადობა, სამართლებრივ ბაზაში ერთიანი მიდგომის აუცილებლობა და მანამდე მოქმედი პრინციპების ანალოგიური ნორმების განსაზღვრა,“ – აღნიშნულია ამიკუსში.

შშმ უფლებადამცველი საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ახსენებს ევროპულ პრაქტიკას:

„…ბრიტანეთის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახებს [მინიმუმ ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრულით ან ბავშვით] სჭირდებათ დამატებით 975 ფუნტი თვეში, რომ ჰქონდეთ იგივე ცხოვრების დონე, როგორც ოჯახებს, რომელშიც არ ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი არასრულწლოვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხება. 18 წელს მიუღწეველი პირი თითქმის სრულად არის დამოკიდებული ოჯახის მხარდაჭერაზე. იმ შემთხვევაში, თუ ის ერთი ან ორივე მშობლის გარდაცვალების შემდეგ მხარდაჭერის სისტემას დაკარგავს, სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არასრულწლოვანის სრულფასოვან განვითარებაში მონაწილეობა მიიღოს.

თანასწორობის პრინციპი უპირველესად სახელმწიფოს ბოჭავს ვალდებულებით, რომ ანალოგიურ გარემოებებში მყოფ პირებს მოეპყროს ერთნაირად, ხოლო განსხვავებულ გარემოებებში მყოფ პირებს-განსხვავებულად – არ დაუშვას არსებითად თანასწორობის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით.

სადავო ნორმის დისკრიმინაციულობის შესაფასებლად, აუცილებელია დიფერენცირების ლეგიტიმური მიზნის დასახელება. ერთდროულად ორი სოციალური პაკეტის გაცემაზე უფლების შეზღუდვა, შესაძლოა სახელმწიფო ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით იყოს განპირობებული, თუმცა, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა ყოველთვის არ წარმოადგენს უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს. როგორც აღინიშნა, სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრულფასოვანი და თანასწორი განვითარებისთვის. ამასთან, სახელმწიფომ უნდა შექმნას განსაკუთრებული პირობები მარჩენალდაკარგული არასრულწლოვნის განვითარებისათვის,“ – წერს ამიკუსში ესმა გუმბერიძე.

ამიკუსში ესმა გუმბერიძე საუბრობს ევროპულ გამოცდილებაზეც, როცა შშმ პირები რამდენიმე სარგებელს ერთდროულად იღებენ:

„ნორვეგიაში – შშმ ხანდაზმულს პირს, რომელიც არის 62 წელზე მეტი ასაკის, უფლება აქვს აიღოს სახელმწიფო პენსია, რომელსაც შეუთავსებს შშმ პირისათვის განსაზღვრულ სარგებელს.

დანიაში არსებობს შშმ პირთათვის ხანდაზმულობის საპენსიო სქემა (Senior Pension), რომელიც იძლევა შრომის ბაზრიდან უფრო ადრე გასვლის საშუალებას, ვიდრე ეროვნული ხანდაზმულობის პენსია.

ესტონეთში, საპენსიო ასაკის პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის გამო შემწეობა მიზნად ისახავს დამატებითი ხარჯების დაფარვას და, შესაბამისად, შემწეობის დაფარვა ნაწილობრივ დამოკიდებულია შშმ ტიპზე [და დამხმარე აღჭურვილობის ტიპზე, რომელიც საჭიროა ყოველდღიური ცხოვრებისათვის].

იტალიაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც ადრე ჰქონდათ „შშმ“ პენსია ან შემწეობა, ავტომატურად ეძლევათ უფლება მიიღონ შემცვლელი სოციალური დახმარება, როდესაც ისინი გახდებიან 67 წლის.

პოლონეთში ხანდაზმულობის პენსია ავტომატურად ენიჭება იმ ადამიანებს, რომლებიც იღებენ შშმ პენსიას საპენსიო ასაკის მიღწევამდე, რომლებსაც აქვთ სრული ან ნაწილობრივი შრომისუუნარობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც შეფასებულია საპენსიო ასაკის მიღწევამდე.

გერმანიაში ხანდაზმულობის პენსიის საშუალო ოდენობა მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იყო 1184,75 ევრო თვეში 2020 წელს. გარდა ამისა, ეროვნული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ დამატებითი შემოსავალი შშმ სპეციფიკური ასაკობრივი პენსიის მიღებისას, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე,“ – აღნიშნულია ესმა გუმბერიძის ამიკუსში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: