ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სოფლებში გზების გაწმენდა დილიდან განახლდება – აჭარის მთაში ინტენსიურად თოვს

24.12.2023 • 12621
სოფლებში გზების გაწმენდა დილიდან განახლდება – აჭარის მთაში ინტენსიურად თოვს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის მაღალმთიან სოფლებში ამ დროისთვის ინტენსიურად თოვს, თუმცა გადაადგილების სერიოზული პრობლემები ამ ეტაპზე არ არის.

„ხულოში, დაბაში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს, სოფლებში კი, 50 სანტიმეტრს გადააჭარბა; შუახევის სოფლებში – 40 სანტიმეტრს. თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდებოდა მთელი დღის განმავლობაში. სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზები ყველგან გაწმენდილი იყო, თუმცა, ვინაიდან ამ წუთებში ინტენსიურად თოვს, სამუშაოები დილიდან განახლდება“ – გვითხრეს დეპარტამენტში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვს ქედაშიც და ხელვაჩაურის მაღალმთიან ზონაშიც [მაჭახლის ხეობაში], ამიტომ, ტექნიკა მობილიზებულია და საჭიროებიდან გამომდინარე დილიდან სამუშაოები აქაც დაიწყება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით კი, ამ დროისთვის [20:40 სთ] ელექტროენერგია  მთლიანად მიეწოდება ქედის მუნიციპალიტეტს [ყველა სოფელს].

„შუახევშიც სოფლები ფაქტობრივად სრულად არის ჩართული, ოლადაურის მიმართულებაა გათიშული; ცუდი ამინდის გამო თუ დღესვე ვერ მოხერხდა [რაც სათუოა], დილიდან განახლდება მუშაობა.

ხულოში რამდენიმე ავარიაა, თუმცა მასშტაბური გათიშვა არ არის. ვმუშაობთ და აქაც უამიმდობის გამო თუ ვერ მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სრულად, შეიძლება დარჩეს დიდაჭარის და რიყეთის მიმართულება“ – გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

მთავარი ფოტო: მაღალმთიანი აჭარა / 24.12.2023 / ფოტო: აჭარის გზების დეპარტამენტი

 

სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში უამინდობა 25 დეკემბერს გაგრძელდება, 26 დეკემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა; 27 დეკემბერს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

წვიმა და ძლიერი ქარი იყო წუხელ ბათუმშიც. ქალაქში ახლაც წვიმს. მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.

ამ თემაზე

https://batumelebi.netgazeti.ge/news/509955/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: