მთავარი,სიახლეები

იანვრიდან გზების ნაწილზე მოძრაობისთვის ზამთრის საბურავები სავალდებულო იქნება-ახალი კანონი

24.12.2023 • 8267
იანვრიდან გზების ნაწილზე მოძრაობისთვის ზამთრის საბურავები სავალდებულო იქნება-ახალი კანონი

საავტომობილო გზების იმ მონაკვეთებზე და ადგილებში, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს, ზამთრის პერიოდში [1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე] ავტოტრანსპორტის მოძრაობისას მისი ყველა თვალი ზამთრის საბურავებით უნდა იყოს აღჭურვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარი იქნება.

ამასთან, კანონში აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს აღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული პერიოდიც“.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება უკვე შეულია და ის 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ახალი ცვლილებით, „განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა დანაყოფმა შეიძლება დააწესოს დამატებითი მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების შესახებ“.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლებს და ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის წესს მთავრობა განსაზღვრავს.

კანონში ასევე ჩაიწერა, რომ „ზამთრის პერიოდში გადაადგილებისას დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა [განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იგი ზაფხულის საბურავებით არის აღჭურვილი]. შესაბამისად, ამ დროს მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს სატრანსპორტო საშუალების ყველა თვლის ზამთრის საბურავებით აღჭურვის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, − აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების საჭიროება“.

ცვლილებების კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, ხოლო პარლამენტში მისი ინიციატორი საქართველოს მთავრობა იყო.

ახალ კანონში აღნიშნულია, რომ „შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა 2024 წლის 1-ელ იანვრამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.“

ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც:

  • სატრანსპორტო საშუალების გზის იმ მონაკვეთებზე მართვა, სადაც ზამთრის საბურავები [ან/და ჯაჭვები] აუცილებელია, მაგრამ ეს მოთხოვნა არ იქნება დაცული, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;

ამასთან, „პოლიცია უფლებამოსილია გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდოს იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის თვალი/ბორბლები არ აკმაყოფილებს ზამთრის საბურავით აღჭურვისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“.

100 ლარით დაჯარიმების დროს, კანონით ასევე შეიძლება:

  • „სამართალდამრღვევს დროებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებამდე ჩამოერთვას შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე.
  • სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება.
  • სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება მისი ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში.“.

განახლება

უკვე ცნობილია იმ გზების მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება.

საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გზის მონაკვეთები, სადაც ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, ნახეთ ამ ბმულზე:

გზების ჩამონათვალი, სადაც I ინვრიდან სავალდებულია ზამთრის საბურავები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: