ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 8 მილიონს უტენდეროდ დახარჯავს – გამოფენები უცხოეთში

25.12.2023 • 11214
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 8 მილიონს უტენდეროდ დახარჯავს – გამოფენები უცხოეთში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საერთაშორისო გამოფენებსა თუ ფორუმებში მონაწილეობისთვის ასევე სხვადასხვა აქტივობისთვის, რაც რეგიონის პოპულარიზაციის კუთხით არის დაგეგმილი, 2024 წლის განმავლობაში 8,2 მილიონ ლარს დახარჯავს. ამ თანხაში შედის ადგილობრივი ტურისტული ბაზრის კვლევისა თუ სხვა მომსახურების შესყიდვაც.

დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 8 მილიონ 275 ათასი ლარი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიხარჯება. დეპარტამენტმა თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში თვლიან, რომ შესაბამისი შესყიდვები „ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით, გამოიწვევს ჩასატარებელი ღონისძიებების არსებითად შეფერხებას“.

2024 წლისთვის დაგეგმილი აქტივობები და ბიუჯეტი

  • „აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ან/და სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებით (მათ შორის სატელევიზიო რეკლამის, ონლაინ რეკლამის, გარე რეკლამის, ბეჭდური მედიისა და სხვა სარეკლამო საშუალებებით) – ბიუჯეტი 3 300 000 ლარი.
  • სხვადასხვა სარეკლამო საშუალებით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება და ტურიზმის სტიმულირება – ბიუჯეტი 500 000 ლარი.
  • საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზების; საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, ასევე აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით პრეზენტაციების, კონფერენციების, ფორუმების, ფესტივალის, სამუშაო შეხვედრების, სხვადასხვა ღონისძიების და პიარ აქტივობის ორგანიზება – ბიუჯეტი 820 000 ლარი.
  • სხვადასხვა ღონისძიების, წარმოდგენის, შოუების, ინსტალაციების, ფესტივალებისა და სხვა პიარ-აქტივობების ორგანიზება შიდა ტურიზმის სტიმულირების, ტურისტული პროდუქტების, ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაციისა და მოგზაურობის წახალისების მიზნით – ბიუჯეტი 700 000 ლარი.
  • ღონისძიებების, მასტერკლასების, ექსპედიციების და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით – ბიუჯეტი 450 000 ლარი.
  • ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ობიექტების დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზება – ბიუჯეტი 200 000 ლარი.
  • ფოტომომსახურება – ბიუჯეტი 200 000 ლარი.
  • საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებასთან, საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა – ბიუჯეტი 1 215 000 ლარი.
  • სხვადასხვა საპრომოციო, სარეკლამო მასალის, სუვენირების, ღვინის და სხვა თემატური მასალის დამზადება/შეძენა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ტურიზმის სტიმულირებისათვის – ბიუჯეტი 150 000 ლარი.
  • სხვადასხვა საკვები პროდუქტის, კერძოდ საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სასაჩუქრე ტკბილეული ნაკრების შესყიდვა – ბიუჯეტი 5 000 ლარი.
  • საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ღვინის შესყიდვა (სადეგუსტაციოდ) – ბიუჯეტი 25 000 ლარი.
  • რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციისათვის სარეკლამო-საპრეზენტაციო ვიდეო რგოლის დამზადება – ბიუჯეტი 500 000 ლარი.
  • საინფორმაციო ბროშურებისა (მათ შორის, სახელმძღვანელოების, გაიდების, გზამკვლევების) და სხვა მასალების მომზადება-ბეჭდვა- ბიუჯეტი 150 000 ლარი.
  • საერთაშორისო დაჯავშნების პლატფორმებზე (Airbnb, Booking, Vrbo, Tripadvisor) აჭარის რეგიონიდან რეგისტრირებული განთავსების არარეგისტრირებული ობიექტების (კერძო პირები, რომლებიც აქირავებენ კერძო სახლებს, ბინებს და ოთახებს) სტატისტიკური მონაცემების, ტენდენციების, დატვირთვის კოეფიციენტის კვლევა – ბიუჯეტი 60 000 ლარი.“

დეპარტამენტის განცხადებით, „გამოფენების ჩამონათვალი არასრულია. დეპარტამენტი დამოუკიდებლად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფესტივალებსა და სამუშაო შეხვედრებში, რომელთა ჩატარების თარიღები, მონაწილეობის პირობები და სტენდის აგების ღირებულება ზუსტდება ორგანიზატორი კომპანიების მიერ და წინასწარ ზუსტი თარიღები და ღირებულებები ცნობილი არ არის.“

აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ტურიზმის სფეროში 2022 წელს 8,1 მილიონი დაიხარჯა, 2023 წელს – 15,1 მილიონი არის გამოყოფილი, 2024 წლისთვის კი – 19,9 მილიონი ლარია გათვალისწინებული [ამ თანხაში შედის დეპარტამენტში დასაქმებულთა ხელფასებიც, ჯამში 1 487 800 ლარი – 2024 წელს].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: