მთავარი,სიახლეები

„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში“ – 84 წლის ქალი

22.12.2023 • 4152
„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში“ – 84 წლის ქალი

„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში, ალბათ ყველას შევიფარებდი სანამდეც გავწვდებოდი. მიუსაფარ ძაღლებსაც მივიყვანდი სახლში. გული მიკვდება უსახლკარო ადამიანებს და მიუსაფარ ძაღლებს რომ ვუყურებ.

ყოველდღე ვყიდულობ პურს და ქობულეთში რვა ძაღლს ვაპურებ, პატრონებისგან ქუჩაში გამოყრილებს. უნდა ნახოთ, როგორ შემომცქერის 16 თვალი, როგორ მელოდებიან რომ ვაჭამო, პატრონებისგან ქუჩაში გამოყრილი ჩემი ძაღლები“, – ამბობს 84 წლის თამარ დოლიძე, რომელსაც საკუთარი სახლი არ აქვს და ნათესავებსაა ქობულეთში შეფარებული.

თამარი კვირაში ერთხელ, ყოველთვის ჩამოდის ქობულეთიდან ბათუმში და უსახლკაროების აქციებს უერთდება. უკვე ორი წელია, უსახლკაროები ყოველ ხუთშაბათს მართავენ აქციებს ხან ბათუმის მერიასთან, ხანაც აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან, თუმცა უშედეგოდ.

სახლი არც 84 წლის თამარ დოლიძეს აქვს. ნათესავების ოროთახიან ბინაში ერთი პატარა ადგილი აქვს გამოყოფილი, სადაც ღამით იძინებს, დღისით კი ფეხით დადის ქალაქში, სეირნობს ზღვის პირას და ძაღლებს აპურებს, მერე დასაძინებლად ნათესავთან ბრუნდება.

უსახლკარობის დიდ პრობლემაზე საქართველოში ხშირად საუბრობდა წინა წლებში სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები. რა იწვევს უსახლკარობას და როგორია მისი მასშტაბები – სახელმწიფოს ამის შესახებ არ აქვს ოფიციალური მონაცემები, არ არსებობს არც სისტემური მიდგომა უსახლკარობის მიმართ, პრობლემა კი არ გვარდება და დროთა განმავლობაში მწვავდება.

ძალიან უნდა ჩემს ნათესავს რამე ადგილი გამომიყოს, თავადაც შეწუხებულები არიან ასეთ დღეში რომ ვარ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, თავადაც ძლივს თავსდება ოჯახი ოროთახიან ბინაშიო, ამბობს 84 წლის ქალი.

თამარი ქობულეთში კულტურის განყოფილების გამგედ მუშაობდა 1979-1986 წლებში, მერე რედაქციაში მიიწვიეს, კარგად ვწერდი და გაზეთის კორესპონდენტად ვმუშაობდიო, ამბობს. ცხოვრების საუკეთესო წლები რედაქციაში გაატარა:

„პედაგოგიური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული. რასაც ვაკეთებდი, ვაკეთებდი ყოველთვის ხალისით და გულით. ყველა მიცნობდა, სამსახურიდან სამსახურში მიწვევდნენ. მერე წლები გავიდა და ამ რედაქციის შენობაც კი დაინგრა. ოდესღაც მქონდა ბინა, ერთოთახიანი. 15 წელი ვიცხოვრე ამ სახლში და მერე დავკარგე“, – ამბობს თამარ დოლიძე.

  • „3000 უსახლკარო გვყავს აღრიცხული“

თამარმა ბინა იპოთეკით დატვირთა კერძო პირთან, ვისგანაც 40 ათასი ლარი ისესხა. ახლობელი დაავადდა მძიმე სენით და საჭირო იყო მკურნალობა, ოპერაციები…  თამარმა სესხი ვეღარ დააბრუნა და ბინა დაკარგა. ნათესავმა შეიფარა.

„სხვისი სახლიდან, სადაც ახლა ვცხოვრობ, ის სახლიც მოჩანს, რომელიც დავკარგე, ყოველდღე ვხედავ. ძალიან მტკივნეულია ეს, 84 წლის ასაკში უსახლკარობა ძალიან რთულია. არც დავქორწინებულვარ არასდროს, ჩემი ოჯახი არ მყავს“, – ამბობს თამარი.

ბინის დაკარგვის შემდეგ რუსეთში წავიდა სამუშაოდ 1998 წელს და 2018 წლამდე იქ ცხოვრობდა. მუშაობდა რუმინელი ოჯახის რესტორანში. როცა იგრძნო, რომ ასაკი ემატებოდა, გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნებულიყო.

მხნედაა, ყოველდღე 5, 6 კილომეტრს გადის ფეხით და იკვებება ზომიერად. ეს არის ჩემი მხნეობის მიზეზიო, ამბობს:

„ორი წელია უსახლკაროების არცერთი აქცია არ გამიცდენია ბათუმში, ყოველ ხუთშაბათს აქ ვდგავარ მზესა თუ სიცივეში, სულ. მჯერა აქ მდგომი ადამიანები ოდესმე საწადელს მიაღწევენ და ღირსეული საცხოვრებელი ექნებათ. ვერ აღვწერ რამხელა დამცირებაა ადამიანისთვის უსახლკარობა, მიუსაფრობა.

დაახლოებით 3000 უსახლკარო გვყავს აღრიცხული. აქციებზე კი 40, 50 ადამიანი ახერხებს ყოველ ხუთშაბათს შეკრებას, მეტი ვერა. ზოგს დიდი ოჯახი აქვს, ზოგი მარტოხელაა, ბევრია მარტოხელა დედაც, შვილებს რომ მხოლოდ თავად ზრდის, არიან მეწყერსაშიში და დამეწყრილი სოფლებიდანაც, ხულოდან, შუახევიდან, ხელვაჩაურიდან და სულ ვფიქრობ: აქ ვინც ვდგავართ, აქციებზე, ვინ მოვესწრებით ჩვენ ჭერს და ვინ ვერა? ნეტა მოვასწრებ? სულ ეს ფიქრები მიტრიალებს თავში“, – ამბობს თამარ დოლიძე.

უსახლკაროთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებისას არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს: „სახელმწიფოს არ აქვს სტრატეგიული ხედვა, თუ როგორია მისი მოკლე და გრძელვადიანი მიზნები ამ პრობლემასთან საბრძოლველად (თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტიპის ძალისხმევას); არსებული მხარდაჭერის პროგრამები არასათანადოა და უსახლკარობის ვიწროდ განმარტების პირობებში არ ქმნის უსახლკარო პირის გაძლიერების შესაძლებლობას“ – წერია EMC-ის შეფასებაში.

თამარ დოლიძე უსახლკაროების აქციაზე ბათუმში, 21 დეკემბერი

  • „ვიმუშავებდი…“

თამარ დოლიძე თავს კარგად გრძნობს, მხოლოდ მხარი მტკივა ხანდახან და წამლებით, მალამოებით ვიყუჩებო, გვეუბნება. არც საავადმყოფოში მოხვედრილა არასდროს, კოვიდინფიცირების პერიოდის გარდა. გულმა ,,ოდნავ მიბწკინა“ და ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში აღმოვჩნდი ერთხელო, იხსენებს.

გული სწყდება, რომ დასაქმებაზე ყველგან უარს ეუბნებიან ასაკის გამო. იჩაგრება ასაკოვანი ადამიანი საქართველოშიო, ამბობს თამარ დოლიძე.

„კარგ ამინდში სულ ზღვის პირას ვარ, ვსეირნობ, სუფთა ჰაერს ვსუნთქავ და ვკაჟდები. მინდა ვმუშაობდე, მაგრამ ყველგან უარს მეუბნებიან. საწარმო გაიხსნა ქობულეთში, ტანსაცმელს ქარგავენ. ვიფიქრე დამლაგებლად ვიმუშავებ-მეთქი და 30 წლამდე ახალგაზრდებს ვეძებთ, თქვენ ვერ დაგასაქმებთო მიპასუხეს. 30 წლის რომ ვიყო საერთოდ რად მინდა თქვენი სამსახური-მეთქი, ვიფიქრე.

ნორმალურ ქვეყნებში ყველას აძლევენ შესაძლებლობას იმუშაოს თუ შეუძლია. იტალიაში 80 წლის ხალხიც მუშაობს. მეც ხომ მესმის რას ჰყვებიან ემიგრანტები.

ბიბლიოთეკაშიც ვიმუშავებდი დიდი სიამოვნებით. მაინც სულ ბიბლიოთეკაში ვარ. ქობულეთის ბიბლიოთეკაში რომ იკითხოთ ჩემი სახელი და გვარი ყველა მიცნობს. კვირაში 4, 5 წიგნს ვკითხულობ“, – ამბობს ყოფილი ჟურნალისტი.

  • „1300 ლარი გამოვიტანე ბანკიდან პენსიით 2018 წელს 4 წელიწადში უნდა დასრულებულიყო და 2026 წლამდე გამიწელეს“

პენსიის საფუძველზე სესხი 1300 ლარი 2018 წელს აიღო თამარ დოლიძემ. 4 წელიწადში უნდა დაეფარა, მაგრამ ბანკმა 2026 წლამდე გაუგრძელა სესხი ახსნა-განმარტების გარეშე.

თამარის პენსია 365 ლარია. აქედან 65 ლარს იხდის ბანკში ყოველთვიურად.

„ექიმმა გამომიწერა დიკლაკ ფორტე, მალამოა ასეთი. ძალიან მტკივა მხარი, დიკლაკი და დექსალგინი დამინიშნეს. 13,90 ღირს წამალი ერთგან, მეორეგან 17, 30.

ორი ტუბი მჭირდება თვეში. თითქოს უფასოდ იძლევიან წამლებს საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, მაგრამ გამოგიწერს ექიმი, მიდიხარ აფთიაქში და გეუბნებიან, რომ ეს წამალი არ არის და დამთავრდა. უნდა იყიდო მერე იქ, სადაც არის ხელმისაწვდომი.

ჩემი პენსიიდან 200 ლარს საკვებ პროდუქტებში ვხარჯავ. წამლისთვისაც არ გყოფნის პენსია, თურქეთში იაფია შედარებით მედიკამენტები, მაგრამ 84 წლის ქალმა სად ვიარო თურქეთში, მეშინია რამე არ დამემართოს“, – ამბობს თამარ დოლიძე.

  • „უნდა მივაკითხო მერს“

მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს საცხოვრებელი და მისი მთავარი საზრუნავი ეს არის, თამარ დოლიძე ამბობს, რომ აწუხებს ყველაფერი, რასაც ირგვლივ ხედავს. ამბობს, რომ ყველამ ყველაფრის გამოსწორება უნდა სცადოს, რაზეც ხელი მიუწვდება:

„ქობულეთში აღმაშენებლის და რუსთაველის ბიუსტები დადგეს მათივე სახელობის ქუჩებზე, მაგრამ ჩაბნელებულია ღამით ეს ბიუსტები! ხომ უნდა დაინახოს ღამით ქალაქში ჩამომსვლელმა, რომ ქობულეთში დავითის და შოთას ქუჩებზე მათი ბიუსტები გვაქვს. ხომ უნდა შეავლონ მათაც თვალი? ვფიქრობ, აუცილებელია განათებები დავუმონტაჟოთ ამ ბიუსტებს და გავანათოთ, რომ ღამითაც ამშვენებდნენ ჩვენ ქალაქს“, – ამბობს თამარ დოლიძე.

წუხს ქობულეთის ბიბლიოთეკის შენობაზეც, რომელიც, მისი თქმით, ავარიული და აუცილებელია გარემონტება:

„ეს ადგილი ჩემთვის სახლივითაა, უნდა შევიდე მერთან და დაველაპარაკო, ბევრი სათქმელი დამიგროვდა, მისახედია ბიბლიოთეკის შენობაც!“ – გვეუბნება ქალი ქობულეთიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: