მთავარი,სიახლეები

რატომ ამონტაჟებენ რუსეთის მოქალაქეები ბულვარში ტრენაჟორებს – ვინ დაუკვეთა მათ სამუშაო?

18.01.2024 • 12290
რატომ ამონტაჟებენ რუსეთის მოქალაქეები ბულვარში ტრენაჟორებს – ვინ დაუკვეთა მათ სამუშაო?

ბათუმის ბულვარში ახალ ტრენაჟორების დამონტაჟება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო და დღეს, 18 იანვარსაც გრძელდება. ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ გასული წლის დეკემბერში და განმეორებით დღესაც დაუდასტურეს, რომ ბულვარში, ერთ-ერთ ობიექტზე სამუშაოებს რუსეთის მოქალაქეები ასრულებენ.

ანბანის კოშკის გასწვრივ სამუშაო ობიექტზე მყოფმა მუშებმა რუსულ ენაზე აგვიხსნეს, რომ ისინი „ბათუმის მერიის დაკვეთას ასრულებენ“ და ბულვარში ამას გარდა „კიდევ ერთი ობიექტი აქვთ“. ერთ-ერთმა მათგანმა კი დააზუსტა, რომ საქართველოში 8 თვის წინ ჩამოვიდა.

საქმე ისაა, რომ ბათუმის ბულვარის მიერ გამოცხადებულ „არსებული სავარჯიშო მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო“ ტენდერში კომპანია „ნიუ სთაილმა“ გაიმარჯვა. მასთან ხელშეკრულება 2023 წლის 14 ნოემბერს გაფორმდა ზუსტად 437 146 ლარზე.

იმის გასარკვევად, თუ როგორ აღმოჩნდნენ რუსეთის მოქალაქეები ამ ტენდერის ერთ-ერთ რგოლში, „ბათუმელები“ კომპანია „ნიუ სთაილის“ დირექტორს დაუკავშირდა. გიორგი ფუტკარაძემ თავდაპირველად გვითხრა, რომ არ უპასუხებდა კითხვას – ვინ არის ქვეკონტრაქტორი, რადგან ეს, მისი თქმით, „კონფიდენციალური ინფორმაციაა“.

„ნიუ სთაილი“ პასუხისმგებელია იმ სამუშაოებზე, რაც ბულვარში მიმდინარეობს. „ნიუ სთაილს“ რა ურთიერთობაც აქვს სხვა კომპანიებთან, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ჩვენ უცხოელებთანაც ვთანამშრომლობთ“, – აგვიხსნა გიორგი ფუტკარაძემ.

მას შემდეგ, რაც დავაზუსტეთ, რომ ჩვენ გვაინტერესებდა, როგორ აღმოჩნდნენ რუსეთის მოქალაქეები ბიუჯეტის ფულით დაფინანსებული პროექტის ერთ-ერთ რგოლში, მან განაცხადა, რომ მისთვის უცნობია ქვეკონტრაქტორს ვინ და რა ნიშნით ჰყავს დაქირავებული სამუშაოს შესასრულებლად.

„სამუშაოების გამოცდილება ბათუმში „იმპექსს“ აქვს და შევუკვეთეთ რკინის კონსტრუქციის მოწყობა. შესაბამისად, რაღაც ეტაპზე „იმპექსის“ თანამშრომლები არიან ობიექტზე. ხელფასსაც „იმპექსი“ იხდის“, – გვითხრა გიორგი ფუტკარაძემ.

შპს „იმპექსის“ ერთპიროვნულმა მფლობელმა, არჩილ აბულაძემ კი განაცხადა, რომ მასთან რუსეთის მოქალაქეები არ მუშაობენ.

„რუსეთის მოქალაქეები არ არიან, უკრაინის მოქალაქე არის რამდენიმე, ერთ-ერთი მყავს დანიელ ხიქარიშვილი. ვიდეოზე რას ამბობენ არ ვიცი, ჩემთან მუშაობენ უკრაინელები, ბელორუსები, სხვადასხვა ერის ადამიანები, მათ შორის ქართველები. თქვენთან ვინ რას ამბობს ეგ არ ვიცი“, – გვითხრა არჩილ აბულაძემ, შპს „იმპექსის“ მფლობელმა და ტელეფონი გაგვითიშა.

იმის გარკვევას, თუ როგორ აღმოჩნდნენ მათ მიერ გამოცხადებულ ტენდერში რუსეთის მოქალაქეები, ბათუმის ბულვარშიც დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

ბულვარის ადმინისტრაციამ ძველ ბულვარში არსებული სავარჯიშო მოედნების რეაბილიტაციაზე ტენდერი გასული წლის ივლისში გამოაცხადა. სატენდერო თანხა 404 ათას 068 ლარი იყო.

მაშინ ტენდერში შპს „გეოლოდმა“ გაიმარჯვა, რომელიც შემდეგ დისკვალიფიცირებული იქნა. ამ კომპანიის დისკვალიფიკაციის შემდეგ ბათუმის ბულვარმა სატენდერო თანხა 437 146 ლარამდე გაზარდა, მაგრამ ტენდერი არ შედგა – მონაწილეობა არავინ მიიღო.

ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში კი„ნიუ სთაილმა“ გაიმარჯვა და ხელშეკრულებაც ზუსტად 437 146 ლარზე გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, „მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები, შემსყიდველის თანხმობის გარეშე;

ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: