მთავარი,სიახლეები

რატომ აჯარიმებს სასამართლო მოქალაქეს 2000 ლარით, შსს კი მხოლოდ 500 ლარით

26.12.2023 • 3914
რატომ აჯარიმებს სასამართლო მოქალაქეს 2000 ლარით, შსს კი მხოლოდ 500 ლარით

„ეს შერჩევითი სამართალია და დაცინვაც: აი, მოგიგდებ რაღაცას და თითქოს სამართალი გვაქვს ქვეყანაში“, – ბათუმელი თემურ გორგაძის შთაბეჭდილება ასეთია იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო პროცესი მოუგო: მოქალაქემ დაადასტურა, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი უკანონოდ დააკავეს.

თემურ გორგაძის უკანონოდ დაკავებისთვის მოსამართლემ შსს-ს 500 ლარის გადახდა დააკისრა. იგივე ბათუმის საქალაქო სასამართლომ „რუსული გემის წინააღმდეგ“ აქციის მონაწილე პირები კი 2 ათასი ლარით, ზოგიერთ შემთხვევაში 3500 ლარითაც დააჯარიმა.

რასთან გვაქვს საქმე, როცა მოსამართლე მაღალი ჯარიმებით ისტუმრებს მოქალაქეებს – საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მით უფრო, რომ ზოგ შემთხვევაში დაჯარიმებული მოქალაქე საზოგადოების ყველაზე ღარიბ ჯგუფს განეკუთვნება. მეორე მხრივ კი, სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთაც კანონის დარღვევა უფიქსირდებათ, მინიმალური თანხის, მაგალითად, 500 ლარის გადახდას აკისრებს.

  • თემურ გორგაძის საქმე 

თემურ გორგაძე სუს-ის ბათუმის ოფისის შენობის წინ 2021 წლის ნოემბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა სუს-ის შესასვლელთან ავტომანქანა გააჩერა და უკანონო მოსმენები გააპროტესტა. თემურ გორგაძემ საკუთარი ავტომანქანის საქარე მინაზე ბანერები გადმოფინა. იქვე ახლოს კიდევ ერთი აქტივისტი იდგა – რომა მახარაძე. მან მუსიკა ჩართო, ხელში ეჭირა დინამიკი და ცეკვაც დაიწყო სუს-ის წინ, ქუჩაში, საჯარო სივრცეში.

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ რომა მახარაძეს 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა, თემურ გორგაძეს – 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ორივე გაამართლა. თემურ გორგაძემ უკანონო დაკავება გააპროტესტა და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

„როდესაც დამაკავეს და 48 საათი იზოლატორში გამაჩერეს, გადაწყვეტილება მალევე მიიღეს, რომ 5 დღე უნდა ვყოფილიყავი ადმინისტრაციულ პატიმრობაში, მომწყვიტეს ჩემ საქმეს და გამომკეტეს…

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე საერთოდ არ დაინტერესდა, რა მტკიცებულებები წარმოუდგინეს და რა იყო იმ საქმეში. დაკავებიდან ორ დღეში სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალდამრღვევი ვიყავი, თუმცა როცა მე ვუჩივლე შსს-ს, 2 წელი დასჭირდა სასამართლოს იმის გასარკვევად, უკანონოდ მომექცა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო,“ – დროის ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას მოქალაქე.

ეს აჩვენებს, როგორ მუშაობს სასამართლო ერთი მხრივ მოქალაქის წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ლოიალობას.

თემურ გორგაძე

თემურ გორგაძე პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

„ჩემზე სუს-ს ორ-ორი ფაილი აქვს: ყველა პოლიტიკოსს ისედაც უსმენენ და მეორე მხრივ, მისმენენ იმიტომაც, რომ მუსლიმი ვარ.

ამას ვაპროტესტებდი სუსთან, რადგან ბევრჯერ დავადასტურე, როგორ მისმენენ და მითვალთვალებენ. ერთხელ, მეგობრებს ვესაუბრებოდი აქციის შესახებ და თან ვჭამდით, გარეთ გავედი და იქიდან დავრეკე იგივე თემაზე, რას შვრებით აქციაზე-მეთქი. მაშინ სამუფთოში ვმუშაობდი და მუფთმა დამიბარა, რა აქციაზე მიდიხარო?

დაკავების დროს ცუდად არავინ მომქცევია, პირიქით, ცდილობდნენ ზრუნვის გამოჩენას: ხომ არ გშია, ხომ არ გწყურია? მაგრამ ნერვიულობის გარდა, რეალურად წყდები საქმეს. მე, მაგალითად, შავი მეტალის ონლაინ გაყიდვებზე ვმუშაობ და ამ დროს 5 დღით ჩემი უკანონო დაპატიმრებისთვის შსს-მ მხოლოდ 500 ლარი უნდა გადაიხადოს. მორალური კომპენსაციის სახით 5 ათას ლარს ვითხოვდი.

როცა აქციის მონაწილეებს აჯარიმებენ 2 და 3 ათასი ლარით, პროპორციულობა ხომ უნდა იყოს დაცული? იმედია, ეს საქმე იქნება პრეცედენტი და შსს როცა აქციაზე ისევ ვინმეს დააკავებს უკანონოდ, იფიქრებს, იქნებ ამანაც გაასაჩივროსო?“ – ამბობს თემურ გორგაძე.

  • ბათუმელი კაცი 7 თვე წინასწარ პატიმრობაში იყო უკანონოდ – სასამართლომ კი მხოლოდ 3 ათასი ლარით დააჯარიმა პროკურატურა 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა გენერალურ პროკურატურას მოქალაქე გოჩა ბ.-ს სასარგებლოდ. გოჩა ბ. ბათუმელია და 7 თვე უკანონოდ იყო წინასწარ პატიმრობაში, იგი მორალური ზიანისთვის 10 ათას ლარს ითხოვდა.

გოჩა ბ. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია და მას პროკურატურა კონკრეტული პირისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა.

„ამ საქმეზე მხოლოდ ერთი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი,“ – გვიყვება ადვოკატი მირზა მამულაძე, რომელიც სასამართლოში გოჩა .-ს ინტერესებს იცავდა. „ჩემი მარწმუნებელი 7 თვე იყო პატიმრობაში, შემდეგ შეუცვალეს აღკვეთი ღონისძიება გირაოთი. ის უმუშევარი დარჩა ამ საქმის გამო ერთი წელი და 1 თვე, ვიდრე განაჩენს გამოიტანდა სასამართლო. ჩემ მარწმუნებელს სოციალურად შეჭირვებული ოჯახი აქვს, მიიღო რეპუტაციული ზიანიც…

მორალური ზიანის ნაწილში ვითხოვდით 10 ათასი ლარის დაკისრებას გენერალური პროკურატურისთვის და დააკისრეს 3 ათასი, მატერიალურ ზიანს კი, საბედნიეროდ ვერ ცვლის სასამართლო: მოგეხსენებათ, ის პირდაპირ ხელფასიდან ანგარიშდება, რაც მომჩივანს უნდა მიეღო. ამ შემთხვევაში 16 600 ლარი მიიღო ჩემმა მარწმუნებელმა მატერიალური ზიანის ნაწილში,“ – ამბობს მირზა მამულაძე.

იურისტები ამბობენ და უზენაესი სასამართლოს განჩინებებიც ამას აჩვენებს: სხვადასხვა უწყების მხრიდან ჩადენილ უკანონობას ხშირად ადასტურებს სასამართლო, თუმცა სახელმწიფო უწყებებს მცირე ოდენობის თანხის გადახდას აკისრებს მოქალაქეების სასარგებლოდ, მოქალაქეებს კი – პირიქით.

მირზა მამულაძე

„სასამართლო სახელმწიფო ორგანოებს უბიძგებს, გზას უხსნის თვითნებობისკენ,“ – ამბობს მირზა მამულაძე, რომელსაც შეფასებაც ვთხოვეთ: რატომ ამკვიდრებს სასამართლო პრაქტიკას, რომ თუ შსს, ან პროკურატურა რომელიმე საქმეში გამტყუნდება, მას მხოლოდ მინიმალური თანხით აჯარიმებენ?

„უკანონო დაკავების შემთხვევაში შესაძლებელია იდავო, მაგრამ იმდენად მიზერულია ზიანის ანაზღაურება, ეს შეიძლება მოტივაციაც აღმოჩნდეს, რომ განაგრძოს სისტემამ ადამიანებისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა… ეს არაა სწორი პოლიტიკა, როცა მიუთითებს სასამართლო პრაქტიკაზე.

სასამართლო არის მონაწილე რეპრესიული პოლიტიკის, როცა ხელისუფლებას სურს, ჩაახშოს საპროტესტო მუხტი: თუ მაინცა და მაინც დასტურდება სამართალდარღვევა, მოსამართლემ არ უნდა გამოიყენოს მკაცრი სანქცია საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ. არსებობს, მაგალითად, სიტყვიერი შენიშვნა,“ – ამბობს მირზა მამულაძე „ბათუმელებთან“.

  • იურისტი: „შინაგანი რწმენა არ შეიძლება მხოლოდ კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდეს, მოსამართლე უნდა ითვალისწინებდეს ფონს“

„მოსამართლეები ინდივიდუალურად, საკუთარი შინაგანი რწმენით უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ამავე დროს, ეს გადაწყვეტილებები უნდა შეესაბამებოდეს კანონს,“ – კატეგორიულია თამარ წულუკიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი ბოლო მოგებული საქმეა თემურ გორგაძის შემთხვევა შსს-ს წინააღმდეგ.

თამარ წულუკიძე  და საია იცავდა „რუსული გემის წინააღმდეგ“ აქციის მონაწილეებს, ასევე აქციაზე ცარიელი ფურცლებით დაკავებულებს.

საია-ს იურისტს ვკითხეთ, რას ითვალისწინებს სამართლებრივი სტანდარტი და ევროპული გამოცდილება „შინაგანი რწმენის“ ჩამოსაყალიბებლად? რა უნდა გაეთვალისწინებინა, მაგალითად, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს, რომელმაც, თავისი შინაგანი რწმენით, „რუსული გემის აქციის“ მონაწილეები 2 ათასი, 2500 და 3500 ლარითაც კი, დააჯარიმა?

საია „რუსული გემის წინააღმდეგ“ აქციის 8 მონაწილის ინტერესებს იცავს სასამართლოში. 3 საქმე სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა, 5 საქმე კი, ჯერ კიდევ არ განუხილავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

„მიმაჩნია, რომ ეს ჯარიმები არ შეესაბამებოდა სტანდარტს, რაც უნდა იყოს სამართლიან და ევროპულ სახელმწიფოში,“ – გვიყვება თამარ წულუკიძე და გვთხოვს, წარმოვიდგინოთ, მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, რომელმაც უკვე იცის სამართლის თეორია და ძირითადი პრინციპები და ეკითხებიან, როგორ შეიძლება დასაჯონ „რუსული გემის წინააღმდეგ აქციის“ მონაწილეები, როცა ისინი პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევენ?

„მე მგონია, რომ სტუდენტიც კი, ყველა ასეთ შემთხვევაში, როგორიც იყო რუსული გემის წინააღმდეგ აქცია, მიიღებდა გადაწყვეტილებას დაკავებულის სასარგებლოდ.

ყველა ვთანხმდებით, რომ გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს, მათ შორის, როცა გამოხატვა გვაქვს უხეში ფორმებითაც. მოსამართლის შინაგანი რწმენა მოქალაქის სასარგებლოდ უნდა იყოს მიმართული, თუმცა, როგორც წესი, მოსამართლეები მოქალაქეების წინააღმდეგ იღებენ გადაწყვეტილებას.

თამარ წულუკიძე

იურისტი და მოსამართლე კანონს არ უნდა ხედავდეს პირდაპირ. რაც კანონში წერია, მხოლოდ ამით არ უნდა იყოს შემოფარგლული იურისტი, მოსამართლე მით უმეტეს არ უნდა შემოიფარგლოს. მოსამართლე უნდა ითვალისწინებდეს ფონს, რომელიც ახლავს კონკრეტულ სიტუაციას.

მოსამართლის შინაგანი რწმენა არ შეიძლება მხოლოდ კანონის და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ჩამოყალიბდეს… მტკიცებულებების საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ იმ რეალობის გათვალისწინება, რაც გვაქვს,“ – მიიჩნევს იურისტი თამარ წულუკიძე. იგი ხაზს უსვამს იმას, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება გამოაქვს „საქართველოს სახელით“.

„თანაც, ახალი სტანდარტები ყალიბდება, იცვლება გარემოებები, არ შეიძლება, 20 წლის წინ რა მიდგომაც იყო, იგივე იყოს ახლაც. მოსამართლის შინაგან რწმენაზე უნდა მოქმედებდეს გამოცდილება და პრაქტიკა, ასევე სიტუაცია, რაც ქვეყანაშია: რა გეოპოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში, ეს უნდა აისახებოდეს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე,“ – მიიჩნევს თამარ წულუკიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

რასთან გვაქვს საქმე, როცა მოსამართლე აჯარიმებს „რუსული გემის წინააღმდეგ“ აქციის მონაწილეებს, მეორეს მხრივ კი, აჯარიმებს შსს-ს?

„ჩანს, რომ მოსამართლეებს შეიძლება ჰქონდეთ ინდივიდუალური გადაწყვეტაც. ჩვენ კონკრეტული მოსამართლეების მიმართ კონკრეტული მოლოდინები გვიჩნდება. დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება სხვადასხვანაირად ფიქრობდეს მოსამართლე, მეორე მხრივ კი, შეიძლება, კონკრეტული მოსამართლე გარეფაქტორებით იყო შებოჭილი და ვერ მიიღოს თამამი გადაწყვეტილება,“ – ეჭვობს თამარ წულუკიძე.

შეიძლება ეს იყოს კლანის პოზიციონირება იმის საჩვენებლად, რომ პროტესტის ჩახშობის მცდელობის ხელშეწყობის პარალელურად, სასამართლო ახერხებს იყოს თავისუფალი და ის გენერალურ პროკურატურასაც აჯარიმებს?

„შეიძლება ასეც იყოს, იმიჯისთვის…

სასამართლოს ამ მიდგომას შესაძლოა, ჰქონდეს ე.წ. მსუსხავი ეფექტი აქციის მონაწილეებისთვის. პრაქტიკა ასეთია: მორალური ზიანის დაკმაყოფილების მოთხოვნა იშვიათად გვაქვს – შეიძლება უკანონობა დადგინდეს, მაგრამ მორალური ზიანის ნაწილი არ დაკმაყოფილდეს, ან დადგინდეს მხოლოდ სიმბოლურად.

ეს პრაქტიკა შეიძლება არ იცვლება იმიტომ, რომ შსს-მ უფრო თავისუფლად იმოქმედოს, არ იფიქროს გადაწყვეტილების კანონიერებასა და უკანონობაზე. შეიძლება ამის წამახალისებელი იყოს თანხის მინიმალური ოდენობის დაკისრება, მაგალითად შსს-თვის,“ – ამბობს თამარ წულუკიძე და იხსენებს ევროსასამართლოს მიერ განხილულ საქმეს GANEA v. MOLDOVA. ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოლდოვას, პირის სამი დღით უკანონოდ დაპატიმრებისთვის 63 ევროს ნაცვლად, მომჩივნის სასარგებლოდ დააკისრა 6000 ევროს გადახდა.

„თუნდაც თავისუფლების აღკვეთა იყოს მოკლევადიანი, ამ შემთხვევაში სამი დღით უკანონო პატიმრობისათვის 63 ევრო არის საკმაოდ მცირე თანხა იმასთან შედარებით, რასაც ევროპული სასამართლო სახელმწიფოებს აკისრებს კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევის გამო,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ეს გადაწყვეტილება ჩაუწერა ვეგანმა-აქტივისტმა ირაკლი კიკილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 2022 წლის ნოემბერში, თუმცა სარჩელის განხილვა ჯერ არც კი დაწყებულა. ირაკლი კიკილაშვილმა 2021 წელს მოუგო შსს-ს სასამართლო დავა, ის სამართალდამცველებმა უკანონოდ 2016 წელს დააკავეს. მისი უკანონოდ დაკავებისთვის შსს 100 ლარით დააჯარიმა სასამართლომ.

____

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: