განათლება,მთავარი,სიახლეები

„ახალი სკოლის მოდელი“ სამინისტროსგან არ ყოფილა სათანადოდ მხარდაჭერილი – რას ამბობს კვლევა

21.12.2023 • 11913
„ახალი სკოლის მოდელი“ სამინისტროსგან არ ყოფილა სათანადოდ მხარდაჭერილი – რას ამბობს კვლევა

გამოქვეყნდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასება. კვლევა განათლების სამინისტროს დაკვეთით, „საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა“ ჩაატარა.

კვლევაში შეფასებულია მესამე თაობის ესგ-ს და ახალი სკოლის მოდელის სკოლებში დანერგვის პროცესი.

კვლევის მიხედვით, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის და ახალი სკოლის მოდელის შემქმნელთა მოსაზრებით, რეფორმის განხორციელების გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებას წარმოადგენდა ამ რეფორმის ლეგიტიმაციის ნაკლებობა. ეს გულისხმობს იმას, რომ რეფორმას ნაკლებად ჰქონდა სისტემური მხარდაჭერა.

„მისი მიზნები არასოდეს მოაზრებულა, როგორც ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების გამამთლიანებელი, გამჭოლი იდეები.

საერთაშორისო გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ფართო ლეგიტიმაციის გარეშე რეფორმის განხორციელებისას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა იქმნება, რადგან კურიკულუმის რეფორმას მაღალი „ალტერნატიული ღირებულება“ აქვს“.

„რამდენი მინისტრი გამოიცვალა და არავის უხსენებია ახალი სასწავლო გეგმა. ახალი სკოლის მოდელის იდეაც თუ გაჟღერებულა – მხოლოდ ტექნოლოგიების განვითარების კონტექსტში. არასოდეს ჰქონია ამ რეფორმას იდეური მხარდაჭერა“, – ამბობს კვლევაში ახალი სკოლის მოდელის დანერგვის გუნდის ერთ-ერთი წევრი.

რესპონდენტების აზრით, რომლებიც კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ, სისტემური მხარდაჭერის ნაკლებობა უარყოფითად ისახებოდა რეფორმის დინამიკაზე და განხორციელების პროცესში იმგვარი ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა, რაც სტრატეგიულად ნაკლებად ეფექტური იყო რეფორმის გრძელვადიანი მიზნების კონტექსტში.

„მაგალითად, ლეგიტიმაციის ნაკლებობის ერთ საზიანო შედეგად რესპონდენტები მოიაზრებენ დროთა განმავლობაში რეფორმის ფოკუსის დავიწროების ტენდენციას“.

„ახალი სკოლის მოდელი“ იყო, გარკვეულწილად, საერთო პრინციპების დამკვიდრების მცდელობა, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა სფეროში ფრაგმენტული რეფორმების ჩანაცვლებას ერთიანი კომპლექსური მიდგომით, ერთიანი ხედვის ფარგლებში.

იგი ჩაფიქრებული იყო, როგორც სკოლის განვითარების ჰოლისტური ინსტრუმენტი, რომელსაც სკოლის კულტურაც უნდა შეეცვალა.

თუმცა, წლების განმავლობაში ამ მოდელს ჩამოშორდა სხვა კომპონენტები და ვიწროდ, სასწავლო გეგმის დანერგვაზეა ორიენტირებული.

სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აღქმაში იგი კიდევ უფრო ვიწროდ აღიქმება და კომპლექსური დავალებების შექმნა-შესრულებას უტოლდება“, – ასე აფასებს პროცესს, „ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრი, სკოლა ლაბი“ კვლევაში.

რესპონდენტების აზრით, რეფორმის განხორციელების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენდა ის, რომ რეფორმა სკოლების და მასწავლებლების ანგარიშვალდებულების მკაფიო სისტემის არარსებობის პირობებში მიმდინარეობდა:

კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი დირექტორის თქმით, „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისას არ იყო მკაფიო განხორციელების გეგმა.

„სკოლის ვალდებულებები ამ პროცესში რა ეტაპზე იწყებოდა და სრულდებოდა პილოტირების ფაზა, რა თანმიმდევრობით და პრინციპებით იგეგმებოდა სკოლების ჩართვა, ნებაყოფლობითი იყო თუ სავალდებულო პროცესში მონაწილეობა, რა პასუხისმგებლობები ეკისრებოდა სკოლას, რა ითვლებოდა სკოლებისთვის წარმატების და წარუმატებლობის ინდიკატორებად“.

მკვლევრების შეფასებით, რეფორმის საწყისი ეტაპიდან სქემების ბუნდოვანებამ სკოლებს გაუჩინა გაურკვევლობის განცდა.

ერთ-ერთი მასწავლებლის შეფასებით, მკაფიოდ არ ჩანდა, როგორ იყო გადაბმული კურიკულუმის რეფორმა სკოლების წახალისებისა და მხარდაჭერის მექანიზმებზე.

„ისევე როგორც მასწავლებლის კარიერულ განვითარებას. ამ გარემოებამ მასწავლებლებში უთანასწორობის განცდა გააღრმავა. მასწავლებლები ამბობდნენ, რომ „პირველ ეტაპზე ჩართულ სკოლებში პედაგოგებმა გამარტივებული სქემებით მიიღეს სტატუსები.

ამ სკოლებს განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდათ, მაგალითად ტექნიკით აღჭურვა.

ისიც არ ვიცით ბოლომდე, კარგად ვაკეთებთ ამ ყველაფერს თუ ცუდად? რომ გავიგებთ, მგონი, გვიან იქნება“, – ამბობს მასწავლებელი.

კვლევის მიხედვით, მასწავლებლის თვალში ანგარიშვალდებულების ბერკეტის როლს სქემა უფრო ასრულებდა, ვიდრე ახალი სასწავლო გეგმა, მათ შორის ბმა კი სუსტი იყო.

„რატომ ვერ შეიქნა ანგარიშვალდებულების ბერკეტი? არ ვიცი. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, (ცენტრალიზებულ სისტემაში) ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა“, – ამბობს რეფორმის განმახორციელებელი გუნდის წარმომადგენელი კვლევაში.

კვლევაში ჩართული რესპონდენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის და ახალი სკოლის მოდელის დანერგვა შეუძლებელია სისტემური მიდგომის გარეშე.

რესპონდენტების აზრით, სტრატეგიულად არასწორი იყო ახალი სკოლის მოდელისთვის სკოლების შერჩევის მიდგომაც. „პროექტი დასაწყისიდანვე, ძირითადად, ერთი ტიპის სკოლებს მოიცავდა, შედარებით მაღალკონტიგენტიან და ქალაქის სკოლებს, რამაც ხელი შეუშალა სხვა ტიპის, მაგალითად, მცირეკონტინგენტიანი, მაღალმთიანი, სოფლის, ეროვნული უმცირესობების სკოლების ჩართვას ახალი სკოლის მოდელში.

„ამ გარემოებამ შემდგომში განაპირობა სკოლებს შორის უთანასწორობის გაღრმავება, როგორც რესურსების, ისე შედეგების თვალსაზრისით. სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად ახალი სკოლის მოდელის შეფასებაზე მუშაობს, ამ სტრატეგიული გადაწყვეტილების დეტალებს განმარტავს:

„597 სკოლა ჩაერთო. მერე ითქვა, რომ ყველა ჩაერთო, თუმცა 1500 სკოლამ ვერ მიიღო ის ბენეფიტები, რაც ე. წ. „ჩართულმა სკოლებმა“ – ინფრასტრუქტურა, რესურსები. ამით ჩვენ გავაღრმავეთ ის უთანასწორობა, რაც გვაქვს“.

„როდესაც 1500 ყველაზე პრობლემურ სკოლას ტოვებ რეფორმის მიღმა, ეს პრობლემაა და ასე არ უნდა ყოფილიყო“, – ამბობს განათლების ექსპერტი კვლევაში.

მასწავლებლებში არათანაბარმა მიდგომამ უთანასწორობის განცდა დატოვა.

„ერთი წლით გვიან ჩავერთეთ, მაგრამ მასწავლებლებს სტატუსზე აღარ შეგვხებია, მივიღეთ მხოლოდ ინვენტარი.

ამის შემდეგ ვინც ჩაერთო, აღარც ინვენტარი, აღარც არაფერი. არათანაბარი მდგომარეობა იყო სრულიად. თუ არის ეს გარეგანი სტიმულები და გვინდა, რომ პროცესში ჩართვის ინტერესი გავაჩინოთ, თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ ყველა სკოლა და მასწავლებელი“, – ამბობს კიდევ ერთი მასწავლებელი.

  • ესგ და ეროვნული გამოცდები

„მასწავლებლებთან და მშობლებთან დისკუსიაში მკაფიოდ ჩანს, რომ ეროვნული გამოცდების მოთხოვნები ამჟამად არ არის თანხვედრაში ესგ-ს მოთხოვნებთან“, – ვკითხულობთ კვლევაში.

მასწავლებლებისა და მშობლების მოსაზრებით, დისკომფორტს ქმნის გაურკვევლობა, რადგან სკოლებისთვის არ არის მკაფიო, თუ რა ცვლილებები იგეგმება ეროვნული გამოცდების ფორმატში.

„ბავშვი გვეკითხება – რა გველის მასწავლებელო? ეროვნული გამოცდები კიდევ იქნება? როგორი ფორმით იქნება? მეთორმეტე მოიხსნება? კითხვის ნიშნის ქვეშაა ყველაფერი.

გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან რთულია, მასწავლებლები არ უნდა ჩაგვაგდოთ ამ პოზიციაში. უნდა გაგვაგებინოთ, არ ვართ ისეთები, რომ ვერ გავიგოთ“, – ამბობს კვლევაში მონაწილე პედაგოგი.

კვლევის მიხედვით, მასწავლებლებმა ზუსტად არ იციან, თუ რა და როგორ უნდა ასწავლონ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა წარმატებით შეძლონ გამოცდების ჩაბარება.

„მართალია, გვეუბნებიან – შეგიძლიათ გამოტოვოთ, საჭიროებისამებრ დიდი დრო დაუთმოთ ერთ თემას და სხვა საერთოდ გამოტოვოთო, მაგრამ მოსწავლემ მითხრა, მასწავლებელო, ჩვენ რომ ეს გამოვტოვოთ, მე რომ შემხვდება მერე ეროვნულ გამოცდებზე, ეგ ჩავწერო, რომ გამომატოვებინა მასწავლებელმა?

ამას ხომ ვერ ჩავწერ? მოსწავლე მაინც ორიენტირებულია, რომ უმაღლესში უნდა გააგრძელოს სწავლა, ყველა არ აგრძელებს, მაგრამ ვინც აგრძელებს? თანხვედრაში უნდა იყოს მოყვანილი“, – ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი.

კვლევის მიხედვით, ესგ-ს მოთხოვნების თანახმად, სკოლა მუდმივად უნდა ხედავდეს და ამოწმებდეს საკუთარ პროგრესს.

„ახალი მოდელით ქვეყანაში დაგეგმილია მეოთხე, მეექვსე და მეცხრე კლასებში სკოლის ყოველწლიური პროფილების შექმნა.

ამგვარი მონაცემების გარეშე სკოლა ვერ შეძლებს კურიკულუმის განვითარების ციკლის აწყობას“, – ნათქვამია კვლევაში.

ამავე კვლევაში მონაწილე კიდევ ერთი ექსპერტის შეფასებით, „ჯერჯერობით მიმდინარეობს მუშაობა ქართულსა და მათემატიკაში ამგვარი სისტემის შექმნაზე, მხოლოდ დაწყებით კლასებში.

რეფორმის განმახორციელებელი გუნდის წარმომადგენელი რესპონდენტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ახალი თაობის ესგ-ს მოთხოვნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი კონცეპტუალური ცვლილებები უნდა შევიდეს მოსწავლეების სწავლის შედეგების შესამოწმებელ დავალებებში, რაც ეხმიანება საერთაშორისო გამოცდილებას – ინფორმაციის მონაკვეთების ცოდნის შემოწმებიდან აქცენტმა მოსწავლის ჰოლისტურ შეფასებაზე უნდა გადაინაცვლოს“, – მიიჩნევს ექსპერტი.

მისივე მოსაზრებით, ესგ-ს პრინციპებიდან გამომდინარე, დავალებების მიზანი უნდა იყოს „ცოდნის გამთლიანების და პრაქტიკაში გამოყენების შემოწმება“.

„ჩემი აზრით, ეროვნული გამოცდების ტესტები უფრო მეტად უნდა დაემსგავსოს PISA-ს დავალებებს – მოსწავლეს უნდა მიეცეს ცხოვრებისეულ სიტუაციებში პრაქტიკული ხასიათის, პრობლემის გადაჭრის უნარის დემონსტრირების შესაძლებლობა.

მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზნით გამოვიყენებთ ამ დავალებებს – განმსაზღვრელი თუ განმავითარებელი შეფასებისთვის“, -ამბობს საგნობრივი ექსპერტი.

განათლების მინისტრმა მიმდინარე წელს, ეროვნული მიზნებში ცვლილებები დააანონსა. ამ ეტაპზე უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა სამინისტრო მის მიერვე დაკვეთილი კვლევების შედეგებს.

მოსალოდნელი ცვლილებები, რომელიც არა მარტო ესგ-ს და მოსწავლეთა შეფასებას შეეხება, სამინისტროს განცხადებით, 2024 წლისთვის იქნება წარმოდგენილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: