მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„ჩვენთან ყოველ დღე 10 ბავშვი იბადებოდა, ამიტომ ქობულეთი ჩემი ოჯახია“ – 89 წლის გინეკოლოგი

20.12.2023 • 2618
„ჩვენთან ყოველ დღე 10 ბავშვი იბადებოდა, ამიტომ ქობულეთი ჩემი ოჯახია“ – 89 წლის გინეკოლოგი

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი

____________________

როცა ასაკზე ვკითხეთ, კითხვითვე მოგვიგო – თქვენი აზრით, რამდენი წლის ვიქნებიო, თუმცა პასუხს არ დაელოდა და გაზეთების დასტისკენ მიგვითითა, რომელსაც სათვალის გარეშე კითხულობს.

გულსუნდა მდივანი მაისში 90 წლის გახდება, ამბობს, რომ ჯანმრთელობას არ უჩივის და გული ისევ ახალგაზრდა აქვს. ჯანმრთელად რომ არ ვიყო, მეხუთე სართულზე ხომ ვერ ვიცხოვრებდი, მხოლოდ ჩემი ნაოჭები გასცემს ჩემს ნამდვილ ასაკსო – გვითხრა.

როგორც თავად უწოდებს, „ჯადოსნური ყუთიდან“ ძველ ფოტოებსა და ჩანაწერებს გვიზიარებს. გვიამბობს ამბავს, რომელმაც მისი ცხოვრება განსაზღვრა – გულსუნდა 2 წლის იყო, როდესაც მამა, ვალერიან მდივანი საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა.

„მამაჩემის უფროსი ძმა, დარისპან მდივანი, ნოე ჟორდანიასთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, 21 წლის ასაკში საფრანგეთში წავიდა. ამის გამო მამაჩემი ქვეყნისთვის არასანდოდ მიიჩნიეს და ბათუმის მაღალ მთაზე დახვრიტეს.

დრო რომ შეიცვალა, რეპრესიის მსხვერპლად მაღიარეს და კომპენსაციის სახით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 1400 ლარი ჩამირიცხა, თუმცა ამ ფულს ხელს დღესაც ვერ ვკიდებ“, – ამბობს გულსუნდა.

რეპრესიებს თავდაღწეულმა ბიძამ, დარისპან მდივანმა კი, ცხოვრება საფრანგეთში, ქალაქ ლევილში გააგრძელა. „როგორც ვიცი, იქ ბიზნესს მართავდა. გარდაცვალების შემდეგ ლევილის სასაფლაოზე დაკრძალეს“, – ამბობს ქალი.

მოგონებები მამაზე არ შემორჩენია, თუმცა კარგად იხსენებს დედას, რომელმაც მას მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

ფოტო: „ბათუმელები“/ანა ბაჟუნაიშვილი

გულსუნდა მდივანი უძველეს ალბომს გვიშლის, სახელად „ბათუმში მოწაფეობა“ და მისი მოსწავლეობის პერიოდში გვამოგზაურებს, რომელიც ბათუმის ქალთა პირველ გიმნაზიაში გაატარა:

„ბიჭები ცალკე სწავლობდნენ, ჩვენ – ცალკე. ნახე, რა ლამაზი ფორმები გვაცვია, უნიკალური. მოსწავლეების ახლანდელ ჩაცმულობას კი არ ჰგავს“.

გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე გააგრძელა. თითოეულ ფოტოსთან ერთად კურსელების სახელებს, მოგონებებს, სტუდენტურ ამბებს გვიცოცხლებს: „მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, ახალგაზრდა და ლაღი. ალბათ, უმეტესობა მათგანი ცოცხალიც აღარაა“.

სწავლობდა ფსიქიატრიასაც. როგორც თავად ამბობს, აკადემიკოს ავლიპ ზურაბაშვილის ლექციებზე დაეუფლა პაციენტებთან ურთიერთობის ხელოვნებას, რომელსაც მთელი ცხოვრება იყენებდა.

მეან-გინეკოლოგად ქობულეთის სამშობიაროში 50 წელი იმუშავა. გულსუნდა ექიმი მიიჩნევს, რომ მის პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტებთან ურთიერთობაა და პროფესიის სირთულესაც უსვამს ხაზს: „როცა ადამიანების სიცოცხლე შენ ხელთაა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება გიწევს. ასე გადავარჩინეთ უამრავი დედა და ახალშობილი’’.

სამსახურის გახსენებისას აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად ქობულეთის სამშობიაროში 10 ახალშობილი იბადებოდა. ,,ყველა პაციენტი არ მახსოვს, ნახევარი საუკუნე ცოტა ხომ არ არის?! დღემდე ქუჩაში მხვდებიან, მაჩერებენ და თავს მახსენებენ. ამიტომაც მგონია, რომ მთელი ქობულეთი ჩემი ოჯახია“.

ამბობს, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ცხოვრების აქტიური სტილი არ შეუწყვეტია. საქველმოქმედო ორგანიზაციის დახმარებით, სოფლად მცხოვრებლებს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მრავალჯერადად ეხმარებოდა. სიკეთის კეთებით, პირველ რიგში, ჩემ გულს ვახარებდიო – გვითხრა.

გულსუნდა მდივანი. ფოტო: „ბათუმელები“/ანა ბაჟუნაიშვილი

89 წლის გულსუნდა ექიმი დღემდე გამოირჩევა ჩაცმის განსხვავებული სტილით. გულსუნდა ექიმის კარადაში ფერად ტანსაცმელთან ერთად აუცილებლად იპოვით ფერად მძივებს, საყურეებს, სახისა და ხელის კრემებს, სუნამოს…

„ჩემ კარადაში შავ ტანსაცმელს ვერ იპოვით, მხოლოდ შავი დღეებისთვის მაქვს თითო-ოროლა გადანახული. ფერადი კაბები ჩემ განწყობას ქმნის“, – ამბობს გულსუნდა და სილამაზის შენარჩუნების საიდუმლოსაც გვიზიარებს: „თავის მოვლასთან ერთად, ჯანსაღი კვება და წყლის მიღება განსაკუთრებით აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის“.

ზღვა მისთვის ჯანმრთელობასთან, სიცოცხლესთან ასოცირდება. „უფასო მკურნალობას“ უწოდებს კენჭებზე ფეხშიშველა სიარულს. შედარებით ახალგაზრდა რომ ვიყავი, ზაფხულში ყოველდღე ვბანაობდიო – ამბობს.

გულსუნდა თავის მეზობელ ბიჭზეც გვიყვება, გაბრიელზე, რომელმაც იგი მარგარეტ ტეტჩერს მიამსგავსა და წიგნი აჩუქა წარწერით: „მშვენიერ და უბერებელ გოგოს“.

„ახალგაზრდებთან ურთიერთობა მეც მაახალგაზრდავებს, ცხოვრების სტიმულს მაძლევს“, ამბობს გულსუნდა მდივანი.

ქალი, რომელიც 50 წლის განმავლობაში უამრავ ახალ სიცოცხლეს ეგებებოდა, ახლა მარტო ცხოვრობს. სტუმარიც ხშირად არ დადისო ჩივის გულსუნდა ექიმი. სახლის კედლებს ჟურნალებიდან ამოჭრილი უამრავი ფოტო ფარავს, აქ-იქ გულსუნდას ახალგაზრდობისა და საოჯახო ფოტოებსაც წააწყდებით. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პროფესიულ წიგნებს, რომლებსაც დროგამოშვებით უბრუნდება ხოლმე.

ფოტო: „ბათუმელები“/ანა ბაჟუნაიშვილი

პენსიითა და სოციალური დახმარებით, რომელიც 40 ლარს შეადგენს, ცხოვრების მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას ცდილობს. „უმჯობესი იქნებოდა, რომ პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გვეძლეოდეს, თუმცა იანვრიდან პენსიას მოგიმატებთო, დაგვპირდნენ“, – გვითხრა მან.

გულსუნდა ექიმი საქართველოსა თუ მსოფლიო ამბებს აქტიურად ეცნობა: ,,კროსვორდებიან გაზეთს ყოველკვირეულად ვყიდულობ, ტელევიზორიც თითქმის არასდროს ითიშება. საინფორმაციოს სულ ვუყურებ, ყოველი დღე მისით იწყება“.

ყვავილები განსაკუთრებით უყვარს. ,,ამ ზამთარს საზრუნავი გავიჩინე, ცივი დღეები უნდა გადავაგორებინო“, – ამბობს გულსუნდა ექიმი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: