მთავარი,სიახლეები

სანელებლები უსაფრთხო ისევ არ არის – ტყვიით მოშხამვის შემდეგ სუდანი

27.12.2023 • 2106
სანელებლები უსაფრთხო ისევ არ არის – ტყვიით მოშხამვის შემდეგ სუდანი

ახალ წლამდე სულ რაღაც სამი დღე რჩება, უფრო ნაკლები – საახალწლო სუფრის სამზადისის დაწყებამდე. ტრადიციულად ამ დღის სუფრისთვის რამდენიმე სახეობის კერძს ამზადებენ, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც აუცილებლად სჭირდება სანელებლები.

არავინ იცის, რა აღმოჩნდება სანელებლებთან ერთად ჩვენ საახალწლო კერძებში. ტყვია? ან იქნებ სუდანი? – როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის არანაკლებ საშიშია.

2023 წელს სურსათის უვნებლობის სააგენტოში აცხადებენ, რომ კონტროლის გაძლიერებისა და რიგი პრევენციული ღონისძიებების შემდეგ ტყვია სანელებლებში იმ დოზით აღარ გვხდება, თუმცა ამავე სააგენტოს ინფორმაციით, სანელებლები მაინც არ არის უსაფრთხო.

ამჯერად სანელებლებში ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საშიში ნივთიერება – სუდანი აღმოაჩინეს.

2023 წლის 24 ნოემბერს სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სურსათში – ძირითადად სანელებლებში, საღებავების შემცველობის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სურსათის 61 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

კვლევის შედეგად 5 ნიმუშში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოაჩინეს. სააგენტოს ინფორმაციით, ნიმუშები აიღეს სენაკის ცენტრალურ ბაზარში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში.

სქრინი სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან

სააგენტოს განმარტებით, სუდანის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავების ჯგუფს და ქიმიური დამაბინძურებელია, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია. კანონის თანახმად, ქიმიურად დაბინძურებული სურსათი ბაზრიდან ამოღებასა და განადგურებას ექვემდებარება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

საკვებ პროდუქტში ნივთიერება სუდანის აღმოჩენის ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 2023 წელს სააგენტო  ასევე წერდა, რომ სუდანი აღმოაჩინეს კეტჩუპ „PRIMO“-ს ნიმუშშიც.

ხუთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ სანელებლებში ტყვიის საგანგაშო დოზის არსებობის შესახებ პირველად გაიგო საზოგადოებამ. სამ წელზე მეტი მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დონორი ორგანიზაციების ერთობლივმა კვლევამ საქართველოში, კვლევაში ჩართული ბავშვების სისხლში, ტყვიის მაღალი შემცველობა გამოავლინა.

ისევ უცნობია, თუ რამ გამოიწვია ამ მაჩვენებლის ზრდა ან რა არის ბავშვების ორგანიზმში ტყვიის კონკრეტული წყარო ან წყაროები. კვლევის შედეგების მიხედვით, ამ კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაში დაფიქსირდა.

სპეციალისტების განმარტებით, ტყვიის შემცველობა ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის ორგანიზმში, იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, გონებრივი განვითარების შეფერხებას.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად მასშტაბური კვლევა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) დახმარებით 2018 წელს ჩატარდა. სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ-ის (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

კვლევები ისევ გრძელდება. ამ დრომდე არავის აქვს დაზუსტებული პასუხი კითხვაზე და არც ვარაუდი, მაგალითად რა შეიძლებოდა ყოფილიყო, არა ბათუმში, სადაც სამშენებლო ბუმი და სატრანსპორტო კოლაფსია, არამედ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ბავშვების სისხლში დაფიქსირებული შედეგი რამ განაპირობა. აქაც სანელებელი იყო „მთავარი დამნაშავე“ თუ რაიმე სხვა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც ამ მიმართულებით რამდენიმე პროგრამას დაავადების კონტროლის ცენტრთან [NCDC] და დონორებთან ერთად ახორციელებს, აგროვებს  მონაცემებს საცხოვრებელი გარემოს შესწავლისას საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სამშენებლო მასალებში ტყვიის დაფიქსირების შესახებ. ეს მონაცემები საბოლოოდ გაანალიზებული არ არის, შესაბამისად არ არის დასკვნები.

სუნელები

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ კონკრეტული გარემოებების დასადგენად კვლევა უნდა დასრულდეს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ნონა ეფაძის განმარტებით, გარკვეული ინფორმაციის დაფიქსირების შემდეგ სახელმწიფომ დაიწყო ტყვიის ბიომონიტორინგი; 2020 წელს კი ტყვიის მაჩვენებლის კვლევა ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების სისხლში; შემდეგ კი აჭარის რეგიონში კვლევა გააფართოვეს არამხოლოდ ამ რეგიონში რეგისტრირებული ყველა ორსულისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც შესაბამის მომსახურებას აჭარაში მოქმედ საავადმყოფოებში იღებს. 2022 წლიდან ამას დაემატა ბავშვების კვლევა შერჩევითად, პედიატრებისა და ოჯახის ექიმების ჩართულობით.

„რაც შეეხება გარემოს და მიზეზებს, ამას რასაკვირველია სჭირდება სიღრმისეული კვლევა. გასაგებია, რომ არსებობს პრობლემა, მაგრამ იმისთვის, რომ დადგინდეს წყარო, ეს სხვა კვლევის საგანია.

მოგეხსენებათ NCDC-ს  სხვა, პარალელურ კვლევებთან ერთად დაწყებული აქვს ოჯახური გარემოს კვლევა, აქ ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს, სურსათის უვნებლობის სამსახურები. ისინი იკვლევენ სხვა წყაროებსაც, ეს იქნება ნიადაგი, წყალი თუ…. ჩვენ წელს დავიწყეთ საცხოვრებელი გარემოს კვლევა იმ ბავშვებისა და ქალების ოჯახებში, სადაც დაფიქსირებული მაჩვენებლი ათზე მეტია“, – ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა ეფაძე.

  • მშობლები

„ბათუმელები“ გაესაუბრა მშობლებს, რომელთა შვილებსაც სისხლში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი აღმოაჩნდათ. მათ ვინაობას ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე არ ვასახელებთ. ერთ-ერთი მშობლის თქმით, ბავშვს ანალიზი სკოლაში აუღეს. სწორედ ამ ანალიზის შედეგით გახდა მშობლისთვის ცნობილი, რომ მის შვილს სისხლში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი აღმოაჩნდა.

„მოგვცეს ვიტამინი. სხვა მკურნალობა არ ჩაჰტარებია. შემდეგ მე ნაცნობ ექიმს დავუკავშირდი უცხოეთში, ჩამოვიტანეთ ბუნებრივი მედიკამენტები და ამით ვუმკურნალეთ. ამის შემდეგ არ გადაგვიმოწმებია რა შედეგი დადგა“, – გვითხრა ბავშვის დედამ.

კიდევ ერთი მშობლის თქმით კი, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა მის სამივე შვილს გამოუვლინდა.

„დამირეკეს და შემომთავაზეს ტყვიაზე კვლევა. ჩავიტარეთ ანალიზი და სამივეს დაუფიქსირდა. უფროსს – „9“. მოგვცეს ხუთი სახის ვიტამინი, რომლითაც ბავშვებს ვუმკურნალე. შემდეგ ისევ დამიკავშირდნენ, შემომთავაზეს ანალიზის აღება გადამოწმების მიზნით, მაგრამ ჯერ არ გაგვიკეთებია განმეორებითი ანალიზი. ეს ყველაფერი უფასოდ იყო, ჩვენ არაფერი გადაგვიხდია“, – გვითხრა ბავშვების დედამ.

  • ნიუ იორკში ქართულ სუნელებში ტყვიის აღმოჩენის შემდეგ

ყველაფერი 2017 წელს, ნიუ იორკიდან გადმოგზავნილი ინფორმაციის გახმაურებით დაიწყო. 2017 წელს გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა საქართველოში ნაყიდ ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოაჩინა, ქართულ მედია სივრცეში მთავარ თემად იქცა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრს საქართველოში 2015 წელსვე გადმოუგზავნეს. არც 2015 წლის ანგარიშში და არც 2015 წლის ინსპექტირების შედეგებში სანელებელში ტყვიის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ იძებნებოდა.

2017 წელს, ამბის გავრცელების შემდეგ, დაიგეგმა პრევენციული ღონისძიებები, გამკაცრდა კონტროლი სანელებლებზე და დაიწყო კვლევები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, 2021-2022 წლებში ტყვიის ძირითადი წყაროების შესწავლის მიზნით ჩატარდა კვლევები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის ფარგლებში.

კვლევისთვის შეარჩიეს ის ოჯახები, სადაც ბავშვის სისხლში ტყვიის კონცენტრაცია დაფიქსირდა 10 მკგ/დლ და მეტი. ანალიზი მოიცავდა გურიისა და აჭარის რეგიონებს.

ანგარიშის მიხედვით, 2021-2022 წლების გაზომვების რაოდენობა ასე ნაწილდება:

  • საღებავები 153
  • კერამიკული ჭურჭელი 340
  • პლასტმასის ჭურჭელი 41
  • სათამაშოები 304
  • საკანცელარიო ნივთები 84
  • ნიადაგი 9
  • სუნელები 20

კონტროლის ცენტრი განმარტავს, რომ საღებავებში გაზომვები წარმოებდა დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  შესაბამისად. სათამაშოებში მიგრაციის ზღვარი კი განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

„კვლევის პარალელურად ხდებოდა რეკომენდაციების გაცემა მოსახლეობაზე, ექსპოზიციის მინიმიზაციის თვალსაზრისით, მაღალი კონცენტრაციის ნივთების ამოღება ხმარებიდან და სხვა. ზომების გატარების მიმართულებით სულ გადამზადდა 167 საზღვრის დაცვის პოლიციის და საბაჟო სამსახურის თანამშრომელი“, – წერია ანგარიშში.

სხვადასხვა წლის ანგარიშებში დაავადებათა კონტროლის ცენტრი წერს რიგი კვლევების შესახებ, თუმცა ეს ანგარიშები მეტწილად არ შეიცავს ინფორმაციას გამოვლენილ შედეგებზე.

ნონა ეფაძის ინფორმაციით კი, ტყვიის მატების შემთხვევები არ ფიქსირდება:

პირობითად თუ 2022 წელს 5 მკგ/დლ-ზე მაღალი მაჩვენებელი დაახლოებით 37 პროცენტს დაუფიქსირდა, 2023 წელს ეს მონაცემი 23 პროცენტამდე შემცირდა. ბავშვებში კი, 2022 წელს გამოკვლეულებში თუ იყო 33 პროცენტი, 2023 წლის კვლევის დროს დაახლოებით 18 პროცენტზეა ჩამოსული.

„დაახლოებით სამი თვის წინ ჩვენ გვქონდა გაერთიანებული შეხვედრა ბათუმში, „იუნისეფთან“ და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად. განვიხილეთ შედეგები და რეკომენდაციები. ჩვენთვის და მათთვისაც საინტერესო იყო ის, რომ მათ მიერ ჩატარებული და დამოუკიდებელი კვლევებიც აჩვენებს, რომ არის კლების ტენდენცია.

მაღალი მაჩვენებლები, რაც იყო პროცენტულად, წლების მიხედვით მცირდება. ეს გამოიკვეთა, როგორც ქალებში, ასევე ბავშვებში. ბავშვებთან დაკავშირებით გვაქვს ორი წლის მონაცემი, რადგან ბავშვების კვლევა მეორე წელია მიმდინარეობს.“

რაც შეეხება მიზეზებს, როგორც კვლევაში ჩართული ყველა მხარე, მათ შორის „იუნისეფის“  პროგრამის გარემო და ჯანმრთელობა ხელმძღვანელი ნინო ძოწენიძე განმარტავს, რომ ეს დამატებითი კვლევის საგანია და კონკრეტულ სივრცეში აღმოჩენილი ტყვიით დაბინძურებული ნივთი ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ სწორედ ამ კონკრეტულმა ნივთმა განაპირობა მაჩვენებლის ზრდა.

„გროვდება უამრავი მონაცემი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით სახელმწიფო გააკეთებს ანალიზს.  განსაკუთრებით მაღალი მონაცემები სადაც დაფიქსირდა, ბავშვებში, ოჯახებში შედიან და იკვლევენ გარემოს – პროგრამა ამასაც გულისხმობს. იკვლევენ ნიმუშებს, შედიან პორტატიული აპარატით, რომელიც იკვლევს და ადგილზე გამოავლენს ჭურჭელი იქნება ეს, სათამაშო, საღებავი თუ ნიადაგი – შეიცავს თუ არა ტყვიას.

ამას ემატება რეგულაციები, მაგალითად სუნელებზე კონტროლის გამკაცრება, ტყვიის შემცველობის შეზღუდვა საღებავებში და საღებავების იმპორტზე, ტყვიის შემცველი საწვავი აღარ შემოდის ქვეყანაში. სხვადასხვა რეგულაცია ამუშავდა, რაც ხელს უწყობს პრობლემასთან ბრძოლას.

სავარაუდოდ, ამ ზომებს უკვე აქვს გავლენა. იმედია, რომ ტყვიით მოშხამვის გავრცელების დონე საქართველოში დაიკლებს. თუმცა, ჯერჯერობით მაინც ვერ ვიტყვით, რომელიმე კონკრეტულ მიზეზზე – საღებავზე თუ სხვა. სუნელები იყო მხოლოდ ერთი ძირითადი წყარო. სავარაუდოდ, რამდენიმე წყაროა ქვეყანაში, რომელიც იწვევს ტყვიით მოშხამვას. ახლა გვაქვს ამოცანა, რომ მივაგნოთ ამ წყაროებს. სწორედ ამიტომ „იუნისეფის“ მხარდაჭერით შემუშავდა ტყვიის ზედამხედველობის სისტემა და წელს პილოტურად დაინერგა ორ რეგიონში – აჭარასა და იმერეთში“.

ნინო ძოწენიძის ინფორმაციით, სიახლეა ისიც, რომ კვლევისას სისხლის ანალიზის ახალი მეთოდი გამოიყენება, თუკი ამ დრომდე შესაძლებელი იყო მხოლოდ ვენური კვლევა, ახლა შესაძლებელია კაპილარული სისხლით კვლევაც.

2022 წლის აგვისტოში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტყვიის შემცველობაზე სურსათის 614 ნიმუშის შემოწმების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, შესწავლის შედეგად დასაშვებ ნორმაზე მაღალი ტყვიის შემცველობა 4 სუნელ-სანელებლის შემთხვევაში აღმოაჩინა.

თბილისის საკრებულოს წევრის, „ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წევრის, ვატო სურგულაძის შეფასებით, ქვეყანას არ აქვს ტყვიის მართვის პოლიტიკა შემუშავებული. გარდა ამისა, ვერ ხერხდება საკვების ხარისხის შემოწმება.

„შეერთებულ შტატებში 70-იან წლებში რომ გაზომეს, 88 პროცენტს ჰქონდა მომატებული ტყვიის შემცველობა, დაიწყეს და შეიმუშავეს ისეთი პოლიტიკა, რომ 2000 წლისთვის ძალიან სერიოზულად დაიკლო. რა გააკეთეს ამისათვის, რა თქმა უნდა, ამოიღეს საღებავები, რომლებიც შეიცავდა ტყვიას.

სურსათის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში შეამოწმა სადღაც 170- მდე სათამაშო და 30 პროცენტზე მეტი ამოიღო გაყიდვიდან. შეიცავდა ტყვიას და სხვა მომწამვლელ საშუალებებს. ამის მონიტორინგი უნდა ხდებოდეს მუდმივად.

საწვავის ხარისხს პრაქტიკულად არ ამოწმებენ – შეიძლება კამპანიის ხასიათს ატარებდეს. კიდევ ერთი პრობლემა, ეს არის ჰიბრიდული და ელექტრო მანქანები, მათი აკუმულატორები, რომლებიც დამზადებულია ტყვიისგან. ამათი უტილიზაცია როგორ მოხერხდება საქართველოში, ამაზე არავინ საუბრობს. ვერ ვხედავ მკაფიო ღონისძიებებს იმისთვის, რომ ეს პრობლემა საქართველოში მოიხსნას.

სათამაშოები შეამოწმეს და 30-40 პროცენტი ამ სათამაშოების დაიწუნეს, მაგრამ ძველ სახლებში საღებავები რჩება, ადრე უმეტესად იყენებდნენ ტყვიის შემცველ საღებავებს, ხრუშოვის დროინდელ სახლებში, სადაც დარჩენილი ძველი საღებავები არის პრობლემა. უნდა შემუშავდეს პოლიტიკა და პოლიტიკა არ შექმნილა, მშობელს თუ უნდა შეამოწმებს, თუ არ უნდა არ შეამოწმებს, აქ მივდივართ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის არარსებობამდე.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: