მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

წარმოიდგინე, რომ გაფუჭდი. როგორ იზრუნებდა ქვეყანა შენზე?

20.12.2023 • 5763
წარმოიდგინე, რომ გაფუჭდი. როგორ იზრუნებდა ქვეყანა შენზე?

ავტორი: ნინუკა ქოიავა

__________________

დღეს საქართველოში ყოველდღიური შრომა ასე ფასდება – შენ მუშაობ იმისთვის, რომ იყიდო საჭმელი და წამალი. გადაიხადო გადასახადები. შენ, საშუალოსტატისტიკური ადამიანი, იცავ წესრიგს და წარმოადგენ საზოგადოების თვინიერ ნაწილს. სახელმწიფო შენზე იმით ზრუნავს, რომ ჩამოაქვს ახალი ავტობუსები ან ხსნის სკვერებს საბავშვო მოედნებით. კარგი სახელმწიფო ჯანდაცვით, განათლებით და ბევრი სხვა ამბითაც გამოხატავს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვას, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს კარგი სახელმწიფო.

ახლა წარმოიდგინე, რომ გაფუჭდი. როგორ იზრუნებდა საკუთარი ქვეყანა შენზე? „შესაკეთებელი“ მოქალაქეების საზომით განსაზღვრე, როგორია შენს ქვეყანაში ადამიანის ფასი, რადგან რეალურად სახელმწიფო ისაა და ისეთია, როგორც ეპყრობა ის საკუთარი ქვეყნის ყველაზე დაუცველ წევრებს: ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებს, პატიმრებს, შშმ პირებს. ესაა ის, რაც სახელმწიფოს ნამდვილს ხდის. სახელმწიფოს სახელმწიფოდ აქცევს.

***

ერთ ჩვეულებრივ 28 ნოემბერს ჩემს ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ვმგზავრობდი ავტობუსით. სახლიდან – სკოლამდე. უცნობი შუახნის კაცი ავტობუსში მალევე ამოვიდა, ამოსვლისთანავე გაუკიდა სიგარეტს და მთელი ავტობუსი ასე გამოიარა. შეწუხებული მგზავრები მხოლოდ იშმუშნებოდნენ. ალაგ-ალაგ.

ჩვენ ავტობუსის უკანა მხარეს ვისხედით, ოთხადგილიან სკამზე და როდესაც კვამლი ჩვენამდეც მოვიდა, ჩემთვის დღემდე უცნობმა პატარა გოგომ დაუფიქრებლად უთხრა, რომ ან ჩაექრო სიგარეტი, ან ჩასულიყო ავტობუსიდან. პასუხად მიიღო ჯერ ერთი – გვარიანი სახეში შებოლება და ამას დამატებული აგრესიის ზღვა. „ შენ ვინ გეკითხება მე რას ვიზამ?!“ „შენი ადგილი იცოდე!“ „ ახვარო ქალო!“ „ ეგდე ჩუმად!“„ლაწირაკო!“ და გინება, მუქარა, ყვირილი. ბოლოს ამოიღო ჯიბიდან დანა, რომელიც რამდენჯერმე უმისამართოთ და რამდენჯერმეც დამიზნებით მოიქნია.

ჩემს უფროს შვილს ხელი ვკარი, რომ უკან გადამეგდო და მოქნეული დანა სახეში არ მოხვედროდა, რა დროსაც ჩემი მეორე შვილი ავტობუსის მძღოლთან გაიქცა, რომ მძღოლისთვის ეთქვა კარი დაეკეტა და წავსულიყავით.

შემდეგ სოციალურ ქსელში გავასაჯაროვე ვიდეო, სადაც ამ ამბის ნაწყვეტი გარკვევით ჩანს, მოვითხოვე, ტელევიზიებს გაეშუქებინათ შემთხვევა, პოლიციაში ვიყავი, დავწერე საჩივარი, ჩავეწერე ყველას, ვინც ამ ამბით დაინტერესდა და სახლში მივედი კმაყოფილი და სწორად „გარჯილი“.

თენდება სხვა დღე. შეტყობინებად მომდის გაურკვევლად აკრეფილი ტექსტი. ტექსტში არის წყევლა, ლანძღვა და ათასი ავი სურვილი. ბრალდება, რომ მე სასიკვდილოდ გავიმეტე ადამიანი, რომ არავის ქვეყანაზე მისი სიცოცხლე არ ადარდებს, რომ ეს ადამიანი ფსიქიკურად დაავადებულია და ოჯახი ვერ სწვდება მკურნალობის ხარჯებს, რომ სახელმწიფო მათთვის წამალსაც არ ყიდულობს და მხოლოდ ქუჩაა მისთვის კლინიკაც და სახლიც.

გავარკვიე, რომ ამ კაცს კლინიკური დიაგნოზი მართლაც აქვს. პერიოდულად ფსიქიატრიულ კლინიკაში აწვენენ, მაგრამ მალევე უკან უშვებენ, რადგან კლინიკები ცოტაა და პაციენტები ბევრი. ქუჩაში ბევრჯერ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც თავდაცვისთვის ატარებს დანას. მისი სრულყოფილი მკურნალობისთვის არ არსებობს დრო და ადგილი. როგორც მისმა დამ თქვა, კრიტიკული ფაზის დაწყებისას კლინიკაში იძულებით აწვენენ. იქ კვირაობით თიშავენ წამლებით და სრულიად პარალიზებულს უკან უშვებენ იმ დრომდე, სადამდეც გაძლებს და ეს ციკლი თავიდან არ დაიწყება.

მისი დიაგნოზი არანაირ უფასო პროგრამას არ ექვემდებარება. ოჯახს რეგულარული წამლებისთვის არ აქვს რეგულარული სახსრები. ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.

პოლიციელებმა მითხრეს, რომ ამ კაცის შესახებ დიდი ხანია იციან, მაგრამ იმისთვის, რომ მისი იზოლირება მოახდინონ, აუცილებელია ვინმეს რამე დაუშავოს. პოლიციელებმა იციან, რომ ადრე თუ გვიან ასეც მოხდება და ლოდინის გარდა ვერაფერს აკეთებენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც „პოტენციური“ კანონიერია და პრევენციული – არარსებული.

და რას მოიმოქმედებდი შენ, თუ ის კაცი იქნებოდი, რომელიც სხვანაირად ხედავს საგნებს და ყურშიც სხვა ხმები ესმის?

ან იმ კაცის დისშვილი რომ ყოფილიყავი, რომელსაც უყვარს თავისი ოჯახის წევრი და რცხვენია, რომ ვერ მკურნალობს?

შენ რომ ის პატარა გოგო ყოფილიყავი? რომელიც გადარჩა ავტობუსში უეცარ სიკვდილს?

ან რომ ყოფილიყავი პოლიციელი, ყველა ბერკეტგამოცლილი?

საქართველოს კანონი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ შეუსაბამოა ჩვენი რეალობისთვის. ხალხს, რომელიც ამ კანონების შექმნისთვის ვქირაობთ, თვალები დახუჭული აქვთ. ფართოდ. ჩვენი სიჩუმით და უმოძრაობით კი ვეთანხმებით სისტემურ დახუჭობანას, რაც უდრის იმას, რომ ჩვენვე გვკიდია ფეხებზე საკუთარი და გარშემომყოფების სიცოცხლეები.

გამოქვეყნებული ვიდეოს ქვემოთ დაიწერა კომენტარები, რომელთა ავტორებიც ჰყვებოდნენ სხვადასხვა ადგილას მომხდარ საზარელ ამბებს. უპატრონოდ, დაუცველად დატოვებულ ადამიანებზე მეტროებში, ქუჩებში, სადგურზე, გაჩერებებზე.

ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველო – როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, აღიარებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ადამიანის ჯანმრთელობის ფუნდამენტური ნაწილი და საზოგადოების კეთილდღეობის აუცილებელი პირობა.

_________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: