სიახლეები

რას ჰყვება რამაზი, რომელმაც $10 000 გადაიხადა და აშშ-ის საზღვრიდან უკან მოაბრუნეს

18.12.2023 • 7883
რას ჰყვება რამაზი, რომელმაც $10 000 გადაიხადა და აშშ-ის საზღვრიდან უკან მოაბრუნეს

არალეგალური მიგრაცია დიდ საფრთხეებთანაა დაკავშირებული. კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოდან შრომით ემიგრაციაში ძირითადად ქალები მიდიან, რაც მკვლევრებს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნან, რომ საქართველოში აშკარად იკვეთება მიგრაციის ფემინიზაციის ნიშნები.

საქართველოს რამდენი მოქალაქეა არალეგალურ შრომით ემიგრაციაში უცხოეთში, ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ გვაქვს, რადგან შრომით მიგრაცია არარეგულარული ხასიათისაა და ზუსტი მაჩვენებლის განსაზღვრა რთულია.

ლოგიკურად, რახან საქართველოდან მიგრანტთა უმეტესობა ქალია, უცხო ქვეყანაში არალეგალურად ყოფნისას საფრთხეც სწორედ ქალებს ემუქრებათ ყველაზე ხშირად.

უცხო ქვეყანაში არალეგალურად გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, თუმცა შესაძლოა თავად გეგონოთ, რომ ლეგალურად მიემგზავრებით ემიგრაციაში, სინამდვილეში კი ტრეფიკინგის მსხვერპლად იქცეთ, რისგანაც თავის ასარიდებლად აუცილებელია ყველაფრის დეტალურად გადამოწმება.

მიგრაციის სამთავრობო კომისია ემიგრაციაში წასვლის მსურველებს არალეგალური საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. კომისიის გზამკვლევში წერია, რომ:

  • ყოველთვის უნდა გადაამოწმოთ ორგანიზაციები, რომლებიც გთავაზობენ დახმარებას საზღვარგარეთ დასაქმებაში, სწავლაში, სტაჟირებაში ან საცხოვრებლად გადასვლაში;
  • ვიზის მისაღებად პირადად უნდა მიმართოთ დანიშნულების ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას;
  • არ უნდა გადასცეთ პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი სხვას;
  • წინასწარ უნდა გადაამოწმოთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს პირობები. უნდა მოითხოვოთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები;
  • თქვენი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ მუშაობის დაწყებას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე.

არალეგალური მიგრაციის ძირითადი გზებია: ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), საზღვრის უკანონო კვეთა, ადამიანის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა და ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდგომ დარჩენა.

როდესაც საზღვრის უკანონო კვეთა მიგრანტთა თანხმობით ხდება, კრიმინალური დაჯგუფებები გარკვეული საფასურის სანაცვლოდ უზრუნველყოფენ ადამიანების იმ ქვეყანაში გადაყვანას, რომლის მოქალაქეები არ არიან და არც ლეგალურად შესვლისთვის საჭირო დოკუმენტაცია გააჩნიათ. ასეთ შემთხვევებში კრიმინალურ დაჯგუფებასა და მიგრანტს შორის ურთიერთობა საზღვრის გადაკვეთის შემდეგ სრულდება.

ხშირად, საფასურის გადახდის მიუხედავადაც, კრიმინალურ დაჯგუფებებს არ გადაჰყავთ მიგრანტები საზღვარზე, მიგრაციის მსურველს უკან, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება უწევს, გადახდილ ფულს კი მათ არავინ უბრუნებს. ასე დაემართა რამაზსაც, ამერიკაში მოხვედრის მსურველ საქართველოს მოქალაქეს ზესტაფონიდან. რამაზმა ჯერ ამერიკის ტურისტული ვიზის მიღება სცადა, რაზეც უარი მიიღო, მერე კი არალეგალური გზების ძიება დაიწყო მექსიკის გზით ამერიკაში მოსახვედრად.

რამაზს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ურჩიეს ,,გადამყვანებთან“ დაკავშირება და საკონტაქტო ინფორმაციაც მიაწოდეს. რამაზს 10 000 დოლარი მოსთხოვეს მექსიკის საზღვრიდან ამერიკის საზღვრამდე გადაყვანაში, რის შემდეგაც ამერიკელ მესაზღვრეებს უნდა ,,ჩაბარდებოდა“ და თავშესაფარი მოეთხოვა მას შემდეგ, რაც დროებით ციხეში მოათავსებდნენ.

რამაზი ქუთაისის აეროპორტიდან ჯერ პოლონეთში ჩავიდა, იქაური სამუშაო ვიზა მიიღო, შექმნა იმიტაცია, რომ აქვე უნდა დარჩენილიყო სამუშაოდ და მართლაც იმუშავა ვარშავაში 2 თვე, რის შემდეგაც მექსიკაში გადაფრინდა, მექსიკაში ტურისტის სტატუსით შეუშვეს, ჩაფრენისას მას ნამდვილად დახვდა „გადამყვანი“, რომელმაც რამაზი სასტუმროში დააბინავა:

„მითხრა, რომ დილით მომაკითხავდა და იყო დიდი ჯგუფი მიგრანტების, ვისთან ერთადაც ამერიკის საზღვრამდე ავტობუსით მიმიყვანდა, თუმცა ამის შემდეგ აღარავინ გამოჩენილა. ვერსად განვაცხადებ ამას, მე თვითონაც კანონსაწინააღმდეგო საზღვრის კვეთას ვგეგმავდი და პასუხს ვერავის მოვთხოვ.

,,გადამყვანს“ 6000 დოლარი ქეშად გადავეცი მას შემდეგ, რაც მექსიკაში ჩამოვფრინდი პოლონეთიდან და საზღვარზე უპრობლემოდ შემიშვეს, ჩავთვალე, რომ ამის შემდეგ გზა ხსნილი იყო, დანარჩენი, 4000 დოლარი მერე უნდა მიმეცა მისთვის, ჯამში 10 000 დოლარი, მას შემდეგ, რაც ამერიკის საზღვართან მიმიყვანდა.

სასტუმროში სამი დღე ვიცადე, მივხვდი, რომ აღარ გამოჩნდებოდა ეს ადამიანი და თავად ვიპოვე ავტობუსი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი შტატის საზღვრამდე მიმიყვანდა. ჩემით ვცადე გადასვლა, თუმცა ზედაც არავინ შემომხედა, უკან გამომაბრუნეს ამერიკელმა მესაზღვრეებმა, მექსიკაში.

გამიმართლა, რომ მქონდა 4000 დოლარი, რითაც უკან დაბრუნება მოვახერხე. არავის ვურჩევ ასეთი არასაიმედო გზით სიარულს და ვინმეს ნდობას, 10 ათასი დოლარიდან მხოლოდ 2300 ჩამომყვა სახლში, ვალი არ იყო ეს ფული, ემიგრანტმა მშობლებმა შემიგროვეს, მაგრამ სირცხვილით ვეღარ ვეუბნებოდი მათ, რაც მოხდა“, – იხსენებს რამაზი.

რესპონდენტის უსაფრთხოების მიზნით, რამაზის გვარს არ ვასაჯაროებთ, გვეუბნება, რომ ისევ აპირებს მექსიკის გზით სცადოს ამერიკაში მოხვედრა.

“2300 ჩამომყვა სახლში, ვალი არ იყო ეს ფული, ემიგრანტმა მშობლებმა შემიგროვეს, მაგრამ სირცხვილით ვეღარ ვეუბნებოდი მათ, რაც მოხდა“, – იხსენებს რამაზი.

იმ შემთხვევაშიც, თუ მიგრანტი ლეგალურად იმყოფება უცხო ქვეყანაში და გადაწყვეტილი აქვს იქ ხანგრძლივად დარჩენა, უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი ვიზის ან ბინადრობის ნებართვის ვადის გასვლასთან ერთად მისი სამართლებრივი სტატუსი ლეგალურიდან არალეგალურზე იცვლება. არალეგალურ სტატუსს კი თან ახლავს ფიზიკურ უსაფრთხოებასა და პირად თავისუფლებასთან დაკავშირებული გაზრდილი რისკები;

როგორც წესი, არალეგალური მიგრანტების საცხოვრებელი პირობები სავალალოა. ხშირად მათთვის შეუძლებელია ნორმალური ბინის დაქირავება; ხოლო ისინი, ვინც მზად არიან უზრუნველყონ არალეგალი მიგრანტები საცხოვრებლით, ძირითადად სთავაზობენ საშიშ ადგილებს არადამაკმაყოფილებელი პირობებითა და დაუცველობის დიდი რისკით.

იმედა ენდელაძე მაგალითად მეხუთე თვეა უკვე საფრანგეთში ცხოვრობს. შენგენის ზონაში 3 თვიანი ყოფნის ვადა რომ ამოიწურა, იმედა საფრანგეთში, კერძოდ სტრასბურგში დარჩა. იმედას მძიმე ონკოლოგიური დაავადება აქვს, რასაც საქართველოში ვერ მკურნალობენ და დანამდვილებით იცის, რომ საფრანგეთში ამ ტიპის დაავადებას 90%-ით კურნავენ. სწორედ ეს იყო მისთვის სტრასბურგში არალეგალურად დარჩენის მოტივაცია.

მიუხედავად იმისა, რომ მთელ ევროპაში საფრანგეთს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჰუმანური ჯანდაცვის სისტემა აქვს, იმედა 5 თვე ელოდა ჯანმრთელობის დაზღვევას. ამ ხნის განმავლობაში ის საქართველოდან წაღებული 5000 ევროთი ცხოვრობდა.

აქამდე იმედას მსგავსად  დადასტურებულად მძიმე დიაგნოზის მქონე ემიგრანტებს მყისიერად აძლევდნენ ლტოლვილის სტატუსს და მკურნალობაც დაუყოვნებლივ იწყებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, ეს მიდგომა შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ იმედას ჯანმრთელობის დაზღვევა მისცეს, რაც ნიშნავს, რომ მკურნალობას შეძლებს, მას არ აქვს თავშესაფარი, ეს სტატუსი ემიგრანტ პაციენტს არ მიანიჭეს:

„წმინდანის მსგავსი მოთმინება გმართებს, რომ ამას გაუძლო. იცი, რომ უმძიმესი ონკოლოგიური დაავადება გაქვს, ხან რა გაგეთიშება, ხან რა, ხან გონებას ვკარგავ და მეუბნებიან, რომ მიმკურნალებენ, მაგრამ არ სახლი ჩემით უნდა მოვძებნო, როგორ? ახლა სტრასბურგ ქართველების იმედად ვარ, ხან ვინ შემიფარებს და ხან ვინ, არც ვიცი ხანდახან ვფიქრობ რა სჯობდა, იქნებ არც წამოვსულიყავი საერთოდ“ – ამბობს იმედა.

მას რომ ლტოლვილის სტატუსი ჰქონდეს, საფრანგეთის საემიგრაციო სამსახური სოციალურ საცხოვრებელში ბინას გამოუყოფდა ყოველთვიურ დახმარებასთან ერთად, რის შემდეგაც მშვიდად შეძლებდა მკურნალობას. თუმცა საფრანგეთში ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ემიგრანტი ითხოვს ლტოლვილის სტატუსს, რისი გაცემის ფინანსური რესურსიც ქვეყანას იმ რაოდენობით, როგორც გასულ წლებში გასცემდა, აღარ აქვს.

ქრისტინე კიკაბიძე უკვე 6 წელია ემიგრაციაშია ოჯახთან ერთად, საფრანგეთის სამხრეთით ცხოვრობს. ოჯახს ჯერ სტატუსი არ აქვთ ქვეყანაში და არალეგალებად მიიჩნევიან.

ქრისტინე ამბობს, რომ ძალიან ბევრ რესურსზე არ მიუწვდებათ ხელი მიგრანტებს და ორმაგად უწევთ შრომა ქვეყანაში ლეგალურად მყოფ მიგრანტებთან შედარებით. ქრისტინე ხაზს უსვამს იმასაც, რომ საფრანგეთში არალეგალ მიგრანტ ქალებს ერთადერთ პოზიციაზე, ისიც არარეგულარულად, არასტაბილურად შეუძლიათ დასაქმება – დამლაგებლებად, კაცებს მუშებად მშენებლობებზე, სხვა სამსახურზე ფიქრიც კი არალეგალისთვის წარმოუდგენელია:

„მიმტანადაც კი ვერ იმუშავებ თუ საბუთები არ გაქვს, იქაც კონტრაქტი გჭირდება. არასტაბილურობა და მუდმივი შიშ, რომ ხვალ შეიძლება სამსახური არ გქონდეს – ესაა არალეგალი მიგრანტის ცხოვრება. მაგალითად, თუ მე დღეს სახლს ვალაგებ, შეიძლება დიასახლისმა ხვალ მითხრას, რომ არ სჭირდება ხვალ დალაგება. შესაბამისად, არც გადამიხდის. კონტრაქტით რომ ვიყო დასაქმებული, მექნებოდა ყოველთვიური, სტაბილური ხელფასი.

რასაც მე და ჩემი ქმარი გამოვიმუშავებთ, ვხარჯავთ ქირასა და კვებაში – ბინის ქირაში 700 ევროს ვიხდით. ლტოლვილის სტატუსი რომ მქონდეს და ლეგალურად ვიყო საფრანგეთში, საემიგრაციო სამსახური ამ ქირის ნახევარს მაინც დაფარავდა, ბავშვებისთვის კი სულ მცირე 100-100 ევრო მექნებოდა ყოველთვიურად სოციალური დახმარება.

ლეგალურად ემიგრირებულებს სახელმწიფო ენის სწავლების კურსზე სიარულის უფლებასაც აძლევს. ენის სწავლა კი ინტეგრაციის მეტ შესაძლებლობას, პროფესიული განვითარების შანსს გაძლევს უცხო ქვეყანაში“, – ამბობს ქრისტინე.

მისი მონათხრობის მიხედვით, ერთადერთი რამ, რაც არალეგალებსა და ლეგალურ მიგრანტებს ათანაბრებს, ეს ჯანმრთელობის დაზღვევაა, რასაც არალეგალი მიგრანტებიც ისეთივე კარგი ხარისხისას იღებენ, როგორც ლეგალურად ემიგრირებულები. თუმცა ეს მხოლოდ საფრანგეთის მაგალითია. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ამ მხრივ მიდგომები სხვადასხვანაირია.

ქრისტინე ამბობს, რომ მას და მის ოჯახს გაუმართლა, რადგან ნაცნობისგან იქირავეს ბინა. საერთოდ კი არალეგალი მიგრანტები საფრანგეთში ბინას ვერ ქირაობენ და ეჩვევიან აზრს, რომ ძირითადად ქუჩაში მოუწევთ ცხოვრება, თუ ნაცნობი არ აღმოაჩნდათ ქვეყანაში, ვინც მათ შეიფარებს:

„ძალიან ხშირად ქართველები დაკეტილ სახლებში უკანონოდ იჭრებიან და სახლდებიან. მერე მოდის პოლიცია, არალეგალურად ცხოვრებას ემატება პრობლემები პოლიციასთან, რაც ბოლოს, როგორც წესი დეპორტაციით მთავრდება ხოლმე“, – ამბობს ქრისტინე.

გაეროს UN DESA-ს მონაცემებით, 2020 წლისთვის საქართველოდან წასული მოსახლეობის რაოდენობამ 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია, და რომლის 51 პროცენტიც ქალია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით კი, 2021 წლისთვის ემიგრანტების რაოდენობამ 99 974 შეადგინა, რომელთა 38 პროცენტი ქალია.

რესპონდენტების ემიგრაციის ქვეყნებს წარმოადგენს: ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, თურქეთი, იტალია, ისრაელი, პორტუგალია, რუსეთი და საბერძნეთი.

__

მთავარი ფოტო: აშშ, არიზონა. ემიგრანტები სასაზღვრო ზოლთან. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო – EPA/ETIENNE LAURENT

გადაბეჭდვის წესი


ასევე: