მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ მოვიქცეთ პიროტექნიკით დამწვრობის დროს – ინტერვიუ ექიმთან

18.12.2023 • 4769
როგორ მოვიქცეთ პიროტექნიკით დამწვრობის დროს – ინტერვიუ ექიმთან

ახალი წლის დღეებში, საქართველოში, პიროტექნიკასთან დაკავშირებული დამწვრობისა და სხვა სახის დაზიანების დაახლოებით ასამდე შემთხვევა მაინც ფიქსირდება. პიროტექნიკით დაზიანების შედეგად გარდა დამწვრობისა, გვხვდება ნაფლეთოვანი და ნაგლეჯი ჭრილობებიც. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ემერჯენსის განყოფილების ექიმი ეთერ ქურიძე ამბობს, რომ ყველაზე მეტი პაციენტი უშუალოდ ახალი წლის ღამეს, 12 საათის შემდეგ შედის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

ექიმი ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა პიროტექნიკით დაზიანების დროს პაციენტებს სჭირდებათ თითების ან ხელის მტევნის ამპუტაცია. განსაკუთრებულად მძიმე დამწვრობების დროს საჭირო ხდება პაციენტის გადაყვანა დამწვრობის ცენტრში, რომელიც საქართველოში მხოლოდ თბილისში მდებარეობს.

  • ქალბატონო ეთერ, რამდენად ხშირია თქვენს პრაქტიკაში ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით დაზიანების შემთხვევები?

ძალიან ხშირია და იმის ფონზე, თუ რამდენი გაფრთხილებაც კეთდება წლების განმავლობაში პიროტექნიკის საფრთხის შემცველობასთან დაკავშირებით, მაინც, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი დაზარალებული შემოდის. 

როგორც წესი, ყველაზე მეტი დაზიანება შემოდის უშუალოდ 31 დეკემბერს, 12 საათის შემდეგ. პაციენტები მოჰყავთ როგორც ზედაპირული, ისე საკმაოდ სერიოზული ტრავმებით. 

  • ყველაზე ხშირი ალბათ დამწვრობაა?

კი, დამწვრობა საკმაოდ ხშირია და მას აქვს რამდენიმე ხარისხი. პიროტექნიკამ შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი ხარისხის დამწვრობა, როგორც მსუბუქი, ისე – მძიმე; ასევე ხშირია ტრავმები – არის როგორც ჭრილობები, ასევე ტრავმული დაზიანება, ანუ ძვლოვანი სტრუქტურის დაზიანება, კიდურების ამპუტაცია და სახის დაზიანებები. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, რომ თვალის დაზიანებაც ჰქონდა პაციენტს. პიროტექნიკის გამოყენებისას ძირითადად სახისა და კიდურების დაზიანება ხდება.

ძირითადად ზედა კიდურების (თითების და ხელის მტევნის) ამპუტაციის მიზეზი ხდება ხელში დაჭერილი ფეიერვერკი/პიროტექნიკა; ზოგჯერ არც არის ხელში დასაჭერი და მაინც ხელში უჭირავთ აფეთქებისას, ეს არის ხოლმე პრობლემა. პიროტექნიკის უმეტესობა უნდა იყოს დამაგრებული რაიმე სიმყარეზე და ირგვლივ არ უნდა იყვნენ ადამიანები, არც შენობა.

სამწუხაროდ, უმეტესად ხელში დაჭერილს აფეთქებენ და სწორედ ეს იწვევს თითების ამპუტაციას ან/და ისეთ ჭრილობებს, რომ არტერიული სისხლდენითაც შემოდიან პაციენტები. როგორც წესი, კომბინირებული ტრავმებია – ანგიოქირურგიული და ტრავმატოლოგიური ერთად. 

  • როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ რა ხარისხის დამწვრობასთან გვაქვს საქმე?

დამწვრობას აქვს ოთხი ხარისხი. თუ არის ზედაპირული დამწვრობა, მხოლოდ წვის შეგრძნება და სიწითლე ზედა კიდურზე, ეს არის პირველი, მაქსიმუმ მეორე ხარისხის დამწვრობა, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი საჭიროა ექიმის კონსულტაცია, იმიტომ, რომ საჭიროებს შეხვევას და მეთვალყურეობას, რომ დამწვრობა სამომავლოდ არ გართულდეს ინფექციით.

მხოლოდ სიწითლისა და წვის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ პაციენტმა თვითონ მიმართოს კლინიკას, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც გადაუდებლად, შემთხვევის პირველივე წუთებში უნდა მოხვდეს პაციენტი კლინიკაში. მაგალითად, თუ არის აფეთქების მომენტი, კიდურზე არის კანის მთლიანობის დარღვევა, უცხო სხეული ჭრილობაში, სისხლდენა, ღრმა არის ეს ტრავმა – დაზიანებულია კანი, კუნთები, პაციენტი მაშინვე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ უნდა იქნეს გადაყვანილი კლინიკაში. 

  • რა შეგვიძლია ჩვენით რომ გავაკეთოთ პიროტექნიკით დაზიანების დროს?

აქ არის ორი შემთხვევა.

  • თუ არის დამწვრობა და სუფთა ჭრილობა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ხელი შევუშვიროთ ცივ გამდინარე წყალს [საშუალოდ 20 წუთის განმავლობაში], რომ წვის შეგრძნება და დისკომფორტი მოიხსნას;
  • თუ არის დამწვრობა, მაგრამ თან ჭრილობაზე არის უცხო სხეული, მაგალითად, ტანსაცმლის ან უშუალოდ პიროტექნიკის ნარჩენები, ეს უცხო სხეულები სტერილური ბინტით ან სხვა სტერილური მასალით/ტამპონით (რომლებიც იყიდება ყველა აფთიაქში, ან მოგვეპოვება სახლშიც), უნდა მოშორდეს და შემდეგ გამდინარე წყლის ქვეშ ჩამოირეცხოს;

იმ შემთხვევაში, თუ ჭრილობა სისხლდენითa, სხვა ტაქტიკაა: 

  • უცხო სხეულის არსებობის შემთხვევაში ჯერ სტერილური ბინტით ვაშორებთ ამ უცხო სხეულს; შემდეგ, სტერილური ბინტის საფენებით მაგრად ვაჭერთ სისხლმდენ ადგილზე, რის შემდეგაც უნდა გადავახვიოთ ჭრილობა მარლით/ბინტით – დამწოლი ნახვევი ჰქვია ამას სამედიცინო ენაზე; ან შეიძლება ხელი დააჭირო [სისხლდენის ადგილზე] და დაელოდოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას. 
  • ტანსაცმელი თუ ედება ჭრილობას, უნდა შევაჭრათ ეს ქსოვილი, მოვაშოროთ დამწვრობას ან ჭრილობას, შემდეგ შევახვიოთ სტერილურად და გადავიდეთ კლინიკაში.
  • უცხო სხეული რაც უფრო მალე მოშორდება დამწვრობას, მით უკეთესია. როცა დახმარებას ვუწევთ მყისიერადვე, ის [უცხო სხეული] ისე ღრმად არ იქნება, რომ მისი მოშორებით ან სისხლდენა გაძლიერდეს ან რაიმე პროცესი გამწვავდეს. მთავარია, ინფექციებისგან დაზარალებულისა და საკუთარი თავის დასაცავად, ეს არ გააკეთოთ შიშველი ხელებით, საუკეთესო შემთხვევაში გამოიყენეთ სტერილური ხელთათმანი, მაგრამ ამის საშუალება ყოველთვის არ არის, ამიტომ უცხო სხეულის ამოსაღებად ჭრილობას შეეხეთ სუფთა მარლით. 

როგორც კი დაზიანება მოხდება პირველ რიგში უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება, რომ სპეციალისტები დროულად მოვიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ პირველადი დახმარება. ეს დახმარებაც უნდა დავიწყოთ უსაფრთხო გარემოში, ანუ უნდა უზრუნველვყოთ გარემო, სადაც დამატებით კიდევ სხვა ადამიანი/დამხმარე არ დაზიანდება.

  • რამდენად ხელისშემშლელი შეიძლება გახდეს ამ პროცესში ხელის სამკაულები?

თუ ჭრილობა ზედა კიდურებზეა, შეიძლება ადამიანს ხელზე ეკეთოს ბეჭედი, სამაჯური, საათი… ნებისმიერი სამკაული უნდა მოიხსნას ხელიდან, რადგანაც დამწვრობის შემდეგ ხელი იწყებს შეშუპებას, რა დროსაც სამკაულები შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. 

  • რამდენად უსაფრთხოა ამ დროს მალამოს, ზეთის, კბილის პასტის და ა.შ. გამოყენება დაზიანებულ ადგილზე?

გამდინარე წყლისა და სტერილურად შეხვევის გარდა სახლის პირობებში მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. არც მალამო შეიძლება, არც სხვა გზით დამუშავება მანამ, სანამ ექიმი არ შეაფასებს დამწვრობის ხარისხს. ასევე, უნდა შეფასდეს, ჭრილობას ესაჭიროება მხოლოდ შეხვევა, მცირე ნაკერი თუ საოპერაციოში დამუშავება.

არც ზეთი, არც კბილის პასტა, არც სარეცხი საპონი და არც სხვა რამ არ შეიძლება.

წყლის გარდა სახლში სხვა არაფერი არ შეიძლება დამწვრობაზე, იმიტომ, რომ წყლის გარდა, ნებისმიერი სხვა ნივთიერება არასტერილურია და შეიძლება გააღრმაოს დამწვრობა და გახდეს ინფექციის წყარო.

  • როგორც ცნობილია, საქართველოში დამწვრობის ცენტრი მხოლოდ თბილისში მდებარეობს, რა შემთხვევაში შეიძლება პაციენტს დასჭირდეს დამწვრობის ცენტრში გადაყვანა?

ზოგადად ემერჯენსის განყოფილებაში 24 საათის განმავლობაში არის მორიგე ექიმი სრული გუნდით. დაზიანების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ემერჯენსის განყოფილებას, იქ მოხდება პირველადი დახმარება ან ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ხან არის დამწვრობის ღრმა ხარისხი და პაციენტს სჭირდება სტაციონარული მკურნალობა კლინიკაში.

დამწვრობების უმრავლესობა არის ამბულატორიული – პაციენტი მიდის, შეხვევა უკეთდება და ეწერება კლინიკიდან, მაგრამ თუ არის სახის დამწვრობა, თუ არის სხეულის დიდი მიდამოს დამწვრობა ან ღრმა დამწვრობა, რომელსაც ანტიბიოტიკოთერაპია სჭირდება, ამ შემთხვევაში პაციენტი უნდა დარჩეს კლინიკაში.

  • უსაფრთხოების რა წესები შეიძლება გაითვალისწინონ ადამიანებმა პიროტექნიკისა და ფეიერვერკების გამოყენების დროს?

უსაფრთხოების მიზნით, მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ პიროტექნიკა, მაგრამ თუ მაინც ასე მოხდა, არავითარ შემთხვევაში ის არ უნდა გამოიყენოს მოზარდმა, გამოიყენოს მხოლოდ სრულწლოვანმა.

ასევე, უნდა იყოს დაცული გამოყენების ყველა ის წესი, რაც აწერია პიროტექნიკულ ნაწარმს. გარდა ამისა, ეს ასაფეთქებელი საშუალებები ჩვენთან იყიდება ყველგან, მაგრამ პიროტექნიკა საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს, რომელთა დაცვაც, ცხადია, ყველგან ვერ მოხერხდება. ამიტომ უმჯობესია, ეს საშუალებები იყოს შეძენილი ლიცენზირებულ მაღაზიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია, რომ ასეთი პიროტექნიკა აფეთქდება ისე, რომ გამოიწვევს დაზიანებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: