მთავარი,სიახლეები

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება – დეპარტამენტს ახალი ტენდერის გამოც უჩივიან

18.12.2023 • 1229
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება – დეპარტამენტს ახალი ტენდერის გამოც უჩივიან

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთების პროექტზე 10,5 მილიონი ლარით გამოცხადებული ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მის წინააღმდეგ დავების საბჭოში შეტანილი საჩივრების გამო შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დეპარტამენტმა შეამცირა და ახალი ტენდერი 6 მილიონ 790 ათასი ლარითა გამოაცხადა. ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა, თუმცა დეპარტამენტს ამ ტენდერის გამოც უჩივლეს.

სატენდერო კომისიის 14 დეკემბრის ოქმით, ახალ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულია კომპანია „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ და დეპარტამენტი ამჯერად მისგან საბანკო გარანტიის წარდგენას ითხოვს.

ეს კომპანია გამარჯვებულად წინა ტენდერშიც იყო გამოცხადებული და ის მომსახურებას დეპარტამენტს მაშინ 6 888 500 ლარად სთავაზობდა. ახლა კი, 5 249 997 ლარად სთავაზობს [კომპანიის დამფუძნებელი ხორვატიული კომპანიაა. ფილიალის დირექტორი კი, ორმაგი [რუსეთისა და სომხეთის] მოქალაქეობის მქონე რობერტ პეტროსიანია.]

მომჩივანი კომპანია „ტრანსპროექტი“, რომელიც წინა ტენდერის გამოც უჩიოდა დეპარტამენტს, ამჯერად სატენდერო კომისიის იმ ოქმს ასაჩივრებს, რომლითაც ხორვატიული კომპანიის ფილიალი გამარჯვებულად გამოავლინეს.

„ტრანსპროექტი“ საჩივარში აღნიშნავს, რომ გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიამ არ გამოიყენა შესაბამისი რელევანტური ნორმატიული აქტი და ნაცვლად დისკვალიფიკაციისა, „გასაჩივრებული ოქმით გამარჯვებულად გამოავლინა აფიდავიტის დამრღვევი, არაკეთილსინდისიერი პრეტენდენტი.“

  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აფიდავიტი წარმოადგენს წერილობით დოკუმენტს, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის.“

მომჩივანი კომპანიის საჩივარში აღნიშნულია:

„მიგვაჩნია, რომ [სატენდერო კომისიის] აღნიშნული ოქმი არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, მიღებულია სისტემაში ატვირთული დოკუმენტაციის არასათანადოდ შეფასების შედეგად და უნდა გაუქმდეს.

საგზაო ინჟინრის (გუნდის ხელმძღვანელი) პოზიციაზე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სპეციალისტის, მიხეილ კეჭაყმაძის მონაცემები გაყალბებულია და ადგილი აქვს ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რასაც შემსყიდველის მხრიდან არ მოჰყოლია კანონშესაბამისი რეაგირება…

მოცემულ შემთხვევაში საუბარი გვაქვს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც, საგზაო ინჟინერს (გუნდის ხელმძღვანელს), უნდა გააჩნდეს, სულ მცირე, 10-წლიანი გამოცდილება საავტომობილო გზების მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და მოდერნიზაციის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების დეტალურ პროექტირებაში, საგზაო ინჟინრის პოზიციაზე (მათ შორის, მინიმუმ 5 წელი გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე);

აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, პრეტენდენტმა, სისტემაში ატვირთა მიხეილ კეჭაყმაძის ანკეტა, რომელშიც არასწორად მიუთითა კონკრეტული, კონტექსტურად საჭირო პროფესიული გამოცდილების ქრონოლოგია.

კერძოდ, საინფორმაციო ანკეტის მეხუთე პოზიციაზე მითითებულ მომსახურებაზე, საგზაო ინჟინრის პოზიციაზე მიხეილ კეჭაყმაძის კანდიდატურა დამკვეთთან შეთანხმდა 2018 წლის 07 სექტემბერს და არა 2017 წლის ოქტომბერში, როგორც ეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ ანკეტაშია მითითებული.

გამომდინარე იქედან, რომ მეხუთე პოზიციაზე მითითებული მომსახურების დამკვეთი იგივე შემსყიდველი [გზების დეპარტამენტი] გახლდათ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიამ გადაამოწმა აღნიშნული მონაცემები, დაადგინა ფაქტობრივი ტყუილი და ნაცვლად იმისა, რომ დისკვალიფიკაცია მიეცა, თავად „ჩაუსწორა“ ანკეტა და მწვანე შუქი აუნთო აფიდავიტის დამრღვევს.

მიგვაჩნია, რომ შემსყიდველს უნდა ემოქმედა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესით“, რითაც პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, ვინაიდან მან, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება.“

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა გზების დეპარტამენტის გასაჩივრებული ოქმი, სადაც მართლაც არის აღნიშნული, რომ

„სატენდერო კომისიის აპარატის მიერ, გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ საინფორმაციო ანკეტის მე-5 პოზიციაზე მითითებულ მომსახურებაზე, რომელიც გაწეულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, საგზაო ინჟინრის პოზიციაზე, მიხეილ კეჭაყმაძის კანდიდატურა დეპარტამენტთან შეთანხმდა 2018 წლის 7 სექტემბერს.

შესაბამისად, აღნიშნულ პოზიციაზე წარმოდგენილი სპეციალისტის პროფესიული გამოცდილება, ანკეტაში მითითებული 2017 წლის ოქტომბრის თვის ნაცვლად. სატენდერო კომისიამ გაითვალისწინა 2018 წლის სექტემბრის თვიდან…“

  • მომჩივანი კომპანია „ტრანსპროექტი“ დავების საბჭოსგან მოითხოვს „ბათილად ცნოს გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი, მიუთითოს გზების დეპარტამენტს მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შერჩევა/შეფასების პროცესის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება“.

დავების განხილვის საბჭოში „ტრანსპროექტის“ საჩივრის განხილვის დროდ 2023 წლის 21 დეკემბერია ჩანიშნული.

„ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე“ ხელახლა გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა მომზადდეს – „ტენდერის ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად“.

____

წინა ტენდერის და მისი შეწყვეტის დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: