მთავარი,სიახლეები

ქალი ქუთაისის ცნობილი გრაფიტიდან უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს – ვიდეო

18.12.2023 • 20458
ქალი ქუთაისის ცნობილი გრაფიტიდან უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს – ვიდეო

82 წლის დალი დოღონაძე მთელმა საქართველომ ქუთაისში, სისხლის ბანკის შენობის კედელზე დახატული უზარმაზარი გრაფიტით გაიცნო.

გრაფიტი, რომელზეც იმერელი ბებო „ხაჭაპურის გამოხელვის“ პროცესშია გამოსახული, ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა.

ნახატმა დალი დოღონაძეს პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა, თუმცა სხვა მხრივ მისი ცხოვრება არ შეცვლილა. ახლაც, ისევე როგორც უკანასკნელი წლები, დალი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს.

დალი დოღონაძე წარმოშობით ლეჩხუმიდანაა. სანამ ქმრის გვარზე გადავიდოდა, დალი ჩხეტიანი იყო, თუმცა ოჯახის შექმნის შემდეგ გვარი შეიცვალა და ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათში დასახლდა.

„ღარიბული ცხოვრება იყო, იქეთაც და აქეთაც,“ – გვიყვება დალი საკუთარ თავზე და გვიხსნის, რომ სახლი, რომელშიც გვიმასპინძლა, საკუთარი ხელით ააშენა ქმართან ერთად.

საბჭოთა კავშირის დროს ჩაის მეურნეობაში მუშაობდა. მძიმე შრომას ეწეოდა. 90-იანი წლების სიმძიმე კი ქმართან ერთად სოფლის მეურნეობის გაძღოლით გადაიტანა. ჰყავდათ ძროხები და ამუშავებდნენ მიწებს და ასე მოყვანილი პროდუქციით ირჩენდნენ თავს.

დალი მეუღლის დაღუპვის შემდეგ შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დედა-შვილის შემოსავალი 365 ლარია, 82 წლის ქალის პენსია.

„ხანდახან დღიურ სამუშაოზე ეძახიან ხოლმე ჩემს შვილს. როცა კარგადაა, დადის და მუშაობს. რაღაცებს რომ ანგრევენ, ბლოკის ამოღებაზე მუშაობს. დახმარება ვთხოვე სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენი ოჯახის სახელზე მიწაა დარეგისტრირებული. მითხრეს, კი გაქვს ქულა დაბალი, მაგრამ მიწის გამო ვერ მიიღებ დახმარებასო. არადა, წლებია ის მიწა არ დაგვიმუშავებია. იმის დამუშავების ძალა სად მაქვს?“ – კითხულობს დალი დოღონაძე.

დალი დოღონაძე ბოლო წლებში სოფელ გელათში, მისი სახლის მეზობლად მდებარე აგროტურისტულ სასტუმრო სახლში მუშაობდა – ხაჭაპურებსა და მჭადებს აცხობდა.

სწორედ აგროტურისტულ სახლში იპოვა ის გრაფიტის ავტორმა, საშა კორბანმა, ფოტო გადაუღო და შემდეგ ქუთაისის ცენტრში, შენობის ფასადზე გადაიტანა.

დალის გრაფიტთან დაკავშირებით ორმაგი ემოციები აქვს. ერთი მხრივ, ძალიან მოსწონს ის პოპულარობა და ხალხის სიყვარული, რაც ნახატმა მოუტანა, მეორე მხრივ კი, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ამ სიხარულს თრგუნავს.

„რად მინდოდა დახატვა მე? მე ეგ არ ვიცოდი, თორემ მაგას არ დავახატვინებდი. რა გაკეთდა ჩემთვის? არაფერი. კი, კარგია პოპულარობა, სახელიც კაია, მაგრამ მარტო სახელი რათ მინდა, მაგალითად, მითხარით?“ – ამბობს დალი.

მაგრამ კითხვაზე, თუ რა ემოციები გაუჩნდა, როცა საკუთარი თავი ქუთაისის ცენტრალურ ქუჩაზე, კედელზე დახატული დაინახა, ასე პასუხობს:

„ისე, ერთი მხრივ, გამიხარდა. ხალხი რას მეუბნება, იცი? რა გამოვიდა შენთვისო? მაგრამ მაინც კაია. რომ მივდივარ, ხალხი მცნობს. ყველის გამყიდველები რომ დამინახავენ, ეეეე, დალი ბებო მოდისო, იწყებენ ხმამაღლა გადაძახილს. რა ამბავია ნეტავ იცოდე“.

ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც დალი დოღონაძის გრაფიტია, ყველის გამყიდველებს აქვთ დახლები. დალის ამ ქუჩაზე ყველა იცნობს, რადგან სამი ათეული წელია სოფლიდან ყველი ჩააქვს გასაყიდად და გამყიდველებს აბარებს. დალი იხსენებს, რომ როცა პირველად გადაიღეს მასზე რეპორტაჟი, უამრავი ადამიანი შემოეხვია გარს. მიდიოდნენ მასთან და ფოტოებს იღებდნენ.

დალი ახლა ვეღარ მუშაობს. თვალის ოპერაცია გაიკეთა. შესაბამისად, ის დამატებითი შემოსავალი, რაც პენსიის გარდა ჰქონდა, აღარ აქვს.

„ექიმმა ამიკრძალა მუშაობა. ნაკვერჩხალს გამოსხივება აქვს და არ მოუხდება შენს თვალსო.

მეც ვატყობ, რომ აღარ შემიძლია. სანამ იქ ვმუშაობდი, უკეთ ვიყავი. ტურისტებიც მჩუქნიდნენ პატარ-პატარას. ახლა ვეღარ ვმუშაობ, მაგრამ მიხარია, ტურისტები რომ მოდიან. სულ მკითხულობენ, დალი ბებო სადააო, გადავდივარ ხოლმე და ვნახულობ. მეხვევიან, მკოცნიან, მიხარია. მაიკოც, აგროტურისტული სახლის მეპატრონე, ძალიან მეხმარება,” – გვიყვება დალი დოღონაძე.

კითხვაზე, რას განიცდის ყველაზე მეტად, დალი კითხვითვე გვპასუხობს.

„ყველაზე მეტად უქონლობას განვიცდი. სარეცხი მანქანა ჩემთვის არაა და მაცივარიც გაფუჭებული მაქვს. ამ სიცივეში გარეთ გარეცხო რამე როგორია?“

დალი დოღონაძე

დალი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ერთადერთხელ დაეხმარა. ქარმა მის სახლს სახურავი გადახადა, ტყიბულის მერიამ კი სახლის გადახურვა დაუფინანსა.

„ტელეფონი ჩემმა მეზობელმა მაიამ მაჩუქა, ტელევიზორი შვილიშვილმა მომიტანა. სხვა თუ რამეს ხედავ, ყველაფერი სხვისი მოცემულია,“ – ამბობს დალი.

დალის თქმით, ბოლოს ყველაზე მეტად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაუხარდა.

„ევროპა ძაან კაია. ხალხისთვის თუ შეიქმნა, ძალიან კარგი იქნება. ჩემი ასაკის ადამიანს სიმშვიდე, მშვიდი, კარგი ცხოვრება სჭირდება. ჩემი ხნის ხალხს მეტი რა უნდა. კარგი ცხოვრება როგორია? კარგი საჭმელი, სასმელი რომ გექნება. სახლში კარგი ავეჯი, სულ სხვის ნაჩუქარ რაღაცებში რომ არ იყო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: