განათლება,მთავარი,სიახლეები

„საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის სუსი“ – სკოლის დირექტორი რეფორმასა და არჩევნებზე

17.12.2023 • 12406
„საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის სუსი“ – სკოლის დირექტორი რეფორმასა და არჩევნებზე

„პროცესის პოლიტიზების მე არაფერი მინახავს ნამდვილად. არ შემიმჩნევია, რადგან არ არსებობს ასეთი რამ“ – ამბობს მარინა ბერიანიძე, წალკის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, რომელიც ამავე სკოლაში წელს მეორედ გახდა დირექტორი. „ბათუმელები“ მას, როგორც განათლების სამინისტროს მიერ წელს დაჯილდოებულ მასწავლებელს, სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრა.

  • ქალბატონო მარინა, არის თუ არა ის რეფორმები თქვენთვის გასაგები და მისაღები, რის შესახებაც ისაუბრა სამინისტრომ? 

რომ გითხრათ, ყველაფერს ფუნდამენტურად გავეცანი-მეთქი, ასე ნამდვილად არ არის. ბევრი მიმართულებით ვარ დაკავებული. თვალს ვადევნებ, რასაკვირველია.

რა მიმართულებითაც არის პრობლემები და შინაურულადაც გვისაუბრია ამაზე პედაგოგებს და პრეტენზიებიც გვაქვს ხოლმე, ყველაფერზე იყო აქცენტი ამ პრეზენტაციაზე.

დაწყებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან, სახელმძღვანელოების გადახედვაზეც არის ლაპარაკი, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ანაზღაურებაზე კარგი ინფორმაციები გვაქვს, სქემის გადახედვაზე და არა გაუქმებაზეა საუბარი, იმიტომ, რომ განვითარების გარეშე პედაგოგი ვერ დადებს შედეგს.

ასევე, სახელფასო დანამატებისა და ხელფასის გამიჯვნა, ეს ყველაფერი მისაღებია ჩემთვის. ზუსტი, დეტალური ინფორმაცია ალბათ კიდევ მოგვეწოდება.

  • თქვენ ბიოლოგიას ასწავლით სკოლაში და როგორც ვიცი, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლებს ყველაზე ცოტა საათები გაქვთ. თქვენ რამდენი საათი გაქვთ და რამდენი ლარით გაიზრდება თქვენი ხელფასი ივლისში?

ზოგადად ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის საათები ცოტაა, დაახლოებით 10-11 საათია მხოლოდ, თუმცა მას შემდეგ, რაც საბუნებისმეტყველო საგნების საგნობრივი ჯგუფი შეიქმნა, პედაგოგებს უფლება აქვთ, ამ საგნობრივი ჯგუფიდან შეივსონ საათები, თუ აქვთ კომპეტენცია, რა თქმა უნდა.

რეგიონებში ჩვენ პროგრამა – „ასწავლე საქართველოსთვის“ გვეხმარება ამ დანაკლისის შევსებაში. მე 15 საათი მაქვს ბიოლოგია და ერთი კლასი მაქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების.

  • რამდენი ლარით გეზრდებათ ხელფასი, 500-ით თუ ნაკლებით?

ჩემი აზრით, ეს იქნება დაახლოებით 800 ლარის ფარგლებში. არ ვიცი ზუსტად, არ გამომითვლია.

  • მაშინ რაზე დაყრდნობით ელოდებით 800 ლარით გაზრდას, თუ ჯერ პრინციპი არ ვიცით?

ზოგადად ემატება ყველას და როგორც მე მივხვდი, სრული დატვირთვის შემთხვევაში მაქსიმალურად მოემატება და გარდა ამისა, მენტორი ვარ და შესაბამისად, უფრო მაღალ ანაზღაურებას ველოდები.

  • თქვენი 15 საათი ითვლება სრულ დატვირთვად?

სრული დატვირთვა არის 18 საათი, მაგრამ სტატუსის დანამატი რომ სრულად ანაზღაურდეს, 15 საათია საჭირო. თუმცა ამჯერად დანამატების ცვლილებაზე არ არის ლაპარაკი, საბაზო ხელფასი იზრდება და ეს ეხება ყველა პედაგოგს.

თუმცა არსებობს ხელფასის გამოთვლის კონკრეტული სქემა და ყველას შეუძლია თავისუფლად გამოთვალოს ელემენტარული არითმეტიკის ცოდნის პირობებში.

აქ გათვალისწინებულია, რა სტატუსი აქვს პედაგოგს – მაგისტრია, საშუალო განათლებითაა, ბაკალავრია თუ სხვა. ამიტომ, რა ტიპის გამოსაანგარიშებელი სქემა დაიდება, ამაზე ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. ივლისამდე მოგვაწვდიან ალბათ.

  • თქვენთვის მისაღებია ის მოდელი, რაც შემოგთავაზათ სახელმწიფომ? აკმაყოფილებს მასწავლებლის საჭიროებებს?

კაცი უნდა ეყოს ხელფასსო ნათქვამია და ამას ვიზიარებ. ვინ რამდენად ბოლომდე კმაყოფილი დარჩება ამ ხელფასით, ვერ გეტყვით. ზოგისთვის საკმარისი იქნება, ზოგისთვის – არა. გააჩნია. მე ზოგადად მომწონს, არა უშავს. ასეთი მასშტაბის ზრდა საერთოდ არ მახსოვს, რომ ყოფილიყო.

  • თქვენი კოლეგებისგან ხშირად მსმენია, რომ მასწავლებლები არსებული სისტემის გამო არიან გადაღლილები, გადამწვარი და ასე შემდეგ. თქვენი აზრით რატომ, რა პრობლემებს ხედავთ სასკოლო სისტემაში?

რაღაც ტიპის პრობლემები არის. პრობლემაა ისიც, რომ შეიძლება რესურსი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ იყოს საკმარისი. ჩვენი სკოლაც ამ წუთას კაპიტალურ რემონტშია და განახლებული ჩაგვბარდება, მაგრამ ზოგადად რესურსების პრობლემა არის.

  • ქალაქის სკოლებშიც კი, პედაგოგები ამბობენ, რომ მხოლოდ დაფით და ცარცით ვერ გაზრდიან თანამედროვე თაობას. თქვენ თუ გაქვთ სკოლაში ლაბორატორია ან სხვა საჭირო რესურსები?

დიახ, სწორი შენიშვნაა, თუმცა აქაც არის „მაგრამები“. დაფის და ცარცის გარდა ხომ არსებობს კომპიუტერი? მასწავლებლების აქტიურობაც კარგია ზოგჯერ. ათასი კონკურსია, ათასი საგრანტო პროგრამა და სკოლას შეუძლია მოიპოვოს რესურსები. ასე ვართ ჩვენც სხვადასხვა პროექტში ჩართული. ჩვენ გვქონდა აინშტაინის ლაბორატორია სკოლაში და კარგად ვიყენებდით, მაგრამ ამ სკოლაში, ახლა სადაც ვართ, მსგავსი ლაბორატორია არ არის.

ჩართული ვართ „სტემში“, „ჩხირკედელას“ პროექტში და გვეხმარებიან რესურსებით. ვიცი, რომ აქ მოტივაცია გასაზრდელია, რადგან პრაქტიკულად თუ არ დაინახა რაღაც ბავშვმა, ნაკლებად დაინტერესდება საგნით. გარდა ამისა, ითქვა, რომ 2027 წლამდე ყველა სკოლა უნდა აღიჭურვოს და ჰქონდეს ყველა რესურსი, რაც საჭიროა სწავლა-სწავლებისთვის.

  • რას ფიქრობთ იმ პედაგოგებზე, ვინც საათების სიმცირის გამო იძულებულია რამდენიმე სკოლაში დასაქმდეს?

ჩემი აზრით, ეს არის პიროვნებაზე დამოკიდებული, ინდივიდუალური ამბავია. მეც მყავს ასეთი კოლეგები სკოლაში, მაგრამ ამის გამო გამოფიტული არ არიან. სავსე არიან ენერგიით, აქტიურები არიან და გადაწვის არაფერი ეტყობათ.

ქალაქში შეიძლება უფრო ძნელია, მაგრამ ჩვენთან ახერხებენ.

ასეთი ვითარება უფრო საბუნებისმეტყველო საგნებთან გვხვდება, საათებიც არასაკმარისია და სერტიფიცირებული კადრებიც ნაკლებია.

  • თქვენი აზრით, სახელმწიფო პოლიტიკა როგორი უნდა, რომ ამ მიმართულებით უარეს კრიზისში არ აღმოჩნდეს სკოლა წლების შემდეგ?

როდესაც სერტიფიცირების პროცესები დაიწყო, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის შეღავათი იყო ის, რომ თუკი სკოლაში არ იყო საკმარისი საათი, მათ მაინც ეძლეოდათ სტატუსის სრული დანამატი. თუმცა ეს იყო სასაცილო დანამატი, 75 ლარზე იყო ლაპარაკი.

შემდეგ, საგნობრივი ჯგუფები როცა შეიქმნა, შეგვეძლო სხვა საგნებიდანაც შეგვევსო საათები.

უნივერსიტეტებშიც ამ მიმართულებებზე სწავლა უფასოა და ხელს უწყობს სახელმწიფო ახალგაზრდების დაინტერესებას.

  • მაგრამ ფაქტია, რომ ვერ დააინტერესა და არც მდგომარეობა იცვლება. რატომ?

არ ვიცი. ალბათ შეიძლებოდა რაღაცის კიდევ გაკეთება.

  • წაკითხულის გააზრების პრობლემა გვაქვს სკოლებში, თქვენს საგნებში როგორია ვითარება?

წაკითხულის გააზრება ბავშვებს კი არა, იმდენ მოზრდილს უჭირს… შევდივარ კლასში და ვკითხულობ, „სად არის ეს მოსწავლე, ბავშვებო? მპასუხობენ – „არ არის“. ვეუბნები, მე გეკითხებით, სად არის? და რომელი პასუხი უნდა გქონდეთ ამ კითხვაზე?

ალბათ საჭიროა ტექსტებზე მეტი მუშაობა და მეტი დაკვირვება, რადგან ასე გვაქვს საქმე.

შეიძლება შიოდეს ბავშვს, მაგრამ იმიტომ, რომ დილით არ ჭამს. თუ ვერ ასწრებ, წაიტეხე რამე, – ვეუბნები ხოლმე. ეს არის პრობლემა. თუმცა ალბათ არის ისეთიც, ვისაც აქვს საკვების პრობლემაც.

ბევრი სოციალურად დაუცველი ბავშვი გვყავს სკოლაში და რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ კვება დაინერგება სკოლებში. თუმცა ამასაც სჭირდება ინფრასტრუქტურა.

  • რადგან დირექტორიც ხართ, მინდა გკითხოთ სკოლების დამოუკიდებლობაზე. წელს იყო დირექტორების არჩევნები და ბევრი თქვენი კოლეგა საუბრობს იმაზე, რომ პროცესი იყო ზემოდან მართული და არაგამჭვირვალე. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

თავისუფლებას რაც შეეხება, ბოლო ცვლილებებით რაც დაანონსებულია, იმდენი თავისუფლება აქვთ სკოლებს, რომ ვფიქრობ, იქეთ არ შეიქმნას მერე პრობლემა.

თუნდაც შეფასების სისტემა ავიღოთ, ყველაფერში თავისუფლება გვაქვს, იქნება ეს კურიკულუმები, შემაჯამებლები თუ სხვა.

არჩევნებს რაც შეეხება, ალბათ უხერხულია ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი, რადგან დირექტორიც ვარ ამ სკოლაში, მეორე ვადით ამირჩიეს.

  • თქვენც ერთი კანდიდატი იყავით, თუ რატომ გეუხერხულებათ?

ერთი იმიტომ ვიყავი, რომ მეტი არავინ იყო მსურველი.

ჩვენთან კი არა, ძალიან ბევრ სკოლაში არ იყვნენ საკმარისი კანდიდატები იმ მიზეზის გამო, რომ არ არიან სერტიფიცირებულები.

  • გიორგი ჭაუჭიძეს ხომ იცნობთ? სერტიფიცირებული კანდიდატია და არის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელიც, არც ერთ სკოლაში არ წარადგინეს. არ გაგჩენიათ კითხვა, რატომ?

როგორ არ ვიცნობ, მაგრამ მე რასაც ვუსმინე მინისტრს, მან თქვა, რომ როცა ის დაინიშნა, პროცესი უკვე დაწყებული იყო და მას უბრალოდ დაკვირვება მოუხდა.

  • „პროცესი დაწყებული იყო“ რას ნიშნავს? მას აქვს სერტიფიკატი და კადრების დეფიციტის მიუხედავად, ის არც ერთ სკოლაში არ წარადგინეს. ჭაუჭიძის გარდა კიდევ ბევრია ასეთი და ამაში პრობლემას ვერ ხედავთ?

ეს დეტალი ნამდვილად არ ვიცი. არც ის ვიცი, რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო. ის ნამდვილად ვიცი, რომ ახლა არასერტიფიცირებულებსაც აძლევენ კონკურსში მონაწილეობის უფლებას.

მე პოლიტიზების არაფერი მინახავს, ნამდვილად. არ შემიმჩნევია. ეს რომ შემემჩნია, თანამშრომლობა აღარ შედგებოდა. არ არსებობს ასეთი რამ.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ არც სუსი, არც მმართველი პარტია არ ერევა დირექტორების არჩევნებში?

საერთოდ არ ვიცნობ ვინ არის სუსი, თუ დამიჯერებთ. შემიძლია დავიფიცო. ვისაც სად უნდა, როგორ უნდა, იქ არის. არანაირი ზეწოლა, მით უმეტეს წალკაში.

  • არც არჩევნების გამო დაანონსდა ხელფასების მატება?

ჩვენ სულ არჩევნებში ვართ და რატომ არის ასეთი განწყობა, არ ვიცი. აბა, როდის უნდა გააკეთონ, რომ არჩევნებს არ დაუკავშირდეს?!

ის, რის გაკეთებასაც აპირებენ, თუ გაკეთდა, ნამდვილად შეცვლის მდგომარეობას.

რაც სკოლაში გამოცდები მოიხსნა, ბავშვები რაღაცნაირად მოეშვნენ, ამიტომ ამაზეც არის საუბარი, რომ რაღაც საფეხურზე დაინერგოს ბავშვების შეფასება. საუბარია პროფილურ და პროფესიულ სწავლებაზეც. ამ სიახლით ყველა ვართ კმაყოფილი ჩვენს სკოლაში.

2027 წლამდე ყველა პრობლემა მოიხსნება. მე იმედიანად ვარ და ამ წუთას არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ხელისუფლებას არ ვენდო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: