სიახლეები

„ნოვას“ მესაკუთრეებმა „ოცნებას“ 300 000 ლარი ორ დღეში შესწირეს

16.12.2023 • 1520
„ნოვას“ მესაკუთრეებმა „ოცნებას“ 300 000 ლარი ორ დღეში შესწირეს

შპს „ნოვას“ ერთ-ერთმა მესაკუთრემ, ჯემალ ბოლქვაძემ, „ქართულ ოცნებას“ გასულ კვირას 60 000 ლარი შესწირა. მისი შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე 8 დეკემბერს დაფიქსირდა.

7-8 დეკემბერს მმართველი პარტიის ანგარიშზე „ნოვას“ პარტნიორებმა საერთო ჯამში 300 000 ლარი შეიტანეს.

ჯემალ ბოლქვაძე შპს „ნოვას“ 20 პროცენტის მფლობელია. ის შპს „აბბარენთის“ 50 პროცენტს, შპს „ბიას“ 25 პროცენტს და შპს „ელიტ ჰაუსის“ 12.5 პროცენტს ფლობს. ის არის ასევე შპს „ნოვა ტრანსის“ 20 პროცენტის მფლობელი.

„ნოვა“ დიდი ხანია, რაც ბაზარზე სამშენებლო მასალებისა და ავეჯის აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია.

შპს „ელიტ ჰაუსი“ კი სამშენებლო კომპანიაა, ბათუმის ახალ ბულვართან და ზღვასთან ახლოს მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

„ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა მისმა პარტნიორმა ზვიად აბულაძემაც. ის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და 20 პროცენტის მფლობელია. ის ფლობს ასევე შპს „ბიას“ 25 პროცენტს, „ელიტ ჰაუსის“ 25 პროცენტს და „ნოვა ტრანსის“ 20 პროცენტს.

ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად პოლიტიკური სიმპათიები ფულადი შეწირულობით ზვიად აბულაძემ მეორედ დააფიქსირა. 2012 წელს მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 25 000 ლარი შეუწირია.

„ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა „ნოვას“ კიდევ ერთმა თანამფლობელმა ჯემალ ანთაძემ.

60-60 ათასი ლარი შეიტანეს „ოცნების“ ანგარიშზე „ნოვას“ პარტნიორებმა – რამაზ ირემაძემ და ემზარ ირემაძემაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: