მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთში შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენის პროექტს შეისყიდიან

15.12.2023 • 1013
ქობულეთში შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენის პროექტს შეისყიდიან

„ზიანი არის საკმაოდ დიდი და, შესაბამისად, შემსყიდველს არ აქვს რესურსი საკუთარი ძალებით მოახერხოს აღწერა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა“, – წერს ქობულეთის მერია შესყიდვების სააგენტოს და პროექტის გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.

პროექტის შეძენას მერია 30 ათას ლარად გეგმავს.

„გადაუდებელი აუცილებლობა დადგა 26-27 ნოემბერს, როცა მოხდა სტიქია. ამის შემდგომ დაახლოებით 28 ნოემბერს მოგვეცა საშუალება დაგვეწყო გაწმენდითი სამუშაოები [ზღვამ ძალიან დიდი მასა ამოყარა ინერტული მასალისა].

იქედან გამომდინარე, რომ ინერტული მასალის მასა იყო ძალიან დიდი და ჯერ კიდევ არ დასრულებულა სანაპირო ზოლის გაწმენდა, საბოლოო სურათის გამოკვეთის შესაძლებლობა არ არის.

რამდენიმე დღეში საბოლოოდ გაიწმინდება ინერტული მასალისაგან სანაპირო ზოლი და საპროექტო ორგანიზაციას მიეცემა საშუალება დაიწყოს აღწერის სამუშაოები, რათა შემდგომ მოამზადოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია“, – წერს მერია სააგენტოს.

მერიის განცხადებიდან ჩანს, რომ შტორმის შედეგად მიყენებული ზიანი ჯერ დათვლილი არ არის. ინფორმაციის გადამოწმება დღეს ქობულეთის მერიაში ვცადეთ, თუმცა „ბათუმელების“ ზარებს არ უპასუხეს.

„ძირითადად დაზიანებულია სანაპირო ზოლის 3 კმ-იანი მონაკვეთი… შესაბამისად, ხელშეკრულებაც ფორმდება სწორედ 3 კმ-იან მონაკვეთის აღდგენა/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“, – აღნიშნულია მერიის წერილში.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის 26-27 ნოემბერს შავი ზღვის სანაპიროზე განვითარებული შტორმის შედეგად დაზიანდა ქობულეთის ბულვარის ინფრასტრუქტურა:

დაზიანდა ჯებირები, რიგ მონაკვეთებზე მოიშალა სანაპირო ინფრასტრუქტურა, საპარკო სკამები, დეკორატიული ფილები და გამწვანებული ტერიტორიები. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი საკმაოდ ფართო მასშტაბიანია“.

„ქობულეთის სანაპირო ზოლი (ბულვარი) რეაბილიტირდა არც ისე დიდი ხნის წინ და ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის. შესაბამისად, საჭიროა მისი დროული აღდგენა/ რეაბილიტაცია, რათა მომდევნო საკურორტო სეზონს მუნიციპალიტეტი შეხვდეს გამართული ინფრასტრუქტურით.

ამისათვის კი, პირველ რიგში, საჭიროა მოხდეს დაზიანებული სანაპირო ზოლის აღწერა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. ვინაიდან საკმაოდ დიდი სამუშაოებია შესასრულებელი და ბულვარის ტურისტული სეზონის დაწყებამდე აღდგენა არის საჭირო, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შეძენა მოხდეს დროულად.

გთხოვთ, მოგვცეთ თანხმობა დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შეძენა განვახორციელოთ გამარტივებული შესყიდვის წესით, გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში“, – წერს მერია.

განაცხადის ფორმაში ერთ-ერთ კითხვაზე – რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული? – ქობულეთის მერია პასუხობს: „შესაბამისი სპეციალისტების შეფასებით, შტორმის მასშტაბი საუკუნის არის და ათეულობით წლებია ამ მოცულობის სტიქია შავ ზღვაში არ ახსოვთ. შესაბამისად, ბუნებრივია, ის რომ განვითარდებოდა 8 ბალიანი შტორმი და ზიანს მიაყენებდა სანაპირო ზოლს წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული“.

ქობულეთის მერია ასევე აცხადებს, რომ „ქალაქში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა სწორედ ამ სანაპირო ზოლით სარგებლობს, რომელიც ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია მუნიციპალიტეტისთვის. შესაბამისად, მისი დროული რეაბილიტაცია/აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის.“

მერია პროექტის მომზადებას ხელშეკრულების გაფორმებიდან 40-50 დღეში ვარაუდობს. პროექტის მომზადების შემდეგ გამოჩნდება, თუ რა თანხა იქნება საჭირო სანაპირო ზოლის აღსადგენად.

ამავე თემაზე:

როგორ გამოიყურება ქობულეთის სანაპირო შტორმის შემდეგ | ფოტო

 

მთავარი ფოტო: შტორმი ქობულეთში / ფოტო: ქობულეთის მერია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: