განათლება,მთავარი,სიახლეები

რა მოვთხოვოთ მშიერ ბავშვებს? – პედაგოგი განათლების რეფორმაზე

14.12.2023 • 12346
რა მოვთხოვოთ მშიერ ბავშვებს? – პედაგოგი განათლების რეფორმაზე

„ამ მიცემულ „თავისუფლებას“ მე პირადად მაშინ დავიჯერებ, როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დირექტორები, სკოლის მასწავლებლები, ბაღის თანამშრომლები სიებით არ ირბენენ, მაგიდის ქვეშ არ დასხდებიან და საეჭვო მასწავლებლების სია ცალკე არ ექნებათ, გარანტირებულად ხმის მიმცემების სია კი – ცალკე. ვიღაცებს ოჯახებში არ მიაკითხავენ საღამოობით და არ ეტყვიან: შენ ხომ ოჯახით გვაძლევ ხმას?“ – ამბობს სოფო გოგოხია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი.

„ბათუმელები“ პედაგოგს იმ ცვლილებებზე ესაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ განათლების მინისტრმა დააანონსა.

  • ქალბატონო სოფო, მართალია, ბუნდოვნად ისაუბრა მინისტრმა, თუმცა თქვა, რომ უნდა შეიცვალოს განათლების მიზნები. რა მოლოდინი გაქვთ მასწავლებლებს, იქნება პოზიტიური ცვლილება?

მინისტრის პრეზენტაცია ნამდვილად ბუნდოვანი იყო, დეტალურად არ იყო არაფერი წარმოდგენილი, თუმცა რაც ითქვა, ეს ყველაფერი გათვლილია ამომრჩეველზე, წინასაარჩევნო ზღაპარივით იყო წარმოდგენილი, თანაც წინასაახალწლო დროც კარგადაა შერჩეული იმისთვის, რომ ვიღაცამ ეს ზღაპრები დაიჯეროს.

ცვლილებები თუ რეალური იქნება, რა თქმა უნდა, კარგია, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ხელთ არ შეგვრჩეს ფასადური და შელამაზებული სისტემა – უკვე წლები ამ ყველაფერს ვუყურებთ და ვიცით, რა იმალება ხოლმე ასეთი წინასაარჩევნო ფანდის უკან.

  • რა შეიძლება იმალებოდეს ამის უკან?

ძალიან ბევრი რამ. მაგალითად, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ აი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, დოკუმენტი, რომელიც 2004 წელს არის მიღებული, თურმე დნმ-ის ნგრევას და წაშლას უწყობდა ხელს, რომ თურმე არ ზრდიდა პატრიოტებს და ახლა უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი, როცა სულ ქართველობაზე და მხოლოდ ქართველობაზე იყო აქცენტი გაკეთებული, ჩვენ ვიცით, ვისი შემოგდებული ნარატივი და ფანდია ეს.

„მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე“, აი, ამის გაგრძელებაა დაახლოებით ეს და რაღაცნაირად, ჩვენი ევროპული კონტექსტიდან ამოგლეჯის მცდელობის გაგრძელებაა.

მომავალ წელს ასი წელი გახდება იმ დღიდან, როდესაც მიხეილ ჯავახიშვილმა „ჯაყოს ხიზნები“ დაწერა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ, რომ ბოროტი, რომელიც მოდის ნიღბით და გეუბნება, რომ შენთვის ყველაფერს კარგს გააკეთებს, რომ წაიყვანს შენს კნეინას და კარგად ამყოფებს, ეს არ უნდა დავიჯეროთ ადვილად.

ერთი მხრივ, სამინისტრო ამბობს, რომ უნდა ევროინტეგრაცია, მეორე მხრივ კი, ასეთ იდეოლოგიას ავრცელებს. ამიტომ, უნდა ვიყოთ ფრთხილად.

სინამდვილეში, ახალი ესგ-ს პრეზენტაციაზე აქცენტი უნდა ყოფილიყო იმაზე, რომ ევროპული ღირებულებებით სავსე მოქალაქის ჩამოყალიბება იქნება მიზანი. ეს ცვლილებები უნდა შევიდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში, სადაც, სხვათა შორის, ძალიან ბევრი კარგი რამ წერია, ეს უნდა განახლდეს და არა ის, რომ ყველაფერი წავშალოთ და მოვთხაროთ.

რელიგიაზეც იყო იქ აქცენტი, რომ სკოლებში უნდა ვასწავლოთ რელიგიაო. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის გარანტია, რომ ამ საგნის სწავლის შემდეგ არ მივიღებთ ისეთ შედეგს, რაზეც ვაჟა წერდა – „ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მიელით ქშენანი“.

როცა ზემოდან ასეთი შეტყობინებები მოდის – დნმ-ზე, იდენტობაზე, ქართველობაზე, რელიგიაზე და ასე შემდეგ და ამ დროს ქვევით ხვდება თავისუფლება, რომელიც მიეცა სკოლებს, მაშინ გამოდის, ეს „თავისუფლება“ იმისთვისაა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არ მოვითხოვოთ, რაღაც მნიშვნელოვანზე არ ვიფიქროთ და ვიფიქროთ იმაზე, რასაც ზემოდან გვიკარნახებენ.

ადგილობრივად რაღაც-რაღაცაში გვექნება ალბათ პატარა თავისუფლებები, გვეგონოს, რომ დეცენტრალიზაციაა სკოლებში და მეტი თავისუფლება გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში, მთავარ ფასეულობებს და მთავარ ღირებულებებს გვიკარნახებენ ზემოდან.

  • დეკლარირებულად ხომ მაინც ამბობენ, რომ სკოლებს თავისუფლება ექნებათ, რატომ არ შეუძლიათ სკოლებს ამ დოკუმენტის მათ სასარგებლოდ გამოყენება რეალობაში, რა უშლით ხელს?

ამ მიცემულ თავისუფლებას მე პირადად მაშინ დავიჯერებ, როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დირექტორები, სკოლის მასწავლებლები, ბაღის თანამშრომლები სიებით არ ირბენენ, მაგიდის ქვეშ არ დასხდებიან და საეჭვო მასწავლებლების სია ცალკე არ ექნებათ, გარანტირებულად ხმის მიმცემების სია კი – ცალკე, ოჯახებში არ მიაკითხავენ ვიღაცებს საღამოობით და ეტყვიან – შენ ხომ გვაძლევ ოჯახით ხმას?.

როცა ბოლოს და ბოლოს ამას ამოიგდებენ თავიდან და პრაქტიკიდან, აი, მაშინ დავიჯერებ, რომ ეს ყველაფერი მართლა ხდება და რომ ვიღაცას მართლა უნდა წინსვლა.

მაგრამ ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს ხოლმე.

  • ამ ყველაფრის მიუხედავად, თუკი ექნებათ ხელთ დოკუმენტი, წინააღმდეგობა ხომ შეუძლია გაუწიოს სასკოლო საზოგადოებამ, რომ გახდეს ანგარიშგასაწევი ძალა და არა მანიპულირების ობიექტი?

სასკოლო საზოგადოებას ეს შეუძლია, რაღაც ნაწილი მასწავლებლების ახერხებს კიდეც ამას გარკვეული დოზით, მაგრამ დიდი ნაწილი ამას ვერ გააკეთებს ბევრი ფაქტორის გამო.

სახელმწიფოს ბევრი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ გადაიბიროს, ზეწოლა მოახდინოს მასწავლებელზე და ასე შემდეგ. ამ ბერკეტებითაა განეიტრალებული სასკოლო საზოგადოება. დაღლილი და გადამწვარი კარგი გამოსაყენებელია იმისთვის, რომ თავი მოუქონონ ამ ვითომდა თავისუფლებით.

თუმცა, თუ ერთად დადგება სასკოლო საზოგადოება, შეიძლება უფრო მეტი შედეგის მიღწევაც და არ არის აუცილებელი, ყველა მიჰყვეს ერთ, დადგენილ მორჩილების გზას.

  • მინისტრმა ახსენა სადიაგნოსტიკო შეფასება. სავარაუდოდ, აპირებენ გამოცდების დანერგვასაც. თქვენი აზრით, რა არის საჭირო სწავლის ხარისხის, მოსწავლეების შედეგების დიაგნოსტირებისთვის, რაიმე მეთოდს იყენებთ დღეს სკოლები?

დიაგნოსტიკურ შეფასებებს რაც შეეხება, პოსტპანდემიურ პერიოდში გვქონდა რამდენჯერმე. სხვა დროსაც ბევრი გვიფიქრია და გვიმსჯელია, მაგრამ ყოველთვის, როცა ამ საკითხებზე ვიწყებთ მსჯელობას, მივდივართ ერთ დასკვნამდე, რომ დღეს არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე მთავარია სკოლაში დაინერგოს კვება. რა მოვთხოვოთ ბავშვებს, რომელთა დიდი ნაწილი არ იკვებება ან ცუდად იკვებება.

ჯერ ეს არის მოსაგვარებელი სკოლაში, შემდეგ – ინფრასტრუქტურა და ამას მოჰყვება სხვა დანარჩენი.

რაც შეეხება გამოცდებს, სკოლებში გვაქვს დიაგნოსტიკური ტესტირების გამოცდილება და ახლაც, მიმდინარე სასწავლო წელსაც, ვაგრძელებთ ამ მეთოდის გამოყენებას.

ვფიქრობ, განმსაზღვრელზე უფრო მეტად, განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე, განმავითარებელ შეფასებაზე უფრო გაუკეთებიათ მასწავლებლებს აქცენტი და ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული.

მაგრამ როცა ითქვა, რომ 2027 წელს დაინერგება სრულად ახალი მეთოდები, ეს ილუზია მგონია, რადგან მხოლოდ 2-3 წელი არ იქნება საკმარისი იმის განსაზღვრისთვის, იმუშავებს თუ არა ესა თუ ის მოდელი.

  • რა გავაკეთოთ მაშინ, საიდან დავიწყოთ პრობლემის მოგვარება, გარდა იმისა, რომ კვების დანერგვის აუცილებლობა არსებობს?

ჩვენ დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ – მძიმე პაციენტს წამლობის ნაცვლად ვაცმევთ ლამაზად, ვუკეთებთ მაკიაჟს და გვგონია, რომ ამით დაავადებას რამე ეშველება.

ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ მთავარ დაავადებას და ეს მთავარი დაავადება მაინც პოლიტიკურია.

მე ხვალ დიდი იმედებით ველოდები კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიის თანხმობას და სწორედ აქედან უნდა დაიწყოს სხვა ყველა პრობლემის მკურნალობა.

როცა პოლიტიკური პრობლემები მოგვარდება, როცა ევროინტეგრაცია მართლა იქნება ამ ქვეყნის გეზი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს მთავრობა, რიგითობით ყველა პრობლემა მოგვარდება, განათლებაშიც, ჯანდაცვაშიც და სხვა სფეროებში.

სხვა შემთხვევაში, ყველაფერი იქნება წყლის ნაყვა, დროებითი, ფასადური და შელამაზებული. პრობლემის ფესვია მისახედი.

  • ბოლოს, მაინც მინდა გკითხოთ PISA-ს შედეგებზე. ქართულს ასწავლით და უფრო მეტად აკვირდებით ალბათ კითხვის და გააზრების პროცესს. რატომ ვერ ხერხდება დღემდე ამ პრობლემის მოგვარება, ესეც იმას უკავშირდება, რომ  სკოლებში ბავშვებს შიათ?

პრობლემა კომპლექსურია, თუმცა ამის ერთ-ერთი მიზეზი მრავალრიცხოვანი კლასებია და ორ-სამ სკოლაში მომუშავე მასწავლებელი უამრავი საათით. საჭიროა ნორმალური ანაზღაურება, შესაძლებელი, ასატანი დატვირთვით და 15-18 ბავშვი კლასში, აუცილებლად ნაკვები.

მნიშვნელოვანია ასევე არაფორმალური განათლების გაძლიერება ამ მიმართულებით. ასეთ შემხვევაში შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის დაძლევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: