ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის კონცხიდან საფრთხისშემცველი ნატანის ამოსაღებად დაწყებული პროცედურა შეწყდა

14.12.2023 • 1565
ბათუმის კონცხიდან საფრთხისშემცველი ნატანის ამოსაღებად დაწყებული პროცედურა შეწყდა

ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდიდან ხრეშის ამოღების და მახინჯაურის სანაპიროსთან ჩაყრის პროექტთან დაკავშირებით დაწყებული სკრინინგის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა.

პროცედურის შეწყვეტის საფუძველი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის წერილია.

„ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო გთხოვთ, არ მისცეთ მსვლელობა ჩვენი მიმდინარე წლის 18 ოქტომბრის წერილს“, – აღნიშნულია აჭარის სამმართველოდან ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

  • გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის 14 დეკემბრის მონაცემებით, დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით დაწყებული სკრინინგის პროცედურა უკვე შეწყვეტილია.

აჭარის სამმართველომ სკრინინგის პროცედურა იმის დასადგენად დაიწყო, სჭირდებოდა თუ არა ბათუმის კონცხიდან ჭარბი ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროზე ჩაყრას გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] დოკუმენტის მომზადება. სკრინინგის პროცედურის დასრულების გარეშე კი, დაგეგმილი სამუშაოები ვერ დაიწყება.

რა ტექნიკური საკითხების დაზუსტება გახდა საჭირო სკრინინგის პროცედურის დაწყების შესახებ განცხადებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ? – ამ კითხვაზე პასუხი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. სამინისტროს პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე გაგაცნობთ.

ბათუმის კონცხიდან ამ ეტაპზე ამოსაღებია ჯამში 43 000 კუბური მეტრი ნატანი. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროსთან დაყრას, წინასწარი გათვლებით, 3,5 მილიონი ლარი დასჭირდება.

ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხისშემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს.

ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ბათუმის კონცხთან ნაპირს მოწყდა და ზღვაში დაიკარგა დაახლოებით 200 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი.

ვრცლად ამ თემაზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: