სიახლეები

ხელვაჩაურის სოფელ ერგეში ეკომიგრანტებისთვის 11-სართულიან კორპუსს ააშენებენ

14.12.2023 • 1152
ხელვაჩაურის სოფელ ერგეში ეკომიგრანტებისთვის 11-სართულიან კორპუსს ააშენებენ

ხელვაჩაურის მერია სოფელ ერგეში 11-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს, მშენებლობაზე კი ტენდერს 15 მილიონი ლარით გამოაცხადებს.

ხელვაჩაურის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ კორპუსში სამომავლოდ ბინებს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადასცემენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ამ ეტაპზე ბაზრის კვლევას ატარებს, კომპანიების იმ გამოცდილებაზე, რასაც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს მოსთხოვენ.

სამმართველოს ინფორმაციით, „აღნიშნულ სამუშაოებზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სავარაუდო ღირებულებით 15 361 359 ლარზე, დღგ-ს ჩათვლით, სადაც გამოცდილების მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს სამოქალაქო ან საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები (გარდა დემონტაჟის, შეკეთების და რემონტისა) საერთო ღირებულებით არანაკლებ 30 მილიონი ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე 1 დასრულებული ხელშეკრულების/პროექტის/ობიექტის ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა სრულად გარემონტებული ე.წ „გასაღების ქვეშ“ (გარდა საყოფაცხოვრებო ავეჯისა, რომელიც მიღებულია ექსპლუატაციაში), სამშენებლო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 მილიონი ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით…“

ამ და სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მერიის სამმართველო სთხოვს დაინტერესებულ პირებს, „არაუგვიანეს მიმდინარე წლის 18 დეკემბრის ჩათვლით, წერილობით აცნობონ, რომ აქვთ ზემოაღნიშნული გამოცდილება“.

ამ დროისთვის არსებული გათვლებით კორპუსის მშენებლობა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დასრულდეს.

სოციალური სახლი სოფელ ერგეში / ვიზუალიზაცია პროექტიდან

ტერიტორია, სადაც სოციალური სახლი უნდა ააშენონ, მდინარე ჭოროხისა და ჯოჭოსწყლის შესართავთან ახლოს, ჭოროხიდან დაახლოებით 350 მეტრში მდებარეობს. აქ ამჟამად მინისტადიონია მოწყობილი, თუმცა პროექტით გათვალისწინებულია ახალი მინისტადიონის მოწყობაც.

მშენებლობისთვის შერჩეული ნაკვეთი ერგეში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზიდან 50 მეტრში მდებარეობს.

პროექტის მიხედვით

შენობა თერთმეტსართულიანია, სადაც განთავსდა 121 ერთეული საცხოვრებელი ბინა.

ტიპიურ პირველ-მეშვიდე სართულებზე განთავსდა:

2 ერთეული ოროთახიანი ბინა [ფართობი 54 კვ.მ]
7 ერთეული სამოთახიანი ბინა [71-74 კვ.მ]
2 ერთეული ოთხოთახიანი ბინა [92 კვ.მ]

ტიპიურ მერვე-მეთერთმეტე სართულებზე განთავსდა:

3 ერთეული ოროთახიანი ბინა [54-55 კვ.მ]
5 ერთეული სამოთახიანი ბინა [71-74 კვ.მ]
3 ერთეული ოთხოთახიანი ბინა [90-93 კვ.მ]

შენობას გააჩნია ტექნიკური დანიშნულების მიწისქვეშა სართული, ორი კიბის უჯრედი და ორი ლიფტი. ერთ სადარბაზოს ემსახურება მისაწვდომი პანდუსი.

საცხოვრებელი სახლი მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

შენობის კონსტრუქციული სქემა კარკასულია, მონოლითური რ/ბ-ის შემადგენელი ელემენტებით. აღნიშნული შენობა თავისი მახასიათებლებით მიეკუთვნება IV კლასს.

ტერიტორია ადაპტირებული იქნა შშმ პირებისათვის. ახალი საცხოვრებელი სახლისათვის მოეწყო 47 ავტოპარკინგი, მათ შორის 2 პარკინგი შშმ პირისათვის. ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში მოეწყო  საფეხბურთო მინიმოედანი ტერიტორიის ნაწილი მოიკირწყლა ქვაფენილით, ნაწილი დაიფარა ასფალტის ფენით.

გათვალისწინებულია სატრანსფორმატორო ქვესადგურისა და საკანალიზაციო სალექარის [ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა] მოწყობა.

11-სართულიანი სოციალური სახლი სოფელ ერგეში / ფოტომონტაჟი პროექტიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: