მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

დავა 5-მილიონიანი ტენდერისთვის ბათუმში 60 ლიფტის შესაცვლელად

14.12.2023 • 1391
დავა 5-მილიონიანი ტენდერისთვის ბათუმში 60 ლიფტის შესაცვლელად

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი, ელექტრონული ლიფტების მონტაჟზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 5 264 551 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, თუმცა სამმართველოს უკვე ორი კომპანია უჩივის დავების საბჭოში.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, შპს „ბათუმი სიტი XXI“, რომელსაც სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, აცხადებს, რომ მათ წარადგინეს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებები ჩინურ და თურქულ კომპანიებთან. სატენდერო კომისიამ კი, თურქულ კომპანიასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რეესტრში საიდენტიფიკაციო კოდზე – 1501367342 ასეთი კომპანია არ იძებნება.

„ბათუმი სიტი XXI“-ის საჩივარში აღნიშნულია, რომ კომპანია ნამდვილადაა რეგისტრირებული თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რეესტრში და მისი საიდენტიფიკაციო კოდია: 1501367243, თუმცა,

„როგორც აღმოჩნდა ხელშეკრულების რეკვიზიტების შევსების დროს თურქულმა მხარემ მონაცემების შეყვანის დროს ინსტინქტურად დაუშვა შეცდომა, საიდენტიფიკაციო კოდის ბოლო ოთხი ციფრის – 7243 ნაცვლად მიუთითა – 7342. თუმცა ხელშეკრულებაზე დასმულ ბეჭედზე მითითებულია საიდენტიფიკაციო კოდი სწორად – 1501367243.“

მომჩივანი აღნიშნავს, რომ სატენდერო კომისიას თურქული კომპანიის მონაცემების შემოწმების დროს უნდა გამოეყენებინა ხელშეკრულებაში არსებული ყველა ინფორმაცია და აუცილებლად უნდა შეემოწმებინა კომპანიის ბეჭედზე არსებული საიდენტიფიკაციო კოდიც:

„რეკვიზიტების შეყვანის დროს შესაძლებელია დაშვებული იყოს ტექნიკური შეცდომა, თუმცა ბეჭედზე არსებული საიდენტიფიკაციო კოდი უტყუარ მონაცემს წარმოადგენს.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა შეემოწმებინა როგორც კომპანიის რეკვიზიტები, ასევე ბეჭედზე არსებული მონაცემები, რითაც შეძლებდა ტექნიკური შეცდომის გამოვლენას და ბეჭდის უტყუარ მონაცემებზე დაყრდნობით მოიპოვებდა ინფორმაციას კომპანიის შესახებ თურქეთის სახელმწიფო რეესტრიდან.“

„გაუქმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილება/ქმედება, დაზუსტებული დოკუმენტაცია შეფასდეს თავიდან და შპს „ბათუმი სიტი XXI“ გამოვლინდეს გამარჯვებულად“ – აცხადებს მომჩივანი.

„ბათუმი სიტი XXI“ სამმართველოს მომსახურებას 4 699 999 ლარად სთავაზობს.

მერიის სამმართველოს დავების საბჭოში უჩივის ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიაც – „თბილლიფტსერვისი“, რომელიც მომსახურებას სამმართველოს შედარებით ძვირად – 4 865 700 ლარად სთავაზობს.

სატენდერო კომისიამ მას სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებით დაზუსტებული დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა.

„სატენდერო კომისიას ოქმში არ უმსჯელია „თბილლიფტსერვისის“ მიერ წარდგენილი გამოცდილების დამადასტურებელი ტენდერების ჩამონათვალიდან, კონკრეტულად რომელი ტენდერის და რა თანხის გამოცდილება მიიჩნია/არ მიიჩნია სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად და წაუყენა პრეტენდენტს ბუნდოვანი მოთხოვნა გამოცდილების დაზუსტებასთან დაკავშირებით, სადაც ასევე არ არის მითითება, თუ რა თანხის გამოცდილებაა ჯამში დასაზუსტებელი.“ – აღნიშნულია „თბილლიფტსერვისის“ საჩივარში.

მომჩივანი კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ „შემსყიდველმა ორგანიზაციამ სრულყოფილადაც არ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული 5 სამუშაო დღე და დეტალური შემოწმების გარეშე, ერთ სამუშაო დღეში ბუნდოვანი და არაზუსტი დაზუსტების მოთხოვნა წარუდგინა პრეტენდენტს“.

„თბილლიფტსერვისი“ აცხადებს, რომ იმის შემდგომ, რაც სატენდერო კომისია ზუსტად მიუთითებს მათ მიერ წარდგენილი გამოცდილების ჩამონათვალიდან რომელი ტენდერის ფარგლებში ჩათვალა/არ ჩათვალა გამოცდილება შემსყიდველმა ორგანიზაციამ ანალოგიური ხასიათის გამოცდილებად და რა თანხის გამოცდილებაა დასაზუსტებელი, მხოლოდ ამის შემდგომ ექნებათ შესაძლებლობა, დამატებით წარუდგინონ კომისიას გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, „თუ გადახედვის შემდგომ დადგება აღნიშნულის საჭიროება“, –  აღნიშნულია საჩივარში.

„თბილლიფტსერვისი“  დავების განხილვის საბჭოსგან ითხოვს „გაუქმდეს „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2023 წლის 11 დეკემბრის ოქმი და შერჩევა/შეფასება განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით.“

„ბათუმი სიტი XXI“-ის და „თბილლიფტსერვისის“ საჩივრების განხილვის თარიღად 18 დეკემბერია ჩანიშნული.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ბათუმში ახალი ლიფტები უნდა დაამონტაჟონ შემდეგ მისამართებზე:

ა. პუშკინის 35დ – 1-ელი სადარბაზო
ა. პუშკინის 35დ – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 13 – 1-ელი სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 13 – მე-2 სადარბაზო
ახმეტელის 5 – სატვირთო
გ. ტაბიძის 33 – 1-ელი სადარბაზო
გ. ტაბიძის 33 – მე-2 სადარბაზო
კობალაძის 6 – 1-ელი სადარბაზო
ი. ჭავჭავაძის 78-88 – მე-5 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 8 – მე-2 სადარბაზო
გ. ტაბიძის 39 – 1-ელი სადარბაზო
გ. ტაბიძის 39 – მე-2 სადარბაზო
მ. ლერმონტოვის 2-4 – 1-ელი სადარბაზო
მ. ლერმონტოვის 2-4 – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 9ა – 1-ელი სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 9ა – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 9ა – მე-3 სადარბაზო
ა. გრიბოედოვის 28 – სამგზავრო
ა. გრიბოედოვის 28. სატვირთო
ა. პუშკინის 35 – (ა კორპუსის 2 ლიფტი)
მელიქიშვილის-გორგასლის 18-92 – 1-ელი სადარბაზო
მელიქიშვილის-გორგასლის 18-92 – 1-ელი სადარბაზო
თამარ მეფის გამზ. 48 – 1-ელი სადარბაზო
თამარ მეფის გამზ. 48 – მე-2 სადარბაზო
ზ. გამსახურდიას 1-5 – მე-3 სადარბაზო
ზ. გამსახურდიას 1-5 – მე-4 სადარბაზო
ვ. გორგასლის 159 – მე-2 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 26 – 1-ელი სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 26 – მე-2 სადარბაზო
შ. ინასარიძის 20 – მე-2 სადარბაზო
ლ. გუდიაშვილის 18 – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 11 – 1-ელი სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 11 – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 11 – მე-3 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 20 – 1-ელი სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 20 – მე-2 სადარბაზო
ტბეთის შეს. 3 – მე-2 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 36 – 1-ელი სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 36 – მე-2 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 36- მე-3 სადარბაზო
ვ. გორგასლის 152 – მე-2 სადარბაზო
ი. ჯავახიშვილის 78ა – 1-ელი სადარბაზო
ი.ჯავახიშვილის 78ა – მე-2 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 12 – 1-ელი სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 12 – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 21 – 1-ელი სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 21 – მე-2 სადარბაზო
ტბელ აბუსერიძის 21ა – მე-2 სადარბაზო
შ. ინასარიძის 2 – სამგზავრო
შ. ინასარიძის 2 – სატვირთო
გ. ტაბიძის 19ა – 1-ელი სადარბაზო
გ.ტაბიძის 19ა – მე-2 სადარბაზო
ზ .გორგილაძის 54 – 1-ელი სადარბაზო
გ. ტაბიძის 15 – 1-ელი სადარბაზო
გ. ტაბიძის 15 – მე-2 სადარბაზო
ი. ჭავჭავაძის 39-47 – მე-2 სადარბაზო
ტბელ აბუსერიძის 21ბ – მე-2 სადარბაზო
ა. გრიბოედოვის 24 – სატვირთო
ფრ.ხალვაშის VI შეს. 17 – 1-ელი სადარბაზო
ფრ.ხალვაშის VI შეს. 17 – მე-2 სადარბაზო
ზ.გამსახურდიას N1-N5 – მე-4 სადარბაზო

ტენდერის გამოცხადებამდე მერიის სამმართველო ფასების დასადგენად ბაზარს სწავლობდა, თუმცა ბაზრის კვლევის ეტაპზე საუბარი იყო 59 ლიფტზე [რასაც ტენდერის დროს ერთი ლიფტი დაემატა ზ. გამსახურდიას ქუჩაზე].

ვრცლად ამ თემაზე:

ბათუმში 30 კორპუსში 49 ახალ ლიფტს დაამონტაჟებენ – ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი დაიხარჯება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: