სიახლეები

გზა სიარულმა დალია – ბათუმელი მასწავლებლის მოსაზრება

13.12.2023 • 2582
გზა სიარულმა დალია – ბათუმელი მასწავლებლის მოსაზრება

ავტორი: ხათუნა გობაძე, ქართული-ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

____

გაურკვეველი, ბუნდოვანი გზის გასაყართან ვდგავართ, არც მეტი, არც ნაკლები, გზაჯვარედინის გარეშე… ეს სხვა გზაა, სხვა მზერა… თითქოს გაშეშებულა გზაც და მგზავრებიც… მოსიარულე ტიტრებივით მიდი-მოდიან წინ-უკან, თუმცა ვერ გაურკვევიათ ორიენტაცია…

მე, ახლა, განათლების გზის გასაყართან ვდგავარ და სელინჯერის ჰოლდენივით ჭალაში მოთამაშე ბავშვების მცველად ვქცეულვარ…

სხვა?!.. ამის იქით?.. მიზანი, რომელმაც დამაყენა (მომიყვანა) აქ?!!!…

რაც უფრო წინ ვიხედები, ან განვლილ წლებს გადავავლებ თვალს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ რაღაც გამოგვეპარა, თანდათან, ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ; თანაც ისე, ვერც კი შევამჩნიეთ და ნებსით თუ უნებლიეთ, ურეზულტატობის მონაწილენი ვართ!!!..

ვასწავლით, ვსწავლობთ…

გვასწავლიან, ვასწავლით…

მაგრამ სიამაყე? კმაყოფილება? თვითრეალიზაცია?!..

ვფიქრობ, ყველაფერმა გარეფასადის სახე მიიღო…

სოციალური ქსელი, ტელევიზია, ტაში, ლამაზ-ლამაზი სლოგანები, ფრაზები, ჯილდო… მაგრამ ნამდვილი რეალობა სულ სხვაა, ყოველ შემთხვევისთვის მე ასე ვფიქრობ…

მეც, როგორც ყველა განათლების ,,მესაჭე“ თითქოს (თითქმის) ყველაფერს ვაკეთებ საიმისოდ, მივყვები კვალდაკვალ…

გამოცდა, ტრენინგები. წინსვლა, თვითაქტუალიზაცია-ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილიცაა, მაგრამ მაინც რატომ ,,მეკუმშება“ გული?.. რატომ ვარ დემოტივირებული?
რატომ არ ვარ ჩემი თავით უკმაყოფილო?..

სამწუხაროდ, ჩემთვის მოტივაცია მხოლოდ ხელფასი არაა (ესეც არ მაწყენდა)… სულ სხვა პრობლემაა, სხვა სიღრმე, რაც უკვე ხელიდან გაგვექცა და რთულია დაჭერა…
მეტნაკლებობა მუდმივი აქსიომაა, არც დღესაა საუკეთესო გამონაკლისები, მეტიც, წარმატებებიც და წარმატებულებიც არ გვაქვს (გვყავს) საძებნელი… მაგრამ სულ სხვა სურათია ზოგადად, ენით აუხსნელი.. რატომღაც ქვეყანაში აქტუალური სულ სხვა თემებია და, შესაბამისად, ალტერნატივადაც სხვა პრობლემები მოიაზრება…

ერთი შეხედვით ქვეყანა თითქოს განვითარების გზაჯვარედინზეა, ჩქეფს და ფეთქავს ცხოვრების მაჯისცემა, მაგრამ მე მაინც მგონია, სკოლის, დირექტორებისა და მასწავლებლების ზურგზე ჰკიდია ქვეყნის ჭირ-ვარამი!!!…

სკოლა, მასწავლებელი დარჩა ქვეყანაში დალექილი პრობლემების პირისპირ, რასაც ხშირად მოსწავლის თვალები გვკარნახობს… კლასში ოცდახუთ-ოცდაათ მოსწავლეში ერთეულებს თუ შემორჩენია სწავლის ძალა და სურვილი. შესაბამისად, მათ მშობლებსაც შერჩათ ჯერ კიდევ შინაგანი რესურსი!!! (მათ გარეშე ჩვენ არაფერი არ ვართ!)…

ჰოდა, სამწუხაროდ, ,,მშობლებდაკარგული“ შვილების პირისპირ ვდგავართ, გვსურს მაგრამ აღარ ძალგვიძს…

ვინ ემიგრანტია. ვინ დღენიადაგ მუშაობს. ლუკმაპურისთვის, ვინ ვერც (ესეც ცალკე პრობლემაა) არაადამიანური, ექსპლუატაციური სამსახურისა და ხელფასის სანაცვლოდ უყურადღებოდ დარჩა შვილი..

სად არის ამ დროს ბავშვი?!.. ქუჩაში? ტელეფონთან? (ეს კიდევ სხვა თემაა!).. დაღლილ, ილაჯგაწყვეტილ მშობელს კი ბოლომდე გამოსცლია ძალა, ხელში რომ აიყვანოს საკუთარი შვილი და როგორმე ყველაფერი დააბალანსოს!!!..

ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა, არ უნდა იმუშაოს?!.. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ძლიერი ქვეყანა და ეკონომიკა სჭირდებათ, რომ არ გაუქრეთ ის ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია და ვალდებულება, რასაც შვილის აღზრდა და გზაზე დაყენება ჰქვია!.. ეს ის მინიმუმია, რამაც შეიხლება მოზარდზე დამანგრეველი ზეგავლენა იქონიოს, რომ აღარაფერი ვთქვათ ნახევრად მშიერ, დასტრესილ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე!!!..

სად ვართ ჩვენ ამ დროს? – მრავალრიცხოვან კლასში, სადაც დიდი სიყვარულით (ყველაფრის მიუხედავად) ველოდებით მოსწავლეს… ამ დროს, ზოგს სძინავს, ზოგს შია, ზოგს გაჩერება არ უნდა, ზოგს ტელეფონს ვერ ვაშორებთ…

მიზეზი?!… უკვე ქვეტექსტურად ,,განვმარტე“… ვინც ერთხელ მაინც ყოფილა სავსე, მაგრამ თითქმის ,,დაცარიელებული“ კლასის წინაშე კარგად გამიგებს…

დიახ, ერთი შეხედვით სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს (ცდილობს მაინც), რომ მოსწავლე არ დარჩეს განათლების მიღმა… ამისთვის კეთილმოწყობილი, ტექნოლოგიებით აღჭურვილი, სკოლა და პროფესიონალი მასწავლებლები ხვდებათ, დირექტორი და სამინისტროც მაქსიმუმს აკეთებს… მასწავლებლებიც დღითიდღე იზრდებიან, ,,იწვრთნებიან“, მაგრამ რაა რეალობა, ეს კიდევ საკითხავია..

კეთილი და დიდი ნება რომ არის საამისოდ, ესეც ფაქტია, უამისობაც არ იქნება, უამრავი ფინანსური რესურსიც იხარჯება მასწავლებლების ,,შესაქმნელად“, მაგრამ მასწავლებლები თავიანთი სტატუსიანად, ვფიქრობ, დარჩნენ სხვა ჩიხის, სხვა რეალობის წინაშე, მასწავლებლობაზე მეტად თავშესაფრის ძიძებად გადავიქეცით!…

დიახ, ფსიქოლოგებიც უნდა ვიყოთ, ჯამბაზებიც, მსახიობებიც, პროფესიონალებიც, მოსიყვარულეებიც, ინოვატორებიც, რეჟისორებიც. ვფიქრობ, თანამედროვე სკოლაში იშვიათია უამისობა, მაგრამ მაინც ზურგზე გვკიდია სახელმწიფოს ბედი…
ვცდილობთ, ვზიდავთ და მივხოხავთ…

რამდენად ვზიდავთ, ან სადამდე გაგვყვება ძალა არ ვიცით…
ის ვიცით, რადიკალურად, სასწრაფოდ, სიღრმისეული ცვლილებებია საჭირო, რათა დაუბრუნდეს მშობელი შვილს, მოსწავლე სკოლას და მასწავლებელი მოსწავლეს, თანაც ისე, რომ ,,დამსხვრეული“ მასწავლებლები არ შერჩეს ქვეყანას მორალურადაც და ფიზიკურადაც, ჯილდოებიანად და სტატუსებიანად!!!

ჰო, იმ გზაზე ვდგავართ. სადაც პატარ-პატარა თუ დიდი გუბურებიდან თუ გუბეებიდან გრუნტზე უნდა გავიყვანოთ (გაგვიყვანონ) მგზავრები, რომ გზა სიარულმა არ დალიოს და მგზავრები ჩიხებში არ ჩარჩნენ.

P.S.

ჩვენ კი თავშესაფრებად არ გადავიქცეთ და ნორმალური სახელმწიფოს გარანტი რომ ბავშვის სწორად აღზრდაა ესეც არ დაგვავიწყდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: