ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

100 ლარამდე იზრდება ბათუმში არასწორი პარკირებისთვის მანქანის ევაკუირების გადასახადი

13.12.2023 • 2653
100 ლარამდე იზრდება ბათუმში არასწორი პარკირებისთვის მანქანის ევაკუირების გადასახადი

ბათუმის მერიამ საკრებულოში შეიტანა პროექტი, რომლითაც ბათუმში ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანისას ტრანსპორტირების ხარჯის 100 ლარამდე გაზრდას ითხოვს.

ბათუმში სპეციალურ დაცულ სადგომზე  ტრანსპორტირების საფასური ამ დროისთვის 45 ლარია.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, ცვლილება ეხება იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც არასწორი პარკირებისთვის ევაკუატორით გადააქვთ სპეციალურ ავტოსადგომზე.

პროექტის მიხედვით, საკრებულოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანისას ტრანსპორტირების ხარჯის 45 ლარიდან 100 ლარამდე გაზრდის დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილება ძალაში შევა დადგენილების გამოქვეყნებისთანავე.

საკითხი, რომელიც მოქმედ დადგენილებაში საფასურის გაზრდის ცვლილებას ითვალისწინებს, საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგში უკვე შეტანილია.

სპეციალურ სადგომზე ავტოტრანსპორტის გადატანის ხარჯს [დღევანდელი ტარიფით 45 ლარს, ცვლილების მიღების შემთხვევაში კი, უკვე 100 ლარს] ავტოტრანსპორტის მფლობელი იხდის/გადაიხდის.

მოქმედი დადგენილებით, მფლობელი ასევე იხდის ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯს შემდეგი ოდენობით:

  • თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე არ რჩება ღამის განმავლობაში – 5 ლარი;
  • თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე რჩება ღამის განმავლობაში – ერთი ღამე 10 ლარი.

ამ ეტაპზე სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები უცვლელი რჩება.

მოქმედი კანონმდებლობით, ბათუმში არასწორი პარკირების გამო ევაკუირებული მანქანის მფლობელის მიერ ტრანსპორტირებისთვის გადახდილი თანხა ირიცხება ა[ა]იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ ანგარიშზე და წარმოადგენს ინსპექციის საკუთრებას.

გადატანის ტრანსპორტირების ხარჯის 100 ლარამდე გაზრდის საფუძველს, მერიის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი იძლევა.

„კოდექსით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური და სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური შემდეგნაირად:

  • მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით,
  • სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში კი − არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;
  • აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − დღეში არაუმეტეს 20 ლარის ოდენობით,
  • ხოლო სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – დღეში არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია მერიიდან საკრებულოში გადაგზავნილი დოკუმენტის განმარტებით ბარათში.

განახლება: ქალაქის საკრებულოს დადგენილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორ­ტო სა­შუა­ლების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას ტრანსპორტირების ხარჯი 100 ლარით განისაზღვრა. დადგენილება 2023 წლის 21 დეკემბერს ამოქმედდა.

მთავარი ფოტო: ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია/facebook 

ბათუმში პარკირების ადგილების დეფიციტია, თუმცა ქალაქის მერიას რაიმე პროექტი საპარკინგე ადგილების გასაზრდელად დაფინანსებული არ აქვს. პარალელურად, სახელმწიფომ ბათუმში, იუსტიციის სახლთან, კერძო კომპანიას პარკინგის მოსაწყობად ტერიტორია 49 წლით გადასცა საკუთრებაში. ახალი  პარკინგი კი, ძირითადად, „ალიანს პალასს“ და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოემსახურება.

მიწისქვეშა და მიწისზედა  მრავალდონიანი პარკინგების მოწყობას ითხოვს ბათუმის საკრებულოს ოპოზიციაც. ამაზე მათ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებში დაწერეს. იმ განსხვავებით, რომ ოპოზიციის მოსაზრებით მრავალდონიანი პარკინგების მოწყობა თავად მერიამ უნდა უზრუნველყოს და ისინი ყველასთვის მისაწვდომი უნდა იყოს. საკრებულომ 19 დეკემბრის სხდომაზე ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტიც უნდა დაამტკიცოს.

ბათუმის მერიაც აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად, არ ითვალისწინებს.

ამ თემაზე:

კორპუსების ზომა იზრდება, მაგრამ არა პარკინგის – ბათუმის მწვავე პრობლემა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: