მთავარი,სიახლეები

დოკუმენტების გაყალბებაზე კომპანიების ხელმძღვანელები დააკავეს – საგამოძიებო სამსახური

13.12.2023 • 873
დოკუმენტების გაყალბებაზე კომპანიების ხელმძღვანელები დააკავეს – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე მხილებულია ოთხი პირი, რომელთაგანაც ორი დაკავებულია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი თოთხმეტი კომპანიის სახელით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 514 641 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოყენებულ იქნა ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულია ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

„ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.“ – აცხადებს საგამოძიებო უწყება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: