სიახლეები

ემიგრაციაში რომ წავედი, ჩემი ქმარი სხვა ქალთან წავიდა – ემიგრანტი ქალი ერაყიდან

12.10.2023 • 30530
ემიგრაციაში რომ წავედი, ჩემი ქმარი სხვა ქალთან წავიდა – ემიგრანტი ქალი ერაყიდან

სამცხე-ჯავახეთიდან, იმერეთიდან და აჭარის სოფლებიდან ქალები ხან მარტო, ხანაც ოჯახებით ხშირად მიდიან ერაყში სამუშაოდ. ერაყში სამუშაო ვიზის მიღება ადგილზეა შესაძლებელი და ემიგრანტებს არალეგალურად ცხოვრების შიში არ აქვთ. სწორედ ამ ნიშნით გახდა ეს ქვეყანა საინტერესო იმ ქართველებისთვის, ვისაც სხვა ქვეყანაში სურდათ სამსახურის შოვნა.

ერაყში ქართველები ძირითადად დამლაგებლებად მუშაობენ ოჯახებში, სასტუმროებსა და კაფე-ბარებში. მოხუცების მომვლელებად აქ ნაკლებად საქმდებიან.

ირმა კობახიძე ერაყში 10 წლის წინ წავიდა სამუშაოდ. და და სიძე დაეხმარნენ თავიდან, რომლებიც ასევე ერაყში მუშაობდნენ.

„არ ვიცოდი ენა, არ ვიცოდი სად მივდიოდი, ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის, ტირილით ღამდებოდა და ტირილით თენდებოდა. სამი პატარა შვილი დავტოვე, 1 ბიჭი და 2 გოგო. ჩემი გოგო ისე შევიდა პირველ კლასში, რომ მე არ ვიყავი.

ჩემი გოგოები გაიზარდნენ, დაქორწინდნენ, ბიჭმაც ოჯახი შექმნა, სამი შვილიშვილი მყავს. ვერცერთი შვილის ქორწილში ვერ ჩამოვედი. ვერც ახლა ვხედავ ჩემი შვილიშვილები როგორ იზრდებიან, ჩამოვდივარ ერთი თვით და უკან მივდივარ, ვერ ვიპოვე საქართველოში ისეთი სამსახური, რომ თავი ვირჩინო. კონსერვატორია მაქვს დამთავრებული, მუსიკის მასწავლებლად ვმუშაობდი საქართველოში“, – ამბობს ირმა კობახიძე.

ქალის თქმით, ბევრი ემიგრანტის მსგავსად მასაც ყველაფერი გამოეცალა ხელიდან, რაც საქართველოში დატოვა. ემიგრანტის ცხოვრება ყველაფრისთვის ბრძოლააო ამბობს: ბრძოლა, რომ შორს წასულმა ოჯახი შეინარჩუნო, ბრძოლა, რომ შვილებთან ურთიერთობა არ გაცივდეს, ბრძოლა იმისთვის, რომ უცხო გარემოს შეეთვისო, ახალი ენა ისწავლო.

23 წლის დისშვილი დაეღუპა ცოტა ხნის წინ. გლოვისთვის რამდენი დღე სჭირდებოდა, ამდენი ხნითაც კი ვერ შეძლო ჩამოსვლა, ვერც 42 წლის ძმა იგლოვა, რომელიც ირმას ემიგრაციაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.

  • რატომ წავედი

ბევრი სხვა ქალის მსგავსად ირმამაც ემიგრაციაში წასვლა სიღარიბის გამო გადაწყვიტა. სამ შვილს სჭირდებოდა ჭამა, ჩაცმა, ცეკვაზე, სხვადასხვა მასწავლებელთან სიარული, სახლი იყო გასარემონტებელი და ყველაფერს მე ვერ ვუმკლავდებოდი, ერთი ჩვეულებრივი მუსიკის მასწავლებელი ვიყავიო, იხსენებს ირმა. ოჯახს ბანკის ვალიც ჰქონდა. სანამ ირმას დედამთილი და მამამთილი იყვნენ ცოცხლები, ქალს ყველაფერში ეხმარებოდნენ.

„მერე ორივე გარდაიცვალა და მარტო დავრჩი პასუხისმგებლობების წინაშე. ჩემს ქმარს არც ვახსენებ, გვერდით არასდროს მედგა, არ უხაროდა და არ უყვარდა არასდროს მუშაობა, თუ სადმე წავიდოდა, გართობაში ხარჯავდა ყველაფერს და ჯობდა სახლში მჯდარიყო ისევ, ამიტომ მე წამოვედი ემიგრაციაში“, – ამბობს ირმა.

ოჯახი ზესტაფონის სოფელ საზანოში ცხოვრობდა. ჰყავდათ ძროხები, ქათმები, ჰქონდათ ყანა, ირმა ყველაფერს უვლიდა. ფიქრობდა, რომ სახლს გაარემონტებდა, შვილებს ,,გზაზე დააყენებდა“, სწავლის ფულს შეუგროვებდა და მერე საქართველოში დაბრუნდებოდა.

ემიგრაციიდან 10 წლის შემდეგ ირმას საქართველოში დასაბრუნებელი ადგილიც კი არ აქვს. სახლი, რომელიც ემიგრაციაში ყოფნის დროს წლობით არემონტა, ეკუთვნის ირმას ყოფილ ქმარს:

„ემიგრაციაში რომ წავედი, ჩემმა ქმარმა საყვარლები გაიჩინა და ერთ-ერთთან წავიდა. როცა ჩამოვდიოდი, აქეთ მეჩხუბებოდა, ხელი გავაწეროთო. ატეხდა ჩხუბს, მერჩოდა, გამოვიძახებდით ზესტაფონის პოლიციას, წაიყვანდნენ და მალევე უკან უშვებდნენ, ყველას იცნობდა ზესტაფონში და ერიდებოდნენ. სულ ჩაგვრის მსხვერპლი ვიყავი. ერთხელ მანქანით ვმოძრაობდით, დაგვედევნა და ბენზინი უნდა გადაგასხათ და დაგწვათო, გვემუქრებოდა. ქუთაისის პოლიციამ დააკავა და სამთვიანი შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. მერე ისევ ჩემი შვილი იყო ცუდ დღეში, ბიჭი, რომელიც მამასთან ცხოვრობს თავისი ოჯახით. შემეცოდა, ჩამოვედი და პოლიციაში შევცვალე ჩვენება.

კიდევ ერთი ჩამოსვლისას საბერძნეთის და საქართველოს პასპორტები დამიზიანა, დახვრიტა. ამის გამოც დაკავებული იყო. ორწლიანი პირობითი სასჯელი აქვს ახლა. განქორწინებულები ვართ უკვე ოფიციალურად.

შვილი ამიმხედრა – ბიჭი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს, არ მელაპარაკება. მკითხულობს მხოლოდ თვეში ერთხელ, როცა ფული სჭირდება. თუ ვერ გავუგზავნი, ბრაზდება და აღარ მელაპარაკება, არ კითხულობს ჩემ ამბავს, სად ვარ, როგორ ვარ. გულმოკლული ვარ. შვილიშვილსაც კი არ მაჩვენებს, ასე მსჯიან, თუ ფულს ვერ ვგზავნი.

ერთადერთი იმედი ჩემთვის გოგოები არიან. არასდროს მტოვებენ უყურადღებოდ, ჩემს ამაგს არ ივიწყებენ.

სახლში, რომლის რემონტსაც წლები შევალიე, აღარ მიმესვლება. ათწლიანი ემიგრაციის შემდეგ ახლა უნდა დავიწყო საკუთარ ჭერზე, თუნდაც ერთოთახიანი სახლის ყიდვაზე ფიქრი, რომ წასასვლელი მქონდეს სადმე, სადაც დავიძინებ. აღარც წასასვლელი მაქვს, აღარც ოჯახი“, – ამბობს 43 წლის ემიგრანტი.

  • „საქართველოში ვიმუშავებდი, ასეთივე ანაზღაურება რომ იყოს“

ირმა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბინას იყიდის, საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. მიიჩნევს, რომ ემიგრაციაში სიბერემდე არ უნდა უწევდეთ ქალებს დარჩენა.

„ერაყში ჩამოდიან წყვილებიც, ერთად მუშაობენ და მათთვის შედარებით ადვილია რესურსის შეგროვება საქართველოში რამე საქმის დასაწყებად. ქალები, რომლებიც აქ მარტო მუშაობენ და საქართველოში გზავნიან ფულს, ძალიან ცუდ დღეში არიან. თუ ეს ფული უბრალოდ იხარჯება საქართველოში, მერე ყველა ერთ კითხვას გისვამს: კი, მაგრამ რა გააკეთე, რისთვის წახვედი?

აღარავის ახსოვს, რომ გზავნიდი, რასაც გიხდიდნენ და ყოველდღიურ საჭიროებებში ხარჯავდნენ. საქართველოშიც ვიმუშავებდი ასე, როგორც აქ ვმუშაობ, ასეთივე ანაზღაურება რომ იყოს, სიბერემდე ემიგრანტი ხომ არ ვიქნები? შვილიშვილები როგორ იზრდებიან, როგორ გაჩნდნენ ვერ ვნახე, მაგრამ სიბერეში მაინც ხომ მინდა მათ ვუყურო?“ – ამბობს ემიგრანტი.

ირმა დილის რვიდან საღამოს 4 საათამდე სასტუმროს ნომრებს ალაგებს ერაყში, ალაგებს სამზარეულოსაც, რვასაათიანი სამუშაო დროის დასრულების შემდეგ მეორე სამსახურში, ოჯახში მიდის დასალაგებლად. ბინას ქირაობს ერაყში. ქირის, კომუნალური გადასახადების და ყოველდღიური საჭიროებებისთვის მცირე თანხას გადადებს, დანარჩენს კი საქართველოში გზავნის. ასე იცხოვრა 10 წელი.

  • „აქ საქართველოს ელჩი არ არის, უყურადღებოდ ვართ ემიგრანტები“

ირმა გვიყვება, რომ ერაყში ქართველი ემიგრანტების რაოდენობა განახევრდა, რადგან სამუშაო ვიზის მოსაკრებლის ფასი ორჯერ გაიზარდა და გაძვირდა პასპორტის დამზადების საფასურიც.

მისი თქმით, ემიგრანტებს აღარ უღირთ ყოველწლიურად იხადონ სამუშაო ვიზის მოსაკრებელი და არ უღირთ ერაყში სამუშაოდ დარჩენა. თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტები ისევ უკან, ერაყში მიდიან, რადგან სამშობლოში ვერ საქმდებიან ან ძალიან დაბალი ანაზღაურება არაფერში ჰყოფნით და ისევ ემიგრაციის გზას ირჩევენ.

„რაღაც პერიოდი სამუშაო ვიზების გაცემა საერთოდ შეჩერდა და ახლაც ასეა, თითქმის აღარავის აძლევენ. მე ძველი სამუშაო ვიზა მაქვს და იმას თუ განვაახლებ. კითხვა რომ დასვა, საქმის კურსში რომ იყო, რა რატომ ხდება, ამის შესაძლებლობა არ არის ერაყში, უამრავი ქართველი ემიგრანტია აქ, მაგრამ საქართველოს საელჩო არ არის, ელჩი არ გვყავს, უყურადღებოდ ვართ ემიგრანტები“, – ამბობს ირმა კობახიძე.

სამუშაო ვიზის მიღებისა და პასპორტის განახლების პროცესს ქართველი ემიგრანტებისთვის ერაყში ისიც ართულებს, რომ ახლა ამ ქვეყანაში საჭიროა დასაქმების მსურველმა იპოვოს მეურვე, ერაყის მოქალაქე, რომელიც დაადასტურებს, რომ თანახმაა ემიგრანტს ერაყში ყოფნის და მუშაობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდეს, ამავე მეურვემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ემიგრანტი დანაშაულს არ ჩაიდენს ერაყის ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მეურვეს ეკისრება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: