ბათუმი,სიახლეები

აუდიტის შენიშვნები აჭარის 2024 წლის ბიუჯეტზე – მთავრობა მხოლოდ რიცხვებს ცვლის

13.12.2023 • 992
აუდიტის შენიშვნები აჭარის 2024 წლის ბიუჯეტზე – მთავრობა მხოლოდ რიცხვებს ცვლის

„მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს რეგიონში არსებული რესურსების, ბოლო წლების ტენდენციებისა და მოსალოდნელი პროგნოზების ანალიზის საფუძველზე“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში, აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე.

დასკვნა აუდიტმა დღეს, 13 დეკემბერს, გამოაქვეყნა, თუმცა, შენიშვნები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა აჭარაში, კახაბერ კირტავამ, 8 დეკემბერს სიტყვიერად მოახსენა უმაღლეს საბჭოს იმ სხდომაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ამ შენიშვნებს ხელი არ შეუშლია საბჭოს უმრავლესობისთვის, რომ ბიუჯეტი დაამტკიცებინათ. არც აუდიტს „შეშლია ხელი“, მიუხედავად მთელი რიგი შენიშვნებისა, ბიუჯეტის კანონპროექტზე საბოლოოდ დადებითი დასკვნა გაეცა.

თითქმის ანალოგიური შენიშვნები აჭარის მთავრობას და მის მაკონტროლებელ უმაღლეს საბჭოს ცოტა ადრეც გადაუგზავნეს, როცა აუდიტმა 2023 წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიში შეაფასა:

აჭარის 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, აუდიტი კვლავ მიუთითებს, რომ

[crosslist]

  • „მნიშვნელოვანია, პროგრამების/ქვეპროგრამების განმახორციელებელმა უწყებებმა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე გაითვალისწინონ პროექტების განხორციელების/მიმდინარეობის როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, დასაგეგმი წლისათვის მოსალოდნელი აქტივობების მასშტაბი და აღნიშნულზე დაყრდნობით განსაზღვრონ მომდევნო წლისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა, რათა ოპტიმალურად მოხდეს რესურსების გადანაწილება ბიუჯეტის დამტკიცების ეტაპზე და დაგეგმილი ასიგნებების სრულად ათვისება“.
  • „მიუხედავად პროგრესისა, პროგრამული ბიუჯეტის დანართი კვლავ სისტემური ხარვეზებით ხასიათდება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების გამართულობა, შედეგების შეფასების ინდიკატორების ხარისხი, მათ შორის, ცხადი სამიზნე მაჩვენებლების არსებობა და ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების განსაზღვრა.“
  • „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლები ნაშთის შემცირების ტენდენციით გამოირჩეოდა, რესპუბლიკური ბიუჯეტის წარმოდგენილი კანონპროექტით, 2023 წლის ბოლოს ნაშთი არანაკლებ 77 453 700 ლარამდე იზრდება. ამასთან, 2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით არსებული ნაშთის მოცულობის (138 601 900 ლარი) გათვალისწინებით, 2023 წლის ბოლოს ნაშთის საპროგნოზო მოცულობით ათვისების ალბათობა დაბალია.“

[/crosslist]

ამასთან, აუდიტი აღნიშნავს, რომ „2024 წლის გადასახდელების გეგმური მაჩვენებელი შემოსულობებს აჭარბებს 77.5 მლნ ლარით. შესაბამისად, იგეგმება ბიუჯეტის ნაშთიდან 77.5 მლნ ლარის გამოყენება. წარმოდგენილი პროგნოზით, 2024 წლის ბოლოს რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშზე თავისუფალი ნაშთი არ უნდა იყოს.“

აუდიტის მიხედვით „2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის როგორც პირველადი, ისე გადამუშავებული კანონპროექტით დივიდენდების სახით შემოსავლების მიღება დაგეგმილი არ არის. 2023 წლის 11 თვეში დივიდენდების სახით რესპუბლიკურ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 611.7 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 36.0%-ია.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 40 საწარმოდან, 2023 წლის 11 თვეში დივიდენდი გადახდილი აქვს 3 საწარმოს.

ამასთან, ბოლო პერიოდში დივიდენდების გადამხდელი საწარმოების პრივატიზება არ განხორციელებულა, ასევე მათი საქმიანობის სფერო და მოგება-ზარალის დინამიკა არსებითად არ შეცვლილა. გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტს არ ახლავს დივიდენდების სახით მისაღები შემოსავლების ნულოვან ნიშნულზე განსაზღვრის დასაბუთება.“

აუდიტის ინფორმაციით, აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ 7 საწარმოში მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება, ხოლო 4 საწარმო გადაცემულია მართვის უფლებით. დივიდენდები კი, 2023 წლის 11 თვეში გადახდილი აქვს მხოლოდ შპს „სავაჭრო ცენტრი 2009-ს“ [550.0 ათასი ლარი], შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას“ [45.0 ათასი ლარი] და შპს „აჭარის ტექნიკური სპეციალისტების მომზადების ცენტრს“ [16.7 ათასი ლარი].

აუდიტის დასკვნით:

„2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტით „არაფინანსური აქტივების კლების“ მუხლით მისაღები შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 93 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც 52 584 300 ლარით აღემატება 2023 წლის გეგმურ მაჩვენებელს…

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თვეში არაფინანსური აქტივების კლების მუხლიდან რესპუბლიკურ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 33 248 800 ლარი, რაც შემცირებული წლიური გეგმის3 82.3%-ია.

გამომდინარე იქიდან, რომ საპრივატიზებო აქტივების მოცულობა ბოლო პერიოდში არსებითად არ შეცვლილა, არაფინანსური აქტივების კლებით მისაღები შემოსულობების ასეთი მოცულობით დაგეგმვა მეტ დასაბუთებას საჭიროებს.“

აუდიტის დასკვნაში ტრადიციულად ამჯერადაც მეორდება, რომ „მიუხედავად იმისა, ბოლო წლებში გაუმჯობესდა პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების შესახებ დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხი, იგი ჯერ კიდევ საჭიროებს შემდგომ სრულყოფასა და დამატებით გაუმჯობესებას.“

2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული კანონპროექტის პროგრამული ბიუჯეტის დანართის ანალიზისას, როგორც აუდიტი ამბობს, გამოვლინდა პროგრამების შემუშავების პროცესში არსებული შემდეგი სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები:

  • „პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების ფორმირების პროცესი – დანართში წარმოდგენილი 61 პროგრამიდან 18 პროგრამა (29.5%) არ არის ჩაშლილი ქვეპროგრამებად. საყურადღებოა, რომ ანალოგიური პროგრამები, ქვეპროგრამების გარეშე დაფიქსირდა წინა წელსაც.
  • შუალედური და საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორების შემუშავება – პროგრამების/ქვეპროგრამების მოსალოდნელი შუალედური/საბოლოო შედეგების ნაწილს არ გააჩნია კონკრეტული მისაღწევი მიზანი, რაც ანგარიშგების ეტაპზე გაართულებს აღნიშნული პროგრამის/ქვეპროგრამის ეფექტიანობის შეფასებას;
  • ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების განსაზღვრა – პროგრამული ბიუჯეტის დანართში წარმოდგენილი ინდიკატორების 100%-ის შემთხვევაში არ ხდება ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა“.

აუდიტის ტრადიციული რეკომენდაცია აჭარის მთავრობისადმი: „პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით არსებული ნაკლოვანებების ეტაპობრივი გამოსწორებისა და ამ მიმართულებით საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილია, გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და ფორმალურად განისაზღვროს რეგიონში პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები, შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით.“

ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიღებიდან, როგორც უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ამბობს, მალევე [ისე, რომ მათ პროექტის გაცნობაც ვერ მოასწრეს], დაინიშნა რიგგარეშე სხდომა, რომელზეც უმრავლესობამ აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ვრცლად ამ თემაზე:

საჯარო უწყებებში ხელფასები იზრდება? – როგორია აჭარის ბიუჯეტის პროექტი საარჩევნო წელს

მთავარი ფოტო: მარცხნიდან – ჯაბა ფუტკარაძე [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი], კახაბერ კირტავა და ირაკლი ანანიძე [აუდიტის სამსახური აჭარაში]/ფოტო: უმაღლესი საბჭო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: