მთავარი,სიახლეები

გია ჭყონიამ 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო ტენდერებიდან – მან მთავრობას ჩარტერი დაუფინანსა

12.12.2023 • 1949
გია ჭყონიამ 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო ტენდერებიდან – მან მთავრობას ჩარტერი დაუფინანსა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ახალი კვლევის მიხედვით, ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო. გია ჭყონია მათ შორის არის, ვინც გასულ წელს აჭარის მთავრობას კუნძულ მალიორკაზე ვიზიტი დაუფინანსა.

გიორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. ის ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს.

გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან სამი: შპს „გზა“, შპს „ბათუმი ცენტრალი“ და შპს „შატო კვირიკე“ აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, საიდანაც 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით მიიღო 335 მილიონ 638 ათას 719 ლარი.

გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში 1 394 000 ლარი შესწირეს.

ბათუმელი ბიზნესმენები მალიორკაზე – ბიზნესმენი გიორგი ჭყონია (მარჯვნიდან პირველი) აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და ბიზნესმენებთან ერთად კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტი, რომელშიც უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სწორედ ბათუმში მოქმედმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს.

  • შემოსავლები სახელმწიფო შესყიდვებიდან

კვლევის მიხედვით, შპს „გზამ“ 30 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან მიიღო 9 589 953 ლარი და მოგებული 95 ტენდერიდან 325 765 401 ლარი. ამ შემოსავლების 67% უკონკურენტოდ ან კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო.

შპს „ბათუმი ცენტრალმა“ [ყოფილი შპს „GEORGIA INN”] 10 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან მიიღო 17 430 ლარი შემოსავალი.

შპს „შატო კვირიკემ” (ყოფილი შპს „აგროტექსერვისი ქობულეთი”) 220 286 ლარი მიიღო 36 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან და 45 649 ლარი 2 მოგებული ტენდერიდან, საიდანაც 1 ტენდერი მოიგო უკონკურენტოდ და 1 – კონკურენტის დისკვალიფიკაციის შედეგად.

  • გადაცემული ქონება და მხარდაჭერა „აწარმოე საქართველოდან“

შპს „შატო კვირიკეს“ [ყოფილი შპს „აგროტექსერვისი ქობულეთი”], რომლის 100% წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეს მიმდებარედ, 26 870 კვ.მ მიწის ნაკვეთი [სახელმწიფო ტყის ფონდი], 2020 წლის 17 იანვარს, სარგებლობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცა.

შპს „ნექსთ ქოლექშენმა“ [ყოფილი შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ“, შპს „თაუერ ჯგუფი გრინ რეზიდენსი“], რომლის 50% წილს გიორგი ჭყონია ფლობს, ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე, 20 366 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 დანგრეული შენობა-ნაგებობა 2017 წლის 6 ოქტომბერს იყიდა სახელმწიფოსგან (ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული პირობიანი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე).

ბანკმა „ქართუმ“ 2020 წლის 4 მარტს უძრავი ქონების ურთიერთგაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოსგან მიიღო მცხეთაში მდებარე 34 492 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2021 წლის 7 მაისს მიყიდა გიორგი ჭყონიას, მან აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2023 წლის 11 ივლისს საკუთრებაში არსებულ და მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შპს „თაუერ ჯგუფი პანორამა ლისის“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ შპს „შალე კვირიკემ“, რომლის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, 5 მილიონი ლარის თანადაფინანსება მიიღო „აწარმოე საქართველოდან“. რამდენიმე წლის წინ სწორედ „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსებით გაიხსნა „შატო კვირიკეს” კომპლექსი, რომელიც ასევე გიორგი ჭყონიას საკუთრებაა.

სსიპ „აწარმოე საქართველოს” ჩვენ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია რომ მოეწოდებინა, რომელიც მათ მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფინანსებულ პროექტებს ეხებოდა, შესაძლებელია გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებული კომპანიების სხვა საბიუჯეტო დაფინანსებების შესახებაც მიგვეღო ცნობები.

საყურადღებოა, ის ფაქტი, რომ გიორგი ჭყონიას ბიზნესპარტნიორია „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი, ალა კახნიაური. მათ ერთობლივად შექმნეს კომპანიები – შპს „კრიპტომ ჰოუმი“ და შპს „კრიპტო ჰოუმ მენეჯმენტი“.

  • მბრუნავი კარი – ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი გიორგი ჭყონიას კომპანიაში

კვლევის თანახმად, ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, რომელსაც უფლებამოსილება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე  ბრალის წარდგენის გამო შეუწყდა, სასჯელის მოხდიდან დღემდე შპს „თაუერ ჯორჯიას” დირექტორია.

ამ კომპანიის 100% წილს ფლობს შპს „ბათუმი ცენტრალი“, ხოლო, თავის მხრივ, შპს „ბათუმი ცენტრალის“ 45% წილს გიორგი ჭყონია ფლობს, 55% წილს კი – შპს „გზა“.  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შპს „გზას“ 100% წილის მფლობელი თავად გიორგი ჭყონიაა.

თენგიზ პეტრიძე ვიცე-მერად დანიშვნამდე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილედ და შემდეგ უფროსად მუშაობდა. ის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობის დროს თითქმის მუდმივად იყო სატენდერო კომისიის წევრი, რა დროსაც გიორგი ჭყონიას კუთვნილმა კომპანიამ, შპს „გზამ“ მოიგო 15 576 976 ლარის ტენდერი.

თითოეულ ტენდერში ამ კომპანიის გამარჯვებას თავისი ხელმოწერით ადასტურებს თენგიზ პეტრიძე, როგორც სატენდერო კომისიის წევრი. ეს ყველაფერი ე.წ. „მბრუნავი კარის“ ნათელი მაგალითია.

  • უნებართვო მშენებლობა ლუკა ასათიანის ქუჩაზე

გიორგი ჭყონიამ ლუკა ასათიანის #21-ში, ბათუმის მერიის შენობიდან 100 მეტრის მოშორებით, კუთვნილ საცხოვრებელ ფართობს ახალი სართული იმგვარად დააშენა, რომ კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან არ აუღია [შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაშია. შესაბამისად, ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ფასადს ეხება, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისი თანხმობა სჭირდება].

რენდერი

„ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობა უნებართვოდ მიიჩნია, მშენებელი დააჯარიმა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი) მოსთხოვა.

ამის მიუხედავად, ბიზნესმენმა გააგრძელა სამშენებლო სამუშაოები, ინსპექციის ჯარიმა და მითითება კი სასამართლოში გაასაჩივრა. კანონმდებლობის თანახმად, ინსპექციის დადგენილება ძალაში ვერ შევა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

გიორგი ჭყონიას კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული 250 მილიონზე მეტი ლარი, სახელმწიფოდან სარგებლობაში ან/და საკუთრებაში მიღებული 4 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი და რამდენიმე მილიონი ლარის საგრანტო დაფინანსება, მისი და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ მმართველი პარტიის და მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ გაღებული მილიონზე მეტი ლარი შემოწირულება და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილ ვიცე-მერთან ურთიერთობები, პრივილეგირებული მდგომარეობის და შესაძლო კორუფციული გარიგებების მაჩვენებელია.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ გენერალურ პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ ჩვენ მიერ მოკვლეული ფაქტები და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები“, – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ კვლევაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: