განათლება,მთავარი,სიახლეები

ვისაც სრული დატვირთვა არ აქვს, მას ხელფასი საათების მიხედვით გაეზრდება – ამილახვარი

12.12.2023 • 14332
ვისაც სრული დატვირთვა არ აქვს, მას ხელფასი საათების მიხედვით გაეზრდება – ამილახვარი

დღეს, 12 დეკემბერს, განათლების მინისტრმა განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

ის შეეხო მასწავლებლის პროფესიულ სქემასაც. ამილახვრის თქმით, სქემა კი არ გაუქმდება, არამედ გაუმჯობესდება.

„მასწავლებლები ამბობენ, რომ სქემაში იმიტომ ერთვებიან, რომ სჭირდებათ მაღალი ხელფასი. ჩვენ ეს ორი პროცესი გვინდა გავყოთ და ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა და ცალკე – კარიერული განვითარება.

ყველა პედაგოგს განესაზღვრება ღირსეული ანაზღაურება სტატუსის მიუხედავად და ცალკე, პარალელურ რეჟიმში ვიზრუნოთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე.

იმ მასწავლებლებს, რომლებსაც არ აქვთ სრული დატვირთვა სკოლაში, მათი ხელფასების ზრდა იქნება საათების პროპორციულად“, – თქვა ამილახვარმა.

მისი თქმით, ახალი პოლიტიკა შეეხება მასწავლებლებს და სპეცმასწავლებლებს, რომელთაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი კვალიფიკაცია.

„ჩვენ ვერ წავალთ ხარისხის კომპრომისზე და, შესაბამისად, მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მასწავლებლებს, რომ განვითარდნენ და შევთავაზოთ სამართლიანი წინსვლის მექანიზმები“, – ამბობს მინისტრი.

ამილახვარმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მასწავლებლის ხელფასი სრული დატვირთვის შემთხვევაში 2024 წლის პირველი ივლისიდან „500 ლარით და მეტით გაიზრდება“.

ამილახვარი შეეხო საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევის საკითხსაც. მისი თქმით, იმ სკოლებში, სადაც ვერ მოხერხდა დირექტორების არჩევა, ახალ კონკურსებს გამოაცხადებენ.

„840 სკოლაში სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს დირექტორები სამინისტროს ჩაურევლად. აქ პასუხი გაცემულია ყველა კრიტიკოსზე, რომლებიც არაობიექტურობაზე საუბრობენ. რა თქმა უნდა, დარჩენილ 1000 სკოლაში კვლავ გვაქვს კონკურსები გამოსაცხადებელი და თუ აქამდე ვერ მოხდა დირექტორების არჩევა, მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად არ იღებდა ამდენი კანდიდატი მონაწილეობას“, – განაცხადა მინისტრმა.

თუმცა მას არც ამჯერად უხსენებია ის სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატები, რომლებიც კონკურსში გამარჯვების მიუხედავად არც ერთ სკოლაში არ წარადგინეს. „უახლოეს მომავალში სრულიად სამართლიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონკურსები გამოცხადდება იმ დარჩენილ სკოლებში, სადაც ვერ მოხდა დირექტორების შერჩევა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც აქვს სერტიფიცირება ან უნდა, რომ მოიპოვოს სერტიფიცირება, მივცემთ შესაძლებლობას, რომ შემოვიდეს კონკურსში“, – განაცხადა ამილახვარმა.

მინისტრის თქმით, 2-3 თვეში ყველა სკოლას ახალი დირექტორი ეყოლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: