მთავარი,სიახლეები

რატომ არ ასრულებს ივანიშვილი მწვანე კონცხზე აღებულ ვალდებულებას, სადაც 5 ჰა. მიწა გადასცეს

12.01.2024 • 3326
რატომ არ ასრულებს ივანიშვილი მწვანე კონცხზე აღებულ ვალდებულებას, სადაც 5 ჰა. მიწა გადასცეს

მწვანე კონცხზე ზღვისა და მთის პანორამული ხედებით მიწის ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2015 წელს იყიდა. აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიის საკუთრებაში გადავიდა  ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები. ასევე, მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, 13 640 კვ.მეტრი.

ეს ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 4 600 000 ლარად იყიდა და ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.

შესყიდული ტერიტორიის მიმდებარედ შპს „ბიზნეს დეველოპმენტმა“ მიწის ნაკვეთი 2017-2020 წლებშიც შეისყიდა და, საბოლოოდ, ამ ფართობების ერთ კოდზე გაერთიანებების შემდეგ, საკუთრებაში 5 ჰექტრამდე ფართობი დაირეგისტრირა [49 511 კვ. მეტრი].

თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიას აქ მშენებლობის  ნებართვის მიღებიდან 4 წელში მრავალფუნქციური შენობის მზიდი კონსტრუქციის მშენებლობა უნდა დაესრულებინა, 5 წლის ვადაში კი შენობა ექსპლუატაციისთვის მზად უნდა ყოფილიყო.

სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პირობებში ასევე ვკითხულობთ:

„მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობაში უნდა განათავსოს სასტუმრო-არანაკლებ 150 ნომერი, ავტოსადგომი, ღია და დახურული ტიპის აუზები, კვების ობიექტები, გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრი. აღნიშნულ პროექტში უზრუნველყოს არანაკლებ 33 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.“

სამინისტრომ დოკუმენტში ასევე ჩაწერა, რომ მყიდველს უფლება აქვს გამყიდველის თანხმობის შემთხვევაში საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების, მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის მიზნით შეძენილი უძრავი ნივთი იპოთეკით დატვირთოს.

კომპანიას მშენებლობა ჯერაც არ დაუსრულებია, შესაბამისად, არც სასტუმრო გაუხსნია.

ბათუმის საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის განაშენიანების გეგმა 2018 წელს დაუმტკიცა.

დადგენილების დანართის მიხედვით, რომელიც მაშინ კომპანიამ წარადგინა, დასაგეგმარებელი ტერიტორია ექვს საკადასტრო ერთეულს მოიცავდა, რომელიც პირობითად სამ ზონად იყო დაყოფილი.

ესკიზი

დამტკიცებული გენგეგმის მიხედვით, არსებული შენობების რეაბილიტაციასთან ერთად, ტერიტორიის განვითარების კონცეფცია დასასვენებელი კომპლექსის მოწყობას გულისხმობდა.

პროექტის მიხედვით, პირველ ზონაში განლაგებული უნდა იყოს „თაუნჰაუსის“ ტიპის შენობები, გასაქირავებელი სეზონური სახლები და სასტუმრო.

მეორე ზონის პროექტი ითვალისწინებს არსებული შენობის რეაბილიტაციას, რომელიც დაიბრუნებს სასტუმროს ფუნქციას. ტერიტორიაზე, ასევე განთავსდება დამხმარე ნაგებობები, ადმინისტრაციული შენობა და ღია აუზი [სპა ].

მესამე ზონა მოიცავს აპარტოტელის, სასტუმროს, გასაქირავებელი სახლების, რესტორნისა და აუზის კომპლექსს, სადაც გათვალისწინებულია ნაკვეთზე არსებული ორი შენობის რეაბილიტაცია და სასტუმროს ფუნქციით დატვირთვა.

რენდერი

2017 წელს კომპანიამ შესყიდული ნაკვეთების გასწვრივ პლაჟიც მოითხოვა, საიჯარო წესით 49 წლის ვადით.

2019 წლის სექტემბერში შპს „ბიზნეს დეველოპმენტმა“ ადრე შეთანხმებულ პროექტში ცვლილება მოითხოვა და მაშინდელი მერის, ლაშა კომახიძის ბრძანების შესაბამისად, ახალი ნებართვა მიიღო 2021 წლის 10 სექტემბრამდე ვადით.

დოკუმენტების მიხედვით, 2020 წლის 26 აგვისტოს [N896 ბრძანება] კომპანიისთვის მშენებლობის ნებართვის ვადა 2022 წლის აგვისტომდე გაუგრძელებიათ.

დოკუმენტების მიხედვით, 2021 წელს კომპანიამ მერიას ოფიციალურად აცნობა, რომ მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით ცვლილება სჭირდება, რადგან სამი საკადასტრო კოდი გააერთიანა. შესაბამისად, გაიზარდა სამშენებლო ფართობიც. ამასთან, კომპანიამ სამშენებლო ნებართვის ვადის გაგრძელება მოითხოვა. თუმცა, მერიამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და კომპანიას განუმარტა, რომ  ნებართვას ვადა ისედაც 2022 წლის აგვისტომდე ჰქონდა: „მოთხოვნის საფუძველი არ არსებობსო.“

იმ დროს კომპანიამ 24-თვიანი გრაფიკი წარუდგინა მერიას.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჯერ 2020 და შემდეგ 2022 წელს ცვლილება შევიდა კომპანიასა და აჭარის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ცვლილების შინაარსს რეესტრის მონაცემები არ შეიცავს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ კომპანიამ ვადების გაგრძელება ითხოვა და თანხმობაც მიიღო.

განაახლა თუ არა კომპანიამ მშენებლობის ნებართვა 2022 წლის აგვისტოდან დღემდე, ამ კითხვაზე ბათუმის მერიაში არ პასუხობენ. შესაბამისად, არ ვიცით აქვს თუ არა ახლა კომპანიას მშენებლობის მოქმედი ნებართვა. სამაგიეროდ ვიცით ის, რომ მერიამ ივანიშვილის კომპანიის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის პროექტები დაბლოკა.

შპს „ბიზნეს დეველოპმენტის“ ასივე პროცენტი შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ ეკუთვნის. ეს ფონდი კი „ქართუს“ საკუთრებაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: