მთავარი,სიახლეები

რა სამუშაოები ეკრძალება 18 წლამდე მეზღვაურს გემზე – მთავრობამ ჩამონათვალი დაამტკიცა

12.12.2023 • 1268
რა სამუშაოები ეკრძალება 18 წლამდე მეზღვაურს გემზე – მთავრობამ ჩამონათვალი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი“ დაამტკიცა.

ახალი დადგენილებით გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის აკრძალულია:
  • „ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება ან გადატანა;
  • საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში შესვლა;
  • ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს შესრულება;
  • ამწისა და სხვა ძალოვანი მექანიზმებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება ან ასეთი მექანიზმების/მოწყობილობების ოპერატორებისთვის მესიგნალის ფუნქციების შესრულება;
  • გემის მიბმასთან ან ღუზის ჩაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
  • სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება;
  • არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში სიმაღლეზე ან გემბანზე მუშაობა;
  • ღამის ცვლაში ვახტის გაწევა;
  • ელექტრომოწყობილობების მომსახურება;
  • პოტენციურად მავნე  ნივთიერებებთან ან ფიზიკურ აგენტებთან კონტაქტი, როგორებიცაა საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები, ან მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
  • კამბუზის დანადგარების გასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
  • გემზე არსებული ნავების მოვლასთან ან მართვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.“

18 წლამდე მეზღვაურისთვის გემზე აკრძალული სამუშაოების ჩამონათვალი მთავრობამ 2023 წლის 11 დეკემბერს დაამტკიცა და ის 2024 წლის 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია ასევე, რომ ეს ჩამონათვალი დამტკიცებულია „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

რაც შეეხება კანონს „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, ის საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის მაისში მიიღო. ეს კანონიც სრულად 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

  • აღნიშნული კანონი „განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ, კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესებს;
  • აგრეთვე საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის/გემთმფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს.“

ამავე კანონში აღნიშნულია, რომ „მეზღვაურთა დასაქმებასა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებსაც ეს კანონი არ არეგულირებს, ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“:

  • II თავი – „შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა“;
  • IX თავი – „შრომის პირობების დაცვა“, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
  • XI თავი – „გაერთიანების თავისუფლება“;
  • XII თავი – „კოლექტიური ხელშეკრულება“ იმ პირობით, რომ კოლექტიური ხელშეკრულების არც ერთი დებულება არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: