მთავარი,სიახლეები

კაცმა ცოლს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გადაუღო და გაუვრცელა – რა თქვა მოსამართლემ

12.12.2023 • 1909
კაცმა ცოლს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გადაუღო და გაუვრცელა – რა თქვა მოსამართლემ

„რ. ბ-მ კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით თანაცხოვრების პერიოდში მის მეუღლეს მ. მ-ს მისი ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც შემდგომ ხელმისაწვდომი გახდა მისი არასრულწლოვანი შვილის ძიძის – ნ. ბ-სათვის,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წლის 15 მაისს მიღებულ განჩინებაში.

საქმის მასალების მიხედვით, კაცმა ყოფილ ცოლს თანაცხოვრების პერიოდში გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ფეისბუქით გაუვრცელა.

„რ. ბ-მ კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით, თანაცხოვრების პერიოდში, მის მეუღლეს მ. მ-ს, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რასაც ინახავდა თავად. მასსა და მ. მ-ს შორის წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის პერიოდში, რ. ბ–სმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ა-მ, ერთობლივად განიზრახეს, რომ მ. მ-სის დისკრედიტაციის მიზნით, მოეხდინათ ხსენებული ჩანაწერის სოციალურ ქსელ ,,………..-ის’’ საშუალებით გავრცელება.

რ. ბ-სმა, მ. მ-სის პიროვნების დისკრედიტაციის მიზნით, სოციალურ ქსელ „………-ის’’ მომხმარებელის ,,R. M-i-ის’’ სახელით რეგისტრირებულ გვერდზე, განათავსა ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაც ი. ა-მ, რომელიც ამავე ქსელში დარეგისტრირებულია ,,I. A–a-ს’’ სახელით, 2017 წლის 6 დეკემბერს გააზიარა და გაავრცელა თავის გვერდზე, იმავდროულად, ი. ა-ს მიერ ხსენებული ჩანაწერის აღწერისას, მითითებული იქნა მ. მ-ს ღირსების შეურაცხმყოფელი ტექსტი,“ – აღნიშნულია ბრალდების არსში.

ამ ფაქტის შემდეგ კაცის გადაღებული ვიდეო მათი შვილის ძიძას – ნ.ბ.-საც გაუვრცელებია: „ნ. ბ-სი, იმყოფებოდა რა კონფლიქტურ ურთიერთობაში მ. მ–სთან, შურისძიებისა და ამ უკანასკნელის დისკრედიტაციის მიზნით, განიზრახა მოეხდინა ხსენებული ჩანაწერის სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 1-ელ თებერვალს, ნ. ბ–სმა საკუთარ ,,……-ის’’ გვერდზე – პროფილის სახელით – „K. M–d’’, განათავსა რ. ბ-ს მიერ გადაღებული ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბავშვის ძიძა 5 ათასი ლარით დაუჯარიმებიათ, რ.ბ.-ს კი, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობს „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენებას და გავრცელებას“.

განაჩენი შვილის ძიძას გაუსაჩივრებია და გამამართლებელი განაჩენის მიღება მოუთხოვია:

„საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის – მსჯავრდებულ ნ. ბ-ს მტკიცებას მისი უდანაშაულობის შესახებ იმაზე მითითებით, რომ სადავო ვიდეოჩანაწერი მას არ გაუვრცელებია [არ აუტვირთია სოციალურ ქსელში] და გამოაქვეყნა თავად დაზარალებულმა, რომელსაც ამოძრავებდა ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივი და ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული, რომ სოციალურ ქსელს პროფილის სახელით – „K. M.-ი’’ იყენებდა ნ. ბ–სი და სადავო ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა IP მისამართიდან, რომელიც ემთხვევა მსჯავრდებულის საცხოვრებელი სახლის მისამართს“, – ვკითხულობთ განჩინებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: