მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები და რა კავშირშია მასთან სტრესი

11.12.2023 • 7050
როგორია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები და რა კავშირშია მასთან სტრესი

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი [გნს] საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, იგი წარმოადგენს სიმპტომების ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და იწვევს არასასიამოვნო ან მტკივნეულ სიმპტომებს მუცელში – ყაბზობა, დიარეა, გაზები და შებერილობა ამ პათოლოგიის საერთო საერთო სიმპტომატიკაა.

„ბაუ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ გასტროენტეროლოგი, ხათუნა ციცქარავა განმარტავს, რომ ეს არ არის ორგანული პათოლოგიით მიმდინარე დაავადება, ის არ აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, მაგრამ ის ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის მართვაშიც წამყვანი როლი აქვს ცხოვრების წესის შეცვლას, მათ შორის დიეტითა და სტრესის მართვის ტექნიკების დასწავლით.

 

  • ქალბატონო ხათუნა, რა არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი? 

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მსხვილი ნაწლავის ფუნქციური დაავადებაა და ის ორგანული პათოლოგიით არ მიმდინარეობს. ეს არის ქრონიკული პროცესი, რომელშიც საკმაოდ დიდი როლი უჭირავს ფსიქო-ემოციურ ფაქტორებს. ამასთან, ეს არის ის დაავადება, რომელიც მუცლის ტკივილით და ნაწლავური მოქმედების ცვლილებებით მიმდინარეობს; ნაწლავური მოქმედების ცვლილებები ნიშნავს, რომ აქ არის დიარეის და ფაღარათის მონაცვლეობა, ან აქვს [მათი] შერეული ფორმა.

ეს მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული პრობლემაა და ბოლო წლებია საქართველოშიც საკმაოდ აქტუალური გახდა. აღსანიშნავია ის, რომ ქალები უფრო ხშირად ავადდებიან ამ სინდრომით, ვიდრე კაცები. რაც შეეხება ასაკს, ბავშვობის ასაკშიც შესაძლებელია გამოვლინდეს, თუმცა იშვიათად, ძირითადად ვლინდება 24-დან 60 წლამდე ასაკში.

  • რა სიმპტომები ახასიათებს?

პაციენტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომატიკას ყოველთვის არ განიცდის. სიმპტომები პერიოდულად ქრება და გარკვეული პერიოდის, ან მაპროვოცირებელი ფაქტორების შემდეგ ისევ ბრუნდება.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ძირითადი ნიშნები და სიმპტომები მოიცავს:

მუცლის ტკივილსა და კრუნჩხვა/სპაზმს [დეფეკაციის სურვილთან დაკავშირებული];

ჭარბი გაზები და შებერილობა;

დიარეა, ყაბზობა ან მათი მონაცვლეობა;

ლორწო განავალში;

გარდა ამისა, შეიძლება იყოს არასრული დაცლის შეგრძნება [დეფეკაციის შემდეგ].

  • როგორ ჩნდება?

Clevlend Clinic წერს: უცნობია,ზუსტად რა იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, თუმცა მკვლევრებმა აკლასიფიცირებენ მას, როგორც ნეიროგასტროინტესტინურ დარღვევას. ასეთი მდგომარეობების დროს, დარღვეულია ნაწლავისა და ტვინის ურთიერთქმედება, კერძოდ დარღვეულია ნაწლავებსა და ტვინს შორის კოორდინაცია, რომელიც უნდა დაეხმაროს თქვენს მომნელებელ სისტემას გამართულად მუშაობაში. 

მიზეზებს რაც შეეხება, ზუსტად რომ გითხრათ, მაინცდამაინც ეს ერთი მიზეზი იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, ასეც არ არის – როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ დროს დარღვევები არ ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ანუ ორგანული პათოლოგიები არ არის (იქნება ეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, სიმსივნეები თუ სხვა).

დაავადება შეიძლება დაკავშირებული იყოს კვებით ალერგიებთან/აუტანლობასთან, ნაწლავის მიკროფლორის დარღვევასთან [დისბაქტერიოზი], გასათვალისწინებელია გენეტიკური წინასწარგანწყობაც. აღსანიშნავია ისიც, რომ შეიძლება ეს დაავადება გამოვლინდეს მწვავე ნაწლავური ინფექციების შემდგომ. 

MayoClinic: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ან გადახდენიათ სტრესული მოვლენები ცხოვრებაში, განსაკუთრებით ბავშვობაში.

  • რა აპროვოცირებს გნს-ს ეპიზოდს?

ეს ეპიზოდი ბევრ რამეზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი კვებითი ფაქტორია, რომლის გამოც შეიძლება განვითარდეს ფაღარათი ან/და ყაბზობა. სწორედ ამის გამოა, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს საკმაოდ მკაცრი დიეტით უნდა იცხოვროს ადამიანმა; ამ დროს რაციონიდან ხდება პარკოსნების, ბროკოლის, კომბოსტოს, ხილის [დღის მეორე ნახევარში], მარცვლეულის, კარტოფილის, რძის, ღვინის, შოკოლადის, მჟავეს, ცხარესა და ცხიმიანი საკვების ამოღება.

მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესიც (მხოლოდ ბავშვობის ტრავმაზე არ არის საუბარი), ცხოვრების დღევანდელი რეჟიმიდან გამომდინარე, ამა თუ იმ დოზით სტრესს ყველა ვექვემდებარებით, ნაწლავი და ნერვული სისტემა კი მკვეთრად რეაგირებს ამ ყველაფერზე. 

Clevlend Clinic: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს შემდეგმა ფაქტორებმა: მენსტრუალური ციკლი; ზოგიერთი საკვები – მაგალითად რძის პროდუქტები, გლუტენის შემცველი პროდუქტები (ხორბალი) და ის პროდუქტები, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ გაზების დაგროვებას; სტრესი – ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ გნს არის ნაწლავების პასუხი სტრესზე.

  • როდის მივმართოთ ექიმს?

თუ ატყობთ, რომ დღეს შეკრულობა გაქვთ [როცა ნაწლავი არ არის დაცლილი 48 საათის განმავლობაში] და ხუთი დღის შემდეგ ფაღარათი, ეს ნიშნავს იმას, რომ ექიმს უნდა მიმართოთ. ჩვენი პოპულაციისთვის დამახასიათებელი არ არის ერთი კვირის პრობლემის გამო ექიმს მიმართოს, თუმცა რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება მიმართოთ.

საქმე ის არის, რომ გარდა სერიოზული დისკომფორტისა, შესაძლოა განვითარდეს უშუალოდ ამ სიმპტომატიკასთან დაკავშირებული გართულებები, მაგალითად, როგორიცაა ბუასილის გამწვავება ფაღარათის დროს და ა.შ.

  • როგორ ხდება დიაგნოსტირება?

ამ პრობლემას ფაქიზი კვლევა და დიაგნოსტირება სჭირდება. იცით რაშია საქმე, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, როგორც ერთი დაავადება არ არსებობს, მისი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ სიმპტომების ეს ჯგუფი გასამიჯნია სხვა არსებული დაავადებების სიმპტომებისგან, რაც შეიძლება გასტროენტეროლოგიურ სისტემაში არსებობდეს – დაწყებული მარტივი დაავადებებიდან, სიმსივნის ჩათვლით.

ეს იმიტომ, რომ ერთნაირი სიმპტომატიკით მიმდინარეობს. გამიჯვნა კი ხდება ანამნეზით, კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე. თუ იქ ორგანული დაზიანებები არ არის, თუ ეს ცალკე აღებული დიარეა, ცალკე აღებული ყაბზობა არ არის, მივდივართ ამ დიაგნოზამდე. 

  • რას მოიცავს მკურნალობა?

მას შემდეგ რაც გამოირიცხება სხვა გასტროენტეროლოგიური პათოლოგიები ან თანმხლები დაავადებები, ექიმი ურჩევს პაციენტს მკურნალობას. პირველი ეს არის სწორი კვების რეჟიმი, რაც მოიცავს ბოჭკოთი მდიდარ საკვებს; ირთვება მკურნალობაში სპაზმოლიტიკები, ასევე საჭიროების მიხედვით – ფაღარათის ან ყაბზობის საწინააღმდეგო პრეპარატები; შეიძლება ჩაერთოს ანტიპროტოზოული პრეპარატები, ასევე პრე და პრობიოტიკები.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მკურნალობაში ჩაერთოს ფსიქოლოგი/ფსიქიატრი, რომელიც თერაპიული ან მასთან ერთად მედიკამენტური მკურნალობით დაასტაბილურებს პაციენტის მდგომარეობას, დაეხმარება მას სტრესთან გამკლავების მექანიზმების შემუშავებაში.


MayoClinic-ის რეკომენდაციები გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს:

  • ნუ გამოტოვებთ კვებას და შეეცადეთ მიირთვათ ყოველ დღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, რათა ხელი შეუწყოთ ნაწლავის ფუნქციონირებას. თუ დიარეა გაქვთ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მცირე, ხშირი კვებით, თავს უკეთ გრძნობთ. მაგრამ თუ ყაბზობა გაქვთ, ბოჭკოვანი საკვების უფრო დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს საკვების გადატანას ნაწლავებში.
  • რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს დეპრესიისა და სტრესის მოხსნას, ასტიმულირებს ნაწლავების შეკუმშვას და გეხმარებათ უკეთ იგრძნოთ თავი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: