მთავარი,სიახლეები

სტრასბურგში ქართველი უსახლკაროები შენობაში თვითნებურად შესახლდნენ – მედია

11.12.2023 • 2223
სტრასბურგში ქართველი უსახლკაროები შენობაში თვითნებურად შესახლდნენ – მედია

სტრასბურგის სოციალური სამსახურის კუთვნილი შენობიდან უკანონოდ შესახლებული უსახლკაროები უნდა გამოასახლონ – ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

მედიის ცნობით, უსახლკაროებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. შენობა სტრასბურგში, სარლას ქუჩაზე, ნეუჰოფის უბანში მდებარეობს.

„მე არ ვიცი, რას ვიზამთ და სად დავიძინებთ“, – ამბობს მედიასთან ლალი, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ოჯახის რამდენიმე წევრიც ახლავს თან. ლალის და მისი ოჯახის წევრების გარდა სარლას ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებას კიდევ 20-მდე უსახლკარო ელოდება.

ამ სოციალურ სახლში თავიდან 150 ადამიანი იყო შესახლებული, მაგრამ ისინი ნაწილ-ნაწილ გამოასახლეს.

უსახლკაროები სტრასბურგის სოციალური სამსახურის კუთვნილ შენობაში თვითნებურად 2023 წლის აპრილიდან შესახლდნენ. ეს სოციალური სამსახური ქალაქ სტრასბურგის ადმინისტრაციას ექვემდებარება.

სტრასბურგი, სარლას ქუჩაზე მდებარე სოციალური სამსახურის კუთვნილი საცხოვრებელი/ ფოტო: Rue89 Strasbourg

„გამოსახლებები სტრასბურგში 20 ოქტომბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში ტემპერატურა თანდათან ეცემა და ოჯახები ზამთრის სიცივეში ქუჩაში დარჩენის საფრთხის წინაშე არიან“ – წერს სტრასბურგის გაზეთი.

სტრასბურგის მერის მოადგილე, ლუსეტ ტისერანი ჟურნალისტებთან არ ასახელებს უსახლკაროების გამოსახლების ზუსტ თარიღს.

ზემოხსენებული გაზეთი წერს, რომ გამოსახლებების დროს ხშირად არ სახელდება, სად იგეგმება უსახლკაროების გადაყვანა, თუმცა ამჯერად სტრასბურგის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უსახლკაროებს სპორტდარბაზში გადაიყვანენ, სადაც ემიგრანტთა უფლებადამცველი სახელმწიფო სამსახურები შეისწავლიან მათ მდგომარეობას. უსახლკაროთა ნაწილს სოციალურ საცხოვრებლებში გადაიყვანენ, ნაწილს დაყოვნების ადმინისტრაციულ ცენტრში, ზოგს კი წარმოშობის ქვეყანაში დააბრუნებენ.

შენობა, სადაც უსახლკაროები შესახლდნენ, სტრასბურგის სარეკონსტრუქციო უბანს ეკუთვნის და მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამისთვისაა გამოყოფილი:

„ჩვენ შეზღუდული რესურსი და ფიქსირებული ბიუჯეტი გვაქვს,რაც მეტის გაკეთების შესაძლებლობას არ გვაძლევს. უსახლკაროთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ქვეყანაში მათი სტატუსის მიუხედავად, სახელმწიფოს მოვალეობაა, მიუხედავად ამისა სოციალურმა სამსახურმა მოვახერხეთ და შევქმენით 600 დამატებითი ადგილი უსახლკაროებისთვის“ – ამბობს სტრასბურგის სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ფლორიან ვარიერასი.

საქართველოს მოქალაქის, ლალის შვილი უკვე სტრასბურგის სკოლაში სწავლობს, მიუხედავად ამისა, მას მიუვიდა ცნობა, რომ ქვეყანა უნდა დატოვოს. ლალი ფრანგულ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ მის შვილს შეჩვეული სკოლის დატოვება მოუწევს.

გაზეთი წერს, რომ საფრანგეთი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს და სწორედ ამიტომ მისდის ცნობა ქართველი ემიგრანტების დიდ ნაწილს, რომ მათ საფრანგეთის ტერიტორია უნდა დატოვონ:

„ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციაც კი, როგორიცაა Amnesty International-ი, აღიარებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების რღვევის უამრავი, დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია“ – წერს ფრანგული გამოცემა.

საქართველოს მოქალაქემ, ლალიმ, ოც უსახლკაროსთან ერთად, კარავში ცხოვრების დროს სხვა შენობის დაკავებაც სცადა სტრასბურგში, გენერალ ლიბერმანის ქუჩაზე.

ქალი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ამ შენობის ინვესტირებას გეგმავდნენ, პირველი შენობა რომ გაერემონტებინათ, ისე, რომ საცხოვრებლად ვარგისი ყოფილიყო.

შენობას, სადაც უსახლკაროები, მათ შორს საქართველოს მოქალაქეებიც შესახლდნენ, ფრანგულმა პოლიციამ ალყა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შემოარტყა, ამის უფლებას საფრანგეთში ახალი კანონი იძლევა 2023 წლის 27 ივლისიდან – შენობის მფლობელს შეუძლია გამოასახლოს იძულებით შესახლებული თავისი საკუთრებიდან და ამის შემდეგ მფლობელს შეუძლია პირდაპირ მიმართოს პრეფექტს. ახალი კანონის მიღებამდე საკუთრების მფლობელს დამოუკიდებლად არ ჰქონდა უფლება შენობიდან გამოეძევებინა უსახლკარო, სასამართლო განხილვის გარეშე.

ფრანგულ გამოცემასთან, Rue89 Strasbourg-თან საუბრისას ასოციაცია „საცხოვრებლის უფლების“ წარმომადგენელი, ჟან პატისტს ეირო ამბობს, რომ შეშფოთებულია ახალი კანონით, რომელიც საკუთრების მფლობელს უსახლკაროთა დაუყოვნებლივ გამოსახლების უფლებას აძლევს. იგი ამბობს, რომ საჭიროა ცარიელი სახლების ნაწილის რეკვიზიცია. საფრანგეთში მისი თქმით 3, 1 მილიონი ცარიელი სახლია.

საქართველოს მოქალაქე, ლალი ირწმუნება, რომ თუ მას და მის მდგომარეობაში მყოფ უსახლკაროებს შენობაში დატოვებენ, ისინი თავად გაარემონტებენ და მოუვლიან ნებისმიერ შენობას, ქალი ამბობს, რომ მათთვის ეს ქუჩაში ცხოვრებაზე გაცილებით უფრო ხელსაყრელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში სტრასბურგის მერმა, ჟანა ბარსაგიანმა გააკრიტიკა სახელმწიფო უსახლკაროთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ხარვეზების გამო.

საფრანგეთის ხუთი ქალაქის: რენის, ბორდოს, პარიზის, გრენობლისა და სტრასბურგის მემარცხენე მერებმა 2023 წლის ოქტომბერში უსახლკაროთა მზარდი მაჩვენებლის გამო სახელმწიფოს მიმართეს და მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი რესურსის გამოყოფა მოითხოვეს. მათი წინასწარი შეფასებით, ასე ისინი უსახლკაროების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას შეძლებენ.


მთავარ ფოტოზე: სტრასბურგში, სარლას ქუჩაზე მდებარე სოციალური სამსახურის კუთვნილი შენობა/ფოტო: Rue89 Strasbourg

გადაბეჭდვის წესი


ასევე: