განათლება,მთავარი,სიახლეები

სასწავლო პროგრამა ძალიან დიდია – მასწავლებელი მათემატიკის სწავლებასა და PISA-ს შედეგებზე

11.12.2023 • 15895
სასწავლო პროგრამა ძალიან დიდია – მასწავლებელი მათემატიკის სწავლებასა და PISA-ს შედეგებზე

რატომ ვერ იღებენ ქართველი ბავშვები მაღალ შეფასებას საერთაშორისო კვლევებში და რა უშლის ხელს მათემატიკის კარგად სწავლებას სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, ლალი ჯაყელს ესაუბრა.

  • ქალბატონო ლალი, ალბათ იცით, რომ დიდი განხილვა მოჰყვა PISA-ს შედეგებს საქართველოში. ხომ არ გინახავთ ეს ტესტები, რაზეც ბავშვებმა იმუშავეს და თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის მიზეზები, რის გამოც ქართველ ბავშვებს არ გამოსდით წარმატების ჩვენება?

უშუალოდ PISA-ს ტესტი არ მინახავს, მაგრამ, ჩემი აზრით, პირველი პრობლემა, რაც მოდის მათემატიკის სწავლებაში, იწყება დაწყებითებიდან და რატომ?

მე მაღალ კლასებს ვასწავლი და ის, რომ აქაც კი უჭირთ ბავშვებს წაკითხულის სწორად გააზრება, ამაზე მეტყველებს ის, რომ სათავეშია პრობლემა. ამოცანას კითხულობენ და შინაარსი ვერ გამოაქვთ. ცხადია, კომპლექსურია ეს პრობლემა და პრობლემის ნაწილია ის, რომ ბავშვებს არ უყვართ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა.

მე კერძოდაც ვამზადებ მოსწავლეებს და პირველი რასაც გასაუბრებაზე ვეკითხები არის ეს – „რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული?“

შემდეგი პრობლემაა ძალიან დიდი სასწავლო პროგრამა. სჯობს იყოს მცირე დოზით მიწოდებული, რომ უფრო ხარისხიანად ვასწავლოთ.

მნიშვნელოვანია შინაარსობრივი სწავლება. მექანიკურად ბევრი რამ შეიძლება დაიზეპიროს მოსწავლემ, მაგრამ როცა ვსვამ შეკითხვას – „რატომ?“, აი ამ „რატომ“-ზე პასუხი ნაკლებად აქვთ.

ვფიქრობ, სასკოლო პროგრამა დღეს ლოგიკურ-მათემატიკური უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალებას ნაკლებად იძლევა.

ასევე, პრობლემად ვთვლი იმას, რომ ეროვნულ გამოცდებზე მოიხსნა უნარების გამოცდა. როცა უნარების გამოცდას ბავშვები აბარებდნენ, ეს გამოცდა მათ აიძულებდა ამ მიმართულებით ემუშავათ საკუთარ თავზე.

  • მაშინ მოსწავლეებს ჰქონდეთ პრეტენზია იმაზე, რომ ის, რაც არ ისწავლებოდა სკოლაში, არც გამოცდაზე უნდა მოეთხოვათ და ალბათ მათი პრეტენზიაც იყო სამართლიანი, არა?

მესმის, მაგრამ როცა პირველად უნარების გამოცდა გამოჩნდა, არ არსებობდნენ სპეციალისტები ქალაქში. შემდეგ, თითქმის მინიმუმი იყო ჩაჭრილთა პროცენტული მაჩვენებელი უნარებში.

ციფრული აქტივობებიც არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ უყვართ ბავშვებს კითხვა. ბოლო პერიოდში კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი კვალი დააჩნია მოსწავლეების უნარ-ჩვევების განვითარებას.

ამიტომ მიმაჩნია, რომ თითოეული საკლასო აქტივობა მოსწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა იმაზე, რომ თვისობრივად რაღაც მასალა დავასწავლოთ და დავაზეპირებინოთ ბავშვს.

  • სინგაპურსა და იაპონიაზე აღარ ვისაუბრებ, მაგრამ ამ დღეებში არაერთხელ ვახსენეთ ესტონეთის მიღწევები ამ მხრივ. იყო საუბარი იმაზე, რომ ესტონური მოდელი უნდა დაგვენერგა, მაგრამ ფაქტია, რომ არ მოხერხდა. თქვენ, რას ანიჭებთ უპირატესობას მათემატიკის სწავლებისას და თუ ჰგავს ესტონურ მოდელს რაიმეთი?

მე ვცდილობ, რომ სწავლების ის მეთოდები გამოვიყენო, რომლებსაც ჩემი პედაგოგები იყენებდნენ.

  • რა მეთოდებია ეს?

აი, მაგალითად მათემატიკაში როცა ვასწავლი საკითხს, აუცილებლად, თითოეული საკითხის ირგვლივ ვსვამ კითხვას „რატომ?“ ვცდილობ კითხვებით მივიყვანო მოსწავლე პასუხამდე, ვცდილობ ყველა საკითხი ვასწავლო დამტკიცებით, რატომ არის ეს ასე?

გამზადებულ ფორმულას დაფაზე არასოდეს არ ვწერ. ვთვლი, რომ მიზეზ-შედეგობრივი სწავლება ყოველთვის მომგებიანია. შემდეგ მოსწავლე თვითონ ქმნის ლოგიკურ სქემებს, რითაც საკუთარ თავს ეხმარება, რომ სამომავლოდ მსგავსი ან ცოტა უფრო რთული პრობლემა გადალახოს. აი ამ მიკრო სქემების გამომუშავება გონებაში არის აუცილებელი.

პრობლემაა ის, რომ ჩვენ მოსწავლეებს უჭირთ წერა. რამდენად კარგადაც არ უნდა ფლობდნენ საკითხს, შემაჯამებელ ტესტზე როგორც კი დავსვამთ, 10-ქულოსანი მოსწავლეც კი მაქსიმუმ 8-ბალიან შეფასებას გვაძლევს.

  • რატომ, როგორ ფიქრობთ?

იმიტომ, რომ სტრესულ სიტუაციაში არ შეუძლიათ ემოციების მართვა. არ შეუძლიათ ცოდნის სწორად რეალიზება. აქვთ დროის სწორად განაწილების პრობლემა და ასე შემდეგ.

ჩემი აზრით, ეს იმიტომაც ხდება, რომ გამოცდები არ არის სკოლებში. მე ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში ვმუშაობ და გვაქვს ქვიზები. როცა მოსწავლე დაბალ შეფასება იღებს, ცდილობს მომდევნო ქვიზი გადალახოს, რომ გარკვეული რაოდენობა მაინც დააგროვოს ქულების და ბარიერი გადალახოს.

შესაძლოა მოსწავლემ საერთოდ ვერ აჩვენოს ქვიზში შედეგი, მაგრამ თუნდაც ის ქვიზი, რომელიც საგამოცდო ოთახში ტარდება, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობს, მოსწავლეს აჩვევს, რომ ისწავლოს დროის მართვა.

  • მსგავსი მეთოდები სკოლებს ინდივიდუალურად შეუძლიათ შეიმუშაონ და როგორც ვიცი, არ არის აუცილებელი სამინისტროსთან ყველაფრის შეთანხმება. არ იყენებენ ხოლმე სკოლები მსგავს პრაქტიკას?

დიახ, რა თქმა უნდა, სკოლებს აქვთ ინდივიდუალურ მიდგომებში თავისუფლება და ბევრი რამ შეუძლიათ გამოიყენონ მოტივაციის შესაქმნელად.

ჩემ დროს, წელიწადში ოთხჯერ გვიტარდებოდა გამოცდა, რაც ნიშნავდა განვლილი მასალის ოთხჯერ გამეორებას ხარისხიანად.

სოცქსელებზე დამოკიდებულება კი ბავშვების მეხსიერებაზეც აისახა, არ აქვთ ნებისყოფა მიწოდებული ინფორმაცია ბოლომდე მოისმინონ, რადგან მიჩვეული არიან ძალიან მოკლე დროში ინფორმაციის მიღებას. ესეც სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ, ამაზეც ღიად უნდა დაიწყოს დისკუსია, რადგან გაკვეთილის კი არა, ვრცელი წინადადების მოსმენის ნებისყოფაც კი აღარ აქვთ.

  • ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

ამ ყველაფრის წამალი, პირველ რიგში არის ის, რომ მოსწავლეები დავაინტერესოთ კითხვის უნარების გამომუშავებით. ეს აუცილებელია.

კითხვის ცოდნა არ ნიშნავს მხოლოდ ასო-ბგერების ამოცნობას, როგორც ეს ზოგიერთ მშობელს ჰგონია. ინტეგრირებულად უნდა ვიმუშაოთ პედაგოგებმაც, რომ ეს პრობლემა დარეგულირდეს, პროგრამა უნდა შეიცვალოს მათემატიკაში და რაც მთავარია, პროგრამა უნდა იყოს უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე გათვლილი.

  • ამაში გულისხმობთ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე ორიენტირებულ სწავლებას?

მარტივად გეტყვით, თითოეული მათემატიკური ამოცანა არის თუნდაც ამბის მოყოლა. შენ უყვები ამბავს, მოსწავლემ კი გამოსავალი უნდა მოძებნოს. აი, ეს უნარ-ჩვევა უნდა გამოუმუშავდეს ბავშვს. გამოსავლის ძიება. შეძლოს ნაცნობის დაკავშირება უცნობთან.

ლოგიკური უნარები ძალიან მნიშვნელოვანია და ამის არქონაც გვიქმნის პრობლემას.

როცა ეუბნები ბავშვს – „ამას გეუბნებოდა ამოცანა“, ის უკვე ფიქრს იწყებს. ასე, რომ მთლად დაკარგულები არ ვართ.

და კიდევ, რაც არ უნდა გვითხრან, რომ აი ციფრული პროგრამები და გამოიყენონ, რომელიც 3D განზომილებაში ეხმარება მოსწავლეს რაღაცების კეთებაში, მე, პირადად, მიმაჩნია, რომ აუცილებელია ხაზვის სწავლება სკოლაში და ეს არის ჩემი, როგორც პედაგოგის მოთხოვნა. ხაზვის გაკვეთილები უნდა დაბრუნდეს სკოლაში.

ჩემ დროს, როცა მერვე კლასში ვსწავლობდით ხაზვას და ციფრულ ფიგურებს, ანუ სტერეომეტრიის სწავლას ვიწყებდით, მეათე კლასიდან, უკვე გამომუშავებული გვქონდა წარმოდგენაც და სიტუაციის აღქმაც შეგვეძლო 3D განზომილებაში. მერე ვიწყებდით უკვე ხაზვის შესწავლას.

ამიტომ ჩემი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ ხაზვის გაკვეთილები სკოლაში დაბრუნდეს, რადგან ძალიან დაგვეხმარება მათემატიკის პედაგოგებს. მე როგორც არ უნდა ვისაუბრო და პროექტორით გავუშუქო ნახაზები, ეროვნულ გამოცდაზე საკუთარი ხელით უნდა დახაზოს ბავშვმა.

აი, ავიღოთ ფიზიკა, მოსწავლეები ფიზიკაში იწყებენ იმ საკითხების შესწავლას, რომელშიც იმ კონკრეტული საკითხებისთვის სჭირდებათ, მაგრამ მათემატიკაში ჯერ ეს ნასწავლი არ აქვთ.

მოსწავლემ როგორ უნდა გააკეთოს ლოგიკური ბმა? ვერ გააკეთებს. ესე იგი ვაიძულებთ, რომ გაიზეპიროს.

  • რატომ არ მიჰყვება ფიზიკის და მათემატიკის პროგრამა ერთმანეთს. სახელმძღვანელოს შედგენისას არის ეს შეცდომები დაშვებული?

არ ვიცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმძღვანელოებში ეს თემატიკური ბმა არ არის გათვალისწინებული. ეს ძალიან სამწუხაროა.

ჩვენი სკოლა ინოვაციური, თანამედროვე მიდგომების გამოყენებას ცდილობს და ხშირად განვიხილავთ ხოლმე საკითხებს, როგორ შეიძლება მივაწოდოთ ბავშვს საკითხი ისე, როგორ დავგეგმოთ სწორად გაკვეთილები, რომ ნათლად გაიგოს ბავშვმა, მაგრამ ის შედეგი მაინც არ გვაქვს, რაც გვინდა.

მესამე თაობის სასწავლო გეგმა გვაძლევს საშუალებას, რომ დავგეგმოთ ინტეგრირებული გაკვეთილები და სხვა საგნის პედაგოგებიც ჩავრთოთ სწავლების პროცესში, მაგრამ ის, რომ ფიზიკაში ვექტორი ჯერ არ აქვს ნასწავლი ბავშვს და ვექტორულ სიდიდეებს სწავლობს, მაინც დიდი პრობლემაა.

განათლების ექსპერტები უნდა შეიკრიბონ და თითოეულ საგანთან მიმართებაში მოხდეს სწორად ორიენტირება – რა, როდის უნდა ისწავლებოდეს.

კიდევ ერთი პრობლემა: მოსწავლეს არ აქვს ინსტრუქციის სწორად გაგების უნარი. დავუშვათ ხსნი მასალას და ეუბნები როგორ იმოქმედოს. ალბათ  ხუთი პროცენტი თუ იქნება, ვინც ინსტრუქცია სწორად გაიგო.

  • ამ პრობლემის სათავეც დაწყებით განათლებაშია?  

დაწყებით საფეხურზე არსებული ხარვეზები, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიოდ იჩენს ხოლმე თავს შემდეგ საფეხურებზე და გვიწევს ამ პრობლემებთან ბრძოლა.

ასევე დიდი პრობლემაა დამოკიდებულება.

ხარისხიანი განათლების ფორმულაა: სკოლა – მოსწავლე – მშობელი. ეს სამეული უნდა მუშაობდეს შეთანხმებულად. მშობლის დამოკიდებულება კი დღეს ხშირად ასეთია – „არა უშავს. მე-12 კლასში მოვამზადებ  და ჩააბარებს“.

და ამ დროს რა ხდება? – რეპეტიტორები, უმრავლეს შემთხვევაში თავად წერენ დავალებებს და ბავშვი იწერს. დავალება გაწიკწიკებული აქვს, კითხვას დაუსვამ, ვერ გპასუხობს. მშობელი იძახის – „ვამზადებ, რატომ აქვს დაბალი შეფასება?“.

ბავშვმა განათლება უნდა მიიღო სკოლაში, უმაღლესში კონკრეტულ სპეციალიზაციაში ვითარდები და როცა მშობელს ასეთი დამოკიდებულება აქვს, ბავშვის დამოკიდებულებაც იგივეა.

მეც რეპეტიტორი მასწავლებელიც ვარ, მაგრამ მშობელს ყოველთვის ვეუბნები, – „მიეცი საშუალება განვითარდეს“, თვითონ მიაგნოს, აღმოაჩინოს, ცოტა იწვალოს“.

  • თუმცა პროვოცირება მასწავლებელმა უნდა გააკეთოს, რომ ბავშვი დაინტერესდეს, არა?

რა თქმა უნდა, მაგრამ როცა სასკოლო სივრცეში მასწავლებელი თავს არ ზოგავს და მშობელს აქვს დამოკიდებულება, რომ შვილი უნდა მოამზადოს, ამ დროს ბავშვი სკოლაში აღარ ისმენს.

ამიტომ, ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. მეტი ნდობა უნდა გამოუცხადოს მშობელმა სკოლას.

  • როგორ სპეციალისტები ამბობენ, არაფორმალური განათლება ძალიან ეხმარება ბავშვებს გარკვეული საკითხების უკეთ გააზრებაში. თქვენ თუ იყენებთ ამ მეთოდს რომ მოგვიყვეთ?

მე ვცდილობ, მოსწავლემ საკითხი ყოველთვის შეისწავლოს მიზეზ-შედეგობრივად. ხანდახან, ახსნის პროცესში გავაადამიანურებ ხოლმე საკითხებს და ამით ვცდილობ, რაღაც კავშირი დაინახონ.

არაფორმალურ განათლებას რაც შეეხება, როცა მოსწავლეს ვთქვათ კითხვა უჭირს, ვაძლევ რაღაც ტექსტს და ვეუბნები, რომ წაიკითხოს, შემდეგ გასცეს პასუხები და ვნახოთ რა იქნება.

ხანდახან ამბობენ ხოლმე ბავშვები, რომ ქართულის დავალებას გვაძლევს მათემატიკის მასწავლებელიო, რაც ასე არ არის. ვაძლევ დავალებას, რომელიც ხვალ იმაში დაგვეხმარება, რომ ჩემ საგანში მივაღწიო წარმატებას.

  • თქვენ ისაუბრეთ ტელეფონების პრობლემაზე? რატომ ვერ იყენებენ ჩვენი სკოლები ტელეფონს როგორც საგანმანათლებლო რესურს. ბავშვისთვისაც უფრო საინტერესო არ იქნება მუშაობა? და მეტი ჩართულობაც ექნებათ. 

არის უამრავი აქტივობა, თუნდაც „კახუტი“, რომლითაც შესაძლებელია მოსწავლე ტელეფონით ჩართო სასკოლო აქტივობაში. ჩვენ ყველა საკლასო ოთახში გვაქვს პროექტორი და როცა გვჭირდება ვრთავთ ხოლმე ციფრულ ტექნოლოგიებსაც სასწავლო პროცესში, მაგრამ ბევრი სკოლაა, რომლებიც არ არიან აღჭურვილი ტექნიკურად.

ცხადია, ტექნოლოგიები კარგად მუშაობს, მაგრამ ის, რომ მოსწავლეს გამუდმებით ტელეფონი ეჭიროს ხელში, ამის მომხრე არ ვარ, რადგან ბავშვი ვერც დროს მართავს და ვერც ინფორმაციას.

ჩვენი ვალდებულებაა, ბავშვები უფრო მეტად გავხადოთ აკადემიურები, აღვზარდოთ სწორად.

ბავშვი მოძრავია, გაკვეთილზე იცუღლუტებს კიდეც, მაგრამ მასწავლებლის ვალდებულებაა, ამ დროს შემოაბრუნოს საკლასო სივრცე ისე, რომ გაკვეთილის ჩაშლის სურვილი საერთოდ დაკარგოს ბავშვმა.

საშინაო დავალებები საერთოდ არ აქვთ ფინეთის სკოლებში ბავშვებს, მაგრამ იქ ბავშვებს გაცნობიერებული აქვთ, რა არის მისთვის აუცილებელი, საჭირო და ზუსტად იმის მიხედვით მოქმედებს.

ჩვენ აქამდე არ ვართ მისული.

  • როგორ უნდა დალაგდეს ეს ყველაფერი? 

ცუდია, როცა ყველაფრის კეთებას ვიწყებთ სახურავიდან და მერე ვყრით საძირკველს. ასე გვემართება ნებისმიერი რეფორმის დროს, ჯერ სახურავს ვაშენებთ და მერე ვიწყებთ საძირკველს.

ეს საძირკველი კი იყრება თუნდაც ბაღიდან, რა თქმა უნდა დაწყებითი საფეხურიდან.

მშობელსაც და მოსწავლესაც უნდა გამოუმუშავდეს დამოკიდებულება, რომ განმსაზღვრელი ნიშანი კი არ არის, რეალურად, მთავარი ჯილდო რაც მან სკოლიდან უნდა წაიღოს, არის ცოდნა და განათლება.

მესმის, რომ ცოტა ტრივიალურად ვსაუბრობ, მაგრამ მთავარია ამ ცნობიერებამდე მისვლა.

ერთ კონკრეტულ ხაზს უნდა გავყვეთ რასაც ავირჩევთ, ჩვენ შუა გზაზე მივატოვებთ და ვამბობთ, რომ ეს არ ვარგოდა. ამიტომ, ჯერ კარგად დავგეგმოთ და თუ კომპლექსურად დავიწყებთ რაღაც ახლის კეთებას და ბოლომდე მივიყვანთ, ის აუცილებლად შედეგიანიც იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: