მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის მერის ხელფასი იზრდება და 6 600 ლარამდე იქნება

11.12.2023 • 1271
ბათუმის მერის ხელფასი იზრდება და 6 600 ლარამდე იქნება

ახალი წლიდან დაახლოებით 10 პროცენტით იზრდება მერიაში დასაქმებული ყველა საჯარო მოხელის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო]. მათ შორის იზრდება მერისა და მისი მოადგილეების ხელფასებიც.

ბათუმის მერის ხელფასი მიმდინარე, 2023 წელსაც დაახლოებით 10 პროცენტით [550 ლარით] გაიზარდა და 6 050 ლარი იყო.

  • ანალოგიური გათვლებით, 2024 წელს ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 6 600 ლარი იქნება [თუ არსებული ხელფასის ზუსტად 10 პროცენტს დაამატებენ, მაშინ მერის ხელფასი 6 655 ლარამდე გაიზრდება].

რაც შეეხება ბათუმის ვიცე-მერის და მერის მოადგილის თანამდებობებს:

  • 2024 წლისთვის ვიცე-მერის ხელფასი დღეს არსებული 5 170 ლარიდან 5 640 ლარამდე გაიზრდება, ხოლო მერის მოადგილის ხელფასი – 4 565 ლარის ნაცვლად 4 980 ლარი იქნება.

ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტში, რომელიც საკრებულოში უკვე გადაგზავნილია, ხელფასების დაახლოებით 10-პროცენტიანი ზრდა გათვალისწინებულია.

ამ პროექტის მიხედვით, 2024 წელს იმ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის, რომლებიც ხელფასს ბათუმის ბიუჯეტიდან აიღებენ, მთლიანობაში 43 882 300 ლარია გაწერილი, რაც მიმდინარე, 2023 წელთან შედარებით, 5 მილიონ 640 ათასი ლარით მეტია.

ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტი კი, კორექტირებული პროექტის მიხედვით, მთლიანობაში 382 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულომ ცვლილება უნდა შეიტანოს „თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ შესაბამის დადგენილებაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დადგენილების პროექტი, რომელიც ხელფასების გაზრდას ასახავს და რომელშიც დაზუსტებული იქნება თითოეული მოხელის თანამდებობრივი სარგო, ბათუმის მერიას საკრებულოში ჯერ გადაგზავნილი არ აქვს.

ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 98-ით იზრდება მერიაში მომუშავეთა რაოდენობაც და ჯამში 2 827 -ით არის განსაზღვრული, თუმცა ამავე პროექტით, ძირითადად იზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა რაოდენობა  [მერია 2024 წლისთვის 3 ახალი საბავშვო ბაღის გახსნას გეგმავს].

ქალაქის მერიამ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებიც დაასრულა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ჯავახიშვილის ქუჩაზე გაიმართა.

ამ თემაზე ვრცლად:

„თუ ამდენი ბაღია, 45 ბავშვი რატომ არის ერთ ოთახში?“ – რა ხდებოდა ბათუმის ბიუჯეტის განხილვაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: