ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ არ ატარებს საკრებულო ღია კარის სხდომას

11.12.2023 • 840
რატომ არ ატარებს საკრებულო ღია კარის სხდომას

„რეგლამენტი, დავიცვათ რეგლამენტი“, „პატივი ვცეთ რეგლამენტს“, „არ ვარღვევ, ბატონო თავმჯდომარევ“ – ამ სიტყვებს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხშირად მოისმენთ. ერთი შეხედვით შეიძლება ამომრჩეველს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ საკრებულო რეგლამენტს ზედმიწევნით იცავს.

რეგლამენტის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება მწვავე დაპირისპირების საგანიც გამხდარა ოპოზიციასა და „ოცნების“ უმრავლესობის წევრებს შორის. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა ოპოზიცია კონკრეტული საკითხის დამატებას და მის კენჭისყრას ითხოვს.

ბათუმის საკრებულოს რეგლამენტი, რომელსაც თვითმმართველობის კოდექსის თანახმად თავად საკრებულო ამტკიცებს, საკრებულოს მუშაობისა და სხდომაზე ქცევის წესებს არეგულირებს.

რეგლამენტის 103-ე თავის მიხედვით საკრებულომ ღია კარის სხდომა, იგივე „ამომრჩევლის მოსმენა“, 3 თვეში ერთხელ უნდა ჩაატაროს. იმავე მუხლის მიხედვით ამომრჩეველთან შეხვედრა სხდომათა დარბაზში უნდა შედგეს.

ამომრჩეველთა მოსმენა უნდა ჩატარდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. რეგლამენტის მიხედვით, ბრძანება გამოიცემა მოსმენამდე 7 დღით ადრე მაინც.

საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, 7 დღით ადრე ღია კარის სხდომის მოწვევის შესახებ განცხადება საკრებულოს ვებგვერდსა და საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს.

საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება შეიძლება გამოქვეყნდეს აგრეთვე შესაბამის ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებში.

ამომრჩეველთა მოსმენას უნდა დაესწრონ საკრებულოს თანამდებობის პირები და საკრებულოს წევრები, მერი ან მერიის სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირები.

2022 წლის მაისიდან, როცა ბათუმის საკრებულომ შეკრება და სხდომის გამართვა მოახერხა, ერთი წელი და შვიდი თვე გავიდა. დღემდე საკრებულოს ღია კარის სხდომა არ ჩაუტარებია.

2024 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს ბათუმის სხვადასხვა უბანში ამომრჩეველმა განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინა. ამ შეხვედრებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველს ბევრი აქვს სათქმელი.

საკრებულოს სხდომებზე ამომრჩევლის ადგილი ფაქტობრივად არ არის. სხდომაზე განსახილველი საკითხების სიმრავლის გამო, რიგითი სხდომის დროს, ისიც წინასწარი შეთანხმებით, მაქსიმუმ სიტყვით გამოსვლა შეძლოს ამომრჩეველმა. აქ პრობლემური საკითხების განხილვის შესაძლებლობა არ არსებობს.

საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ, ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა.

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ღია კარის სხდომა, მისი საჭიროება, მისი ჩატარების აუცილებლობა არც კი უხსენებიათ ამ მოწვევის საკრებულოში. მისივე თქმით, ამ სხდომის ჩანიშვნა „ოცნების“ პრეროგატივაა, რადგან უმრავლესობა მის ხელშია და გადაწყვეტილებასაც ის იღებს.

„ჩვენ არ გვაქვს ბერკეტი. აი, მაგალითად, შენიშვნები გავაგზავნეთ მერიაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ გაითვალისწინებენ, თუმცა ადრე თუ გვიან მაინც უწევთ გათვალისწინება. მაგალითად, რეზო ხარაზი თითქმის ყოველ სხდომაზე აყენებდა ბენზეს ხიდის გაფართოების საკითხს. არ იმჩნევდნენ, მაგრამ მაინც მოუწიათ. ასე მოუწევთ სხვა საკითხების გათვალისწინებაც.“

ნოდარ დუმბაძეს ვკითხეთ, როგორც მაჟორიტარი, თავად რა გზებს იყენებს ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის. გვითხრა, რომ დღეში 4-5 საათს თავის სამაჟორიტარო უბანში ატარებს:

„გარდა ამისა, მათთან კონტაქტი მაქვს როგორც ტელეფონით, ასევე სოციალური ქსელით“.

„ლელოს“ წარმომადგენელი ვაჟა დარჩიაც ესწრებოდა 2024 წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტის განხილვებს მოსახლეობასთან და მისთვის ცნობილია იმ საკითხების შესახებ, რაც ამომრჩეველმა შეხვედრებზე დღის წესრიგში დააყენა:

„მე და საკრებულოს კიდევ ერთმა წევრმა აკაკი გვიანიძემ არაერთხელ მოვითხოვეთ ღია კარის სხდომის გამართვა, მაგრამ უშედეგოდ – „ოცნება“ არ მიდის ამაზე.“

ასეთ შემთხვევაში, როცა საკრებულო თავად არ იჩენს ინიციატივას, რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნის შესაძლებლობა ამომრჩეველსაც აქვს.

რეგლამენტის 104-ე მუხლის მიხედვით, თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის პროცედურის დაწყების შესახებ.

განცხადება საკრებულოში უნდა შევიდეს წერილობითი, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ ინიციატორები. განცხადებას თან უნდა ერთოდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაცია, სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსახილველი საკითხის ასახვით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი განმარტებით ბარათებთან ერთად.

საკრებულოს აპარატმა რეგისტრაციაში დაუყოვნებლივ უნდა გაატაროს განცხადება და განცხადების შემტან პირს ხელმოწერების შეგროვებისათვის  გადასცეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მხარდამჭერთა სიის ბლანკები, რომლის ფორმას განკარგულებით ამტკიცებს საკრებულო.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორებს ევალებათ, მხარდამჭერთა ბლანკების გაცემიდან 30 დღის ვადაში შეაგროვონ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არა ნაკლებ 3%-ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს, წინააღმდეგ შემთხვევაში რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: