მთავარი,სიახლეები

„ნაკლები ინტერესი იგრძნობა შშმ ადამიანების მიმართ“- ექსპერტი აშშ-დან

11.12.2023 • 1805
„ნაკლები ინტერესი იგრძნობა შშმ ადამიანების მიმართ“- ექსპერტი აშშ-დან

„სამწუხაროდ, ცივი დამოკიდებულება იგრძნობა საქართველოში შშმ პირთა მიმართ როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან,“ – ამბობს ჰარი ვაისმენი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკის კონსორციუმის ადვოკატირების პროგრამის დირექტორია და აშშ-ში, მასაჩუსეტის შტატში მუშაობს.

ჰარი ვაისმენმა შშმ პირთა ადვოკატირების საკითხებზე შეხვედრა ბათუმში გამართა. ამერიკელ ექსპერტს შეხვედრის შემდეგ შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ: რა ქმნის ყველაზე მეტად პრობლემას საქართველოში შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით და რამ შეუწყო ხელი შშმ თემის გაძლიერებას ამერიკის შეერთებულ შტატებში?

„საქართველოში იგრძნობა ნაკლები ინტერესი შშმ ადამიანების ცხოვრების მიმართ: როგორ ცხოვრობენ ისინი, რა პრობლემებს აწყდებიან,“ – განაგრძობს ჰარი ვაისმენი. – „პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს კარგი პროგრამები, ჯანდაცვის დაზღვევის სტრუქტურები და მომსახურება, რომ გაუმჯობესდეს შშმ პირების ცხოვრება.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამერიკაც არ იყო ისეთი ქვეყანა წლების წინ, როგორც ახლაა. წლების წინ აშშ-შიც ძალიან ცუდად ექცეოდნენ შშმ პირებს, მათ მიმართ ზიზღი იყო, გამოხატავდნენ დისკრიმინაციას, კეტავდნენ ცალკეულ ინსტიტუტებში. დრო სჭირდება ყველაფერს და გამოცდილება.

ჩემს კონსორციუმში დასაქმებულთა 80 %-ზე მეტი შშმ პირია. პირველ რიგში, რასაც ვცდილობთ, არის ცრუ რწმენებისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა. აქტიურად ვთანამშრომლობთ ცალკეულ კომპანიასთან და სახელმწიფო ორგანოებთან, რომ შეიცვალოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, დაიხვეწოს პროგრამები. მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ცვლილების მიღებამდე, რომელიც ეხება შშმ პირებს,  დაეკითხონ მათ.

აშშ-ში ძალიან ხშირია ბრძოლა პროტესტით და დემონსტრაციებით. გეცოდინებათ მჯდომარე აქციები, მათ შორის, კაპიტოლიუმში როცა ჩატარდა ხოხვის მასობრივი აქცია, რომ გვეჩვენებინა მობილობის პრობლემა. როცა რაღაც არ იცვლება, ჩვენ მშვიდობიანი პროტესტით ვცდილობთ მიზნის მიღწევას, ეს შეიძლება იყოს შენობის პიკეტირება, ვკეტავთ გზას, ვაფერხებთ მოძრაობას… მაგალითად, 2017 წელს აპირებდნენ დაზღვევის წესების შეცვლას, რაც ყველაზე მწვავედ შშმ პირებზე აისახებოდა. მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ეს დებულება გაუქმდა,“ – გვითხრა ჰარი ვაისმენმა.

ამერიკელ ექსპერტს კანონის მოთხოვნების ფორმალურ დაცვაზეც ვკითხეთ – შშმ პირთა უფლებების შესახებ „ბათუმელების“ ერთ-ერთი ბოლო ვიდეოსიუჟეტი ბათუმში პანდუსების ფასადურად დამონტაჟებას ეხებოდა.

„სამწუხაროა ეს შემთხვევა. ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას მეტი ინტეგრაციისთვის.

აშშ-შიც გვაქვს პრობლემა, როცა არსებობს ჩამონათვალი კანონში, თუმცა იგი ხშირად პრაქტიკაში არ სრულდება. მაგალითად, ბოლო დავა, რაც გვქონდა, შეეხებოდა ეტლებით სარგებლობას: კონკრეტული კომპანია იყო პასუხისმგებელი ეტლების შეკეთებაზე, მაგრამ ადამიანებს უწევდათ დიდი ხნის განმავლობაში ლოდინი, ასევე გაუარესდა ხარისხი. ადვოკატირების ფარგლებში ჩვენ მოვითხოვეთ საგარანტიო პირობების გაზრდა ხელშეკრულებაში.

ამ ეტაპზე ვითხოვთ კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვით სახელმწიფო და საჯარო ორგანოების გარდა კერძო დამსაქმებლებსაც უნდა დაევალოს ადაპტირებული გარემოს შექმნა. ჩვენი შტატის კანონმდებლობის მიხედვით როცა ახალ შენობას აშენებენ, მაშინ უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ ადაპტირებული გარემო, დასრულებულ შენობებზე კი, ამ პირობებს არ ითვალისწინებენ. ეს ჯერ კიდევ მიმდინარე დისკუსიაა, რაც არ დასრულებულა. გვპასუხობენ, რომ ეს ძვირი დაჯდება.

მე უხილავი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვარ, გარკვეული დისფუნქცია მაქვს, რომელიც ხელს მიშლის, მაგალითად, დავალების დროულად შესრულებაში. იღბლიანი ვარ, რომ ვმუშაობ იმ ორგანიზაციაში, რომელიც შშმ პირთა საკითხებზე მუშაობს, სხვაგან ალბათ მოთმინება არ ექნებოდათ, მხედველობაში მიეღოთ ჩემი სიტუაცია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ჰარი ვაისმენმა.

კანონი როგორ დაგიცავდათ, სხვა კომპანიაში რომ გემუშავათ? – ვკითხეთ ჰარის.

„კანონი ძირითადად დამეხმარებოდა, მუშაობს ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუმცა ამ დროს იქმნება ე.წ. ნაცრისფერი ზონა: არც იქეთ და არც – აქეთ. ბევრი სირთულე არსებობს კანონის არსებობის მიუხედავად.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დისტანციური დასაქმების შესაძლებლობა არსებობს, შესაძლოა, ეტლით მოსარგებლეებს მაინც უარი უთხრან დასაქმებაზე, რადგან ის სამუშაო ადგილზე მისასვლელი შეიძლება დარჩეს პერიოდულად, კომპანიას კი, ამ დროს ეტლით მოსარგებლისთვის ადაპტირებული გარემო არ ჰქონდეს,“ – გვითხრა ჰარი ვაისმენმა.

გადაბეჭდვის წესი